აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„პატივი მინდა მივაგო 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა. პირველივე დღეს საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა საუკეთესო ახალგაზრდები, საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე.
სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამის ნათელი მაგალითია. საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრეობა დღესაც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ძალიან ტრაგიკულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს მუდმივ ძალადობას აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე. ოკუპაციის პირობებში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას აფხაზური ეთნოსის კულტურის და ენის თვითმყოფადობა. გარდა ამისა, აფხაზეთში მიზანმიმართულად აყალბებენ ისტორიას და წერენ მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივას. საბედნიეროდ, 1921წლის 25თებერვლისგან განსხვავებით, დღეს საქართველო საერთაშორისო სისტემის ნაწილია. ეს მოცემულობა ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევძლოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და დეოკუპაცია“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები. ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
2021 წლის 10 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის უფროსი ბატონი თ. ცინარიძე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის’’ მენეჯერი ნინო კიკნაძე, სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი გოგიტა თედორაძე და ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით რაფავა ეწვივნენ აფხაზეთიდან დევნილ ინ. მეწარმეს ია ხარჩილავას და გაეცნენ მის საქმიანობას. დაათვალიერეს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სამკერვალო ტექნიკა. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ თანადამფუძნებელს. საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის, მცირე ბიზნესის მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა აპლიკანტმა - აფხაზეთიდან დევნილმა ინდ. მეწარმემ ია ხარჩილავამ, ორგანიზაციის მიერ შეძენილი ტექნიკის მეშვეობით გააფართოვა ბიზნესი და შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს ოკუპირებულ გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!
ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ველით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვიმართლდეს.
განსაკუთრებულად ვულოცავ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც პროფესიული თავგანწირვის და ადამიანური შესაძლებლობის რესურსების ზღვარზე გაიარეს.
ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ იძულებით დაშორიშორებულ საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს.
ჩვენი ვალია, ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები, ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და წინ აღვუდგეთ საყოველთაო გათიშულობის მცდელობას.
ვისურვებდი, რომ 2021 წელი ყოფილიყოს, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის, ერთობის, ურთიერთგაგების და თანადგომის წელი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და აფხაზეთის საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს. მშვიდობის, სტაბილურობის და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში შემავალი უწყებების 9 თვის ანგარიში მოისმინა. სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს მათ მიერ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინეს.
ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ორგანიზებით ქალაქ ზესტაფონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, ელისო ჯაოშვილის მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.
ზესტაფონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
შეხვედრაზე ასევე „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ დირექტორი ვახტანგ ფოჩხუა და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია იმყოფებოდნენ.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დღესვე, თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონში 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატივი მიაგეს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. მიმდინარე ოკუპაციის, არსებული სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს, ვინაიდან მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ერთობლივ დოკუმენტს ხელი უწყების ხელმძღვანელებმა მოაწერეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმაც. ივანე დოლიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებები და თემატური ხასიათის შეხვედრები. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომლები მათთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების, გადამუშავების და სხვა საკითხების შესახებ საქსტატისგან პროფესიულ კონსულტაციებს და რჩევებს მიიღებენ.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მემორანდუმი ორი უწყების თანამშრომლობას კიდევ უფრო განამტკიცებს და მხარეები ერთმანეთისთვის საჭირო ინფორმაციას გაცვლიან. კერძოდ კი, დოკუმენტის თანახმად, დაინტერესების შემთხვევაში საქსტატი უწყებაში არსებულ სტატისტიურ ინფორმაციას, კვლევებს და სხვა მონაცემებს მიაწვდის სამინისტროს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად აფხაზეთში, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
“14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 28 წლის წინ უცხო ძალის მიერ ინსპირირებულმა დაპირისპირებამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა აფხაზეთის საზოგადოება.
დიდი ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის და სხვა მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის დევნილი საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეოკუპაციისა და დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარებისათვის.
პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მჯერა, მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზებს, გავაერთიანებთ აფხაზეთის საზოგადოებას და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.