აფხაზეთის ა/რ 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

2019 წლის  აფხაზეთის ა/რ განახლებული მთავრობის მიერ განხორციელებული  სტრუქტურული რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებულმა სამთავრობო პროგრამამ ახალი რეალურ გამოწვევებზე ორიენტირებული მოთხოვნები წამოსწია  და დააყენა ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონის წინაშე.  ბიუჯეტის ფორმირებაში და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების  ხელმძღვანელები, ბიუჯეტთან დაკავშირებით გავლილ იქნა კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის  და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში.

დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს ახალ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე, დევნილებზე ადაპტირებული მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების ამოქმედებაზე, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერაზე, ნდობის აღდგენისა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გრძელდება ჯამრთელობის  დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და აგრარულ სფეროებში წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აქცია - „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

საახალწლო ნობათი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სხვ.

საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების ახალი წესის პროექტის განხილვა

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და  დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების  წესის პროექტის განხილვა, რომელსაც   სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,  აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების  წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილულ იქნა შესაბამისი მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით და აღინიშნა  წესის მიღების აუცილებლობა.

წარმოდგენილი ბრძანების პროექტის მიღება ხელს შეუწყობს რესპუბლიკური ნაერთი (კონსოლიდირებული) და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგებების საიმედოობისა და შესადარისობის გაუმჯობესებას, შესაძლებელს გახდის ბუღალტრული აღრიცხვის სათანადოდ წარმოებას და შესაბამისი რესპუბლიკური  ნაერთი (კონსილიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

სადღესასწაულო ნობათი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 2001-2019წწ. დაბადებულ ბავშვებს, ომში დაღუპული პირის ოჯახის წარმომადგენელს, ხანდაზმულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და გადასცა საახალწლო საჩუქარი - სასურსათო პაკეტი (ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი).

რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილ მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე მათი საყვარელი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, მათ საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ფოცხოეწერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით კავკასიური სოჭის ნერგები და 70 ძირი ელდარის ფიჭვი დაირგო. 

ფოცხოეწერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

შეხვედრა შედგა 2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში. სადაც აღინიშნა, რომ 2019 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად საგრძნობლად გაფართოვდა სამინისტროს საქმიანობის არეალი.შეხვედრაზე განხილულ  იქნა შიდა აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის  დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსაზრებით, 2020 წელს შესაძლებელია განხორციელდეს პილოტური სისტემური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა აუდიტის სუბიექტების მონაწილეობით.

 

დევნილი ბავშვები სპექტაკლის „ყინულის დედოფალი“ პრემიერას დაესწრნენ

მარნეულის კულტურის სახლში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მარნეულის თეატრის სპექტაკლის „ყინულის დედოფალი“ უფასო ჩვენება მოეწყო. სპექტაკლი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და მარნეულის თეატრის მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლის შემდეგ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზური ენის სწავლების მხარდასაჭერად

ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის მე-3 სასწავლო სამეცნიერო ექსპედიცია ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო სკოლისათვის აფხაზური ენის სწავლების მხარდაჭერა, სწავლებაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება.

ექსპედიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე ამ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა და აფხაზური ენის სწავლების შესახებ მათი შეხედულებები მოისმინა. საინტერესო დიალოგში მთელი დარბაზი ჩაება.

სტუმრებმა დაათვალიერეს ენების კაბინეტი, სადაც გამოფენილი იყო აფხაზური ენის მასწავლებლის ხატია ზაქარაიას და აფხაზური ენის წრის წევრების მიერ შექმნილი საგაკვეთილო რესურსები. გამოითქვა მოსაზრება, რომ რესურსების განზოგადება ხელს შეუწყობს სხვა სკოლის მასწავლებლებსაც. შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებიასთვის ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. მათ ასევე გაიგეს, თუ რა იგეგმება სამომავლოდ აფხაზური ენის სწავლების მეთოდური უზრუნველყოფისთვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს ულოცავს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გამოთქვამს უდიდეს მადლიერებას საქართველოს პატრიარქის მიერ გაწეული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში შეიტანა. უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას  ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ.

სამინისტროში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ამხანაგობების თავმჯდომარეობის კანდიდატთა განცხადებები, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას პირველადი რეგისტრაციისათვის.

რუსლან აბაშიძე საქართველოში UNHCR-ის ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და სხვა.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

რუსლან აბაშიძე მიხეილ ჩხენკელს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომელი მარინა შენგელია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზური ენის სწავლების გაძლიერებაზე. განიხილეს კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობას განათლების, კულტურისა და სპორტის  მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე.

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.

ფარული კენჭისყრის საფუძველზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ნამუშევრისთვის 2019 წლის პრემია მხატვარ ჯემალ ბასარიას მიენიჭა. გამარჯვებულს ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ პროექტში მონაწილე ხელოვანებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ ერთ გამარჯვებულზე - 2000 ლარის ოდენობით გაიცემა. პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევარს ენიჭება. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები ძირითადად აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.

რუსლან აბაშიძე ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.