«მაისი 2025»
ორსაოთხუპაშაკვ
28
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
ნანა გაბელია წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორის, დავით საყვარელიძის მიწვევით წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის გახსნას დაესწრო.

ფესტივალის ფარგლებში ნანა გაბელია და დავით საყვარელიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კატრინ ბუდდეს შეხვდნენ. შეხვედრას,ასევე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრეს. ასევე, ამ სფეროს წარმომადგენელთა მუდმივი მხარდაჭერის აუცილებლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

წინანდალში,

31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები და შემსრულებლები მონაწილეობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია საქართველოს პარლამენტის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიას შეხვდა

 

შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი პუბლიცისტი და მეცნიერი იაკობ ოფირი - ეფრემაშვილი, რომლის წიგნის პრეზენტაციაც აღნიშნულ კონფერენციაზე იგეგმება.

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციით გაგრძელდა.

"ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლისთვის, დიდი პატივი და უაღრესად საინტერესო იყო კონფერენციაში მონაწილეობა. ჩვენი ისტორიისა და მომავლის დაცვას ყოველთვის სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება და ინფორმაციების მიწოდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ამ ყველაფრის საფუძველი კი განათლებასა და მეცნიერებაშია.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ისრაელის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ იაკობ ოფირს. გარდა იმისა, რომ მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, დასაფასებელია, ის დახმარება, რომელიც ბატონმა იაკობმა 90-იან წლებში ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს გაუწია. საქართველოსა და ისრაელს ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც არ არის უბრალოდ ძმობა და მეგობრობა, არამედ ეს არის უდიდესი თავგანწირვისა და თანაცხოვრების მაგალითი, რომლითაც შეიქმნა ბევრი ცივილიზებული ისტორიული პროცესი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, საზღვარგარეთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“, რომლებმაც უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს აფხაზურ ცენტრს და აქტიურად ცდილობენ ქართულ-აფხაზურ საკითხებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას. დასაფასებელია მათი მონდომება, ინიციატივები, რომლებიც ქმნიან მთელ პროცესს, მიმდინარეობასა და ციკლს ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

ძალიან მახარებს, ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება და ჩართულობა ქართულ-აფხაზური საკითხების მიმართ. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, საერთო კეთილდღეობა არის თითოეული ჩვენგანის მომავლის გადარჩენის პირველი ამოსავალი წერტილი, ამ საქმეში კი ახალგაზრდებსა და მათ სულისკვეთებას განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც ჩვენი სამშობლოს იდენტობისა და თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროცესი სწორედ მათი აქტიური ჩართულობით გადაწყდა. ჩვენ კი, ვეცდებით, მათ მხარდაჭერას ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობებით.

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის ყველა ორგანიზატორსა და განმახორციელებელს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენციის მოწყობისათვის. ახალგაზრდებს კი, მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი არის აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებით და თქვენ უნდა იყოთ ის ძლიერი ძალა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს." - დავით ფაცაცია

დავით ფაცაციამ საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების

სააგენტოს ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის, კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის მხარდაჭერით საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე 25 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ კრეტაზე, ქ. ხანიაში მსოფლიო საპატრიარქოს კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის საერთაშორისო მულტიკულტურულ ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, დაეთვალიერებინათ კუნძულ კრეტას ისტორიული ადგილები, შეეძინათ და განევითარებინათ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სხვა უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო ბანაკი ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის დირექტორის ბესიკ სილაგაძისა და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძის უშუალო ჩართულობით, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საერთაშორისო ბანაკის დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევისთვის, მსოფლიო საპატრიარქოსა და საერთაშორისო ბანაკის ყველა მხარდამჭერს, რომელთა თანადგომითა და დახმარებითაც კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განვახორციელეთ.

ბედნიერი ვარ ახალგაზრდების შთაბეჭდილებების, განწყობების მოსმენით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ახალგაზრდები, ეს თაობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა საქართველოს სიმტკიცისა და გაძლიერების, იმ ერთიანი სამშობლოს საფუძვლისა, რომელსაც გაბრწყინებული საქართველო, სიყვარული და ღმერთის რწმენა ჰქვია.

ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო მეტი დევნილი ახალგაზრდა ჩაერთოს მასში და მიიღოს კარგი გამოცდილება, რომელიც მჯერა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების მომავალ წარმატებებსა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერების საქმეში.“- დავით ფაცაცია

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

ნანა გაბელია ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესთან დაკავშირებით ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში განთავსებული აფხაზეთის სკოლების მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრების მონაწილეებმა სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა აფხაზეთის საჯარო სკოლების ხელმძღვანელებთან, პედაგოგებთან. ეს ადამიანები განსაკუთრებულ საქმეს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას ემსახურებიან. ზემოაღნიშნული პროცესების მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება“-განაცხადა მინისტრმა.

სამუშაო შეხვედრებს, ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე ესწრებოდნენ.

ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლებში მსგავსი ხასიათის შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

 

ანზორ მარგიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც, წელს პირველად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართა.

ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და, კიდევ ერთხელ, თანაგრძნობა გამოუცხადეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას  ესწრებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო.

2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი „სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.  

 

ლევან თევზაია ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობით გამართულ თაფლის ფესტივალს დაესწრო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან გოგიტა თედორაძესთან ერთად, ბათუმში გამართულ ფესტივალზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა.

თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ,მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა წარადგინეს.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.

ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

რუსლან აბაშიძემ ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დაბა შეკვეთილში ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი დასრულდა.

მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ სერტიფიკატები გადასცეს.

მთავრობის წევრებმა ბანაკის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

პროექტის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მედია პროდუქტების მომზადების შესახებ, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

 

შეხვედრა კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტთან

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კუნძულ კრეტაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტ დამასკინოსს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტ დამასკინოს მადლობა გადაუხადეს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.

კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტ დამასკინოსმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და მზადყოფნა გამოხატა სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.  

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.

ელისო გვასალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნინო ენუქიძეს შეხვდა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნინო ენუქიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმების, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათ შორის აგრარული საქმიანობის ხელშეწყობის ჭრილში პროექტების განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს.

ასევე, სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადმოცემული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების ეფექტურად გამოყენების მიზნით, გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემის შესაძლებლობზე.

სამუშაო შეხვედრას ,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტო"-ს თავმჯდომარე ვასილ ბაბუნაშვილი და "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ.

ელისო გვასალიამ ქუთაისში მდებარე „ბიზნეს-ინკუბატორში" სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია, ქუთაისში მდებარე „ბიზნეს-ინკუბატორს" ესტუმრა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ საგრანტო პროექტის განმახორციელებელ სამეცნიერო ჯგუფთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან შეხვედრა გამართა. ასევე, პროექტის ფარგლებში შექმნილი, საცდელი ნიმუშების კონსტრუქციები ადგილზე დაათვალიერა.

აღნიშნული საგრანტო პროექტი - ,,ახალი ტიპის კონუსურ ტურბინიანი ქარძრავა სივრცითი წონასწორობის უზრუნველყოფით“- მიზნად ისახავს ავტომატური მართვის მექანიზმებით აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგ და უსაფრთხო მასობრივი მოხმარების ქარძრავის შექმნას.

შეხვედრას საგრანტო პროექტის განმახორციელებელი სამეცნიერო ჯგუფის წევრები, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატის, სამინისტროსა და ბიზნეს-ინკუბატორის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი გაბედავა დანიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი გაბედავა დანიშნა. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს ახლადდანიშნული მინისტრი პირადად წარუდგინა.

გიორგი გაბედავას მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. იგი მინისტრად დანიშვნამდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი გიორგი გაბედავა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე ინიშნებოდა.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის პირველ მოადგილედ თემურ გასვიანი წარადგინა, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას განაგრძობს მარინე გითოლენდია.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ხანიას მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხანიას მუნიციპალიტეტის მერს პანაღიოტი სიმანდირაკისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. გამოითქვა მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ხანიას მუნიციპალიტეტის მერს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე.

გიორგი გაბედავამ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოქმედ, ქართულ ეთნო-კულტურულ ცენტრს ,,კავკასიონი“ აფხაზური ცეკვის ფორმები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, მიზნობრივი პროექტის ფარგლებში, ქართულ ცენტრთან არსებულ ანსამბლ "მედეას" მოცეკვავეებს აფხაზური ცეკვის ფორმები გადაეცათ შემდგომში ნიდერლანდებში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მთლიანად დაეთმობა საქართველოს თემატიკას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისათვის ქართულ-აფხაზური კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას. პროექტი განხორციელდა მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის "დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა" ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა და მათი პრობლემების იდენტიფიკაცია, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ქართული დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურება და ქართულ-აფხაზური კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.