დავით ფაცაციამ მოზარდებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორთან - ბესიკ სილაგაძესთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს მოზარდთა თავშესაფარში იმყოფებოდა.
 
დავით ფაცაციამ მოზარდებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით შეგროვებული წიგნები გადასცა.
რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს კლინიკა „ახალ მზერაში“ მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამით მოსარგებლე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ. ოპერაციები კლინიკის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა ჩაატარა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა ესწრებოდნენ.

ლაზერული მკურნალობის წინ ყველა პაციენტს სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ. სადიაგნოსტიკო კომპიუტერული სისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალური პროგრამით.

ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანას ფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით იქ არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აღნიშნული კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრები, მოუსმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალურ მომსახურებაზე ზრუნვისათვის და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიწოდება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კონფლიქტის მოგვარების, რამეთუ ვფიქრობ, ყველაზე კარგი საურთიერთობო ენა არის ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეები გადმოდიან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურებები და მათში კმაყოფილების ინდექსი არის საკმაოდ მაღალი. თუმცა არის გარკვეულწილად პრობლემური საკითხებიც, მათ შორის, საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, ასევე, ამ სერვისების არსებობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობაზე. აშკარად გასაუმჯობესებელია ინფორმაციული უზრუნველყოფა, რათა იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა იცოდნენ რომ გარკვეული სარგებელი არსებობს მათთვის და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამასთანავე ყველა პროგრამას სჭირდება მიმდინარეობის ეტაპზე გარკვეული კორექტირებები, ზედამხედველობა და სწორედ ამაზე იმსჯელეს შეხვედრაზე. მისი თქმით, სოციალური მომსახურების კუთხითაც გარკვეული საკითხები არის გასაუმჯობესებელი.

„სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. იქ ადგილზე, კერძოდ, გალის რაიონში, სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული სექტორი მუშაობს, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების კუთხით, სადაც ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება სამედიცინო სერვისები. თუმცა, არის სამედიცინო მომსახურების ის სახეები, რომლებიც ადგილზე ვერ ხორციელდება და ამისათვის მოქალაქეები გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტის მართვასაც სჭირდება გარკვეული საფინანსო კონტროლი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სისტემა იყოს უფრო მეტად გამართული და ეფექტური და, შესაბამისად, მოქალაქეებმაც უფრო მეტი სარგებელი მიიღონ. რაც მთავარია, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იმისათვის, რომ ურთიერთობები აღდგეს და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოებრივი მართვაც სრულფასოვანი გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რუსლან აბაშიძესა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელმძღვანელს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელმძღვანელ იან ბლინკას შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. საუბარი შეეხო, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პრიორიტეტულ მიმართულებებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს საქართველოში.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები დევნილი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სამთავრობო კომიისის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა. მან მიმოიხილა 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირება, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას, აღინიშნა 2010 წელს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყების მნიშვნელობა, რათა შერიგების პოლიტიკის ახლებური ხედვა და მიდგომები ასახავდეს არსებულ რეალურ საჭიროებებს.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა; კომისიის წევრები არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს პროგრამებს იმერეთში, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები გაეცნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის კომპაქტური ჩასახლებების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა ამხანაგობების წარმომადგენლებს გასული წლის მოკლე ანგარიში წარუდგინა, ასევე, გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამები.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.

რუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც იაპონია საქართველოს მიმართ გამოხატავს.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას იაპონიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების მდივანი თეონა მაჭარაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მაესტრო გურამ ყურაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანლისა და მთავარი დირიჟორის, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატის გურამ ყურაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
 
გურამ ყურაშვილის წარმატებული შემოქმედებითი გზა აფხაზეთიდან დაიწყო. ის ჯერ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა 1981 წელს ქ. სოხუმში მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელის ჩამოყალიბება ანდეს.
 
გურამ ყურაშვილის გუნდმა, რომელშიც 12 ეროვნების 70 მოსწავლე გაერთიანდა, მალე მოიპოვა ლიდერობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიერკავკასიის მუსიკალურ (1983 წ.) და ქ. გორის საგუნდო (1987-88 წწ.) ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების შემდეგ მისი საშემსრულებლო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. 1987-1988 წლებში უნგრეთში, ქ. კომლოში ზოლტან კოდაის სახელობის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი მოიპოვა.
 
1988 წელს, კვლავ უნგრეთში, ქ. დებრეცენში, ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე, აფხაზეთის ბავშვთა კაპელამ მასპინძლებთან პირველი ადგილი გაიყო და ოქროს მედალი დაიმსახურა. სოხუმელებმა დაჩრდილეს 64 ქვეყნის საგუნდო კოლექტივი, გურამ ყურაშვილს, როგორც საუკეთესო დირიჟორს, ოქროს მედალთან ერთად ფულადი პრემიაც გადაეცა...
აფხაზეთის ბავშვთა კაპელა საშემსრულებლო ხელოვნების ახალ–ახალ მწვერვალებს იპყრობდა, როცა მისი არსებობა აფხაზეთის ტრაგედიამ შეწყვიტა...
 
