აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქველმოქმედო საღამო სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღეს მიეძღვნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო საღამო - „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა. საღამოს მსვლელობისას „კათარზისელებმა“ და აფხაზეთის შემოქმედმა ახალგაზრდებმა კონცერტი მოაწყვეს. იმ დღეს მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს სადილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უმასპინძლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარმა მამა ლევანმა და სხვა სტუმრებმა მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს დედის დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან. საღამოს უძღვებოდა სახელოვნებო განათლების განყოფილების სპეციალისტი ნონა ბერაია.