1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „,ბარბერ-შოფ“. 1998-2004 წლებში ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში მონაწილეობს.
 
2005 წლიდან გურამ ყურაშვილი ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და 2007 წელს აყალიბებს აფხაზეთის ახალგაზრდულ კამერულ გუნდს, რომელმაც სოხუმის ბავშვთა გუნდის ტრადიცია „გაიმეორა“: მისი პირველი ტრიუმფი 2008 წლის ივლისში ისევ უნგრეთის ქ. დებრეცენში, ბელა ბარტოკის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე შედგა. აქ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელაც გამოარჩიეს. მას „ვარსკვლავი აფხაზეთიდან“ უწოდეს.
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აფხაზეთის მკვიდრთათვის რთულ პერიოდში, გურამ ყურაშვილი და მის მიერ შექმნილი ახალგაზრდული კაპელა ისევ წარმატებული დაბრუნდა ევროპიდან.
 
აფხაზეთის საგუნდო კაპელა მალე ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო, განსაკუთრებული ხმის კოლექტივად იქცა, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.
 
მაესტრო გურამ ყურაშვილმა თავისი განსაკუთრებული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე.
ძალიან დასანანია, რომ მაესტრო გურამ ყურაშვილს ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, რომელსაც ახლა სწორედ მისი სახელობის კაპელა აგრძელებს.
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლაზერული მკურნალობის წინ ყველა პაციენტს სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ. სადიაგნოსტიკო კომპიუტერული სისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალური პროგრამით.

აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებს ლაზერული მკურნალობა თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი ესწრებოდნენ.

ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანას ფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.

სამინისტროს თანამშრომლები შრომის კოდექსის ახალ დებულებებსა და შრომითი ხელშეკრულების პირობების საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგს დაესწრნენ

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს პროფესიული გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები საქართველოს შრომის კოდექსის ახალ დებულებებსა და შრომითი ხელშეკრულების პირობებს გაეცნენ. ასევე, იმსჯელეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ დისკუსია წარიმართა.

 ტრენინგი 14 აპრილს, წყალტუბოში, სასტუმრო "პლაზაში" ჩატარდა.

 

 

14 აპრილი - დედაენის დღე
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, მას აქვს საკუთარი ანბანი და დამწერლობა. "ქართული ანბანის სამ უძველეს სახეობასა" (ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს) და „დედაენას“ ეროვნული კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, ისინი სახელმწიფოს იდენტობის ნაწილს წარმოადგენენ და მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას უზრუნველყოფენ.
 
1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა მხოლოდ რუსული უნდა ყოფილიყო. ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი წინ აღუდგა და ენის ღირსების დასაცავად მასობრივი გამოსვლები დაიწყო. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
 
,,ამ დღეს სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე დარჩენილმა ხალხმა მსოფლიოს უჩვენა, თუ რამდენს ნიშნავდა ქართული ენა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ქართველის ერის ერთსულოვანი ძალისხმევით საბჭოთა კავშირში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ეს უნიკალური ენა.
 
დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ქართული საზოგადოების ისევ ერთად დგომა და ერთობლივად სახელმწიფოს იდენტობის ნაწილის, მშობლიური ენის დაცვა.
გილოცავთ დედაენის დღეს!" - დავით ფაცაცია.
დედა ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებშიც აღინიშნა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა მოსწავლეებს უამბეს, რომ 1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე გამოსულმა ახალგაზრდებმა საბჭოთა ხელისუფლებას ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევა არ დაანებეს. საუბრის ბოლოს კი ამ მოვლენების ამსახველი ვიდეო-მასალა უჩვენეს.
 
აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში მოეწყო მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები, რომელთა გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
 
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში, საქართველოს ჰიმნთან ერთად დედაენის ჰიმნი შესრულდა. სკოლის ფოიეში გამოიფინა ქართული ასოების თემატიკის ამსახველი ნაქარგები, ნახატები და კედლის გაზეთები.
 
მოსწავლეებმა ყველა სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად დედა ენაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძების ფარგლებში უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური ფოტოების და ხელნაწერების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაზე ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ. ჯილდოები გადაეცათ, ასევე, ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა - ქართული“ გამარჯვებულ 1+4 პროგრამის სტუდენტებს.

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

საგრანტო პროექტების წერის შემსწავლელი კურსი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „საგრანტო პროექტების წერის შემსწავლელი კურსი“.
 
პროექტის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი ცერემონიალი გაიმართა, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვნენ სპეციალური პრიზებით.
 
პროექტში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა და სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა. პროექტის ამოცანაა მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის საბაზისო ცოდნა, რაც დაეხმარებათ საგრანტო პროექტების წერაში და ამით კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების პოტენციალის მიზნობრივი განვითარებისა და აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში უფრო ეფექტური ჩართულობის ხელშეწყობას.
 
პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტების მენეჯერის კნუტ გერბერისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.