მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

კულტურის ცენტრ „ოდიშის"  საკონცერტო დარბაზში ზუგდიდში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა. დამსწრე საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მსახიობი დიმიტრი ჯაიანი და სხვადასხვა ფოლკლორული და თვითშემოქმედების კოლექტივები წარსდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი აფხაზეთიდან დევნილი როლანდ ჯობავა იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულმა ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს, მორიგი სერვისი შესთავაზა დღის სტაციონარის სახით.

დღის სტაციონარი პოლიკლინიკაში ახლახან გაიხსნა და ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადასცა. აპარატურის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია, მეორე ნაწილი კი შემდეგ კვირას დამონტაჟდება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში მსგავსი სერვისის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დევნილ პაციენტთა მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით იგივე იგეგმება აფხაზეთის სხვა პოლიკლინიკებშიც.

„ჩვენი დევნილებისთვის  მათ ჯანმრთელობასთან   დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.  ვფიქრობ, დღის სტაციონარი ერთ-ერთი იმათგანია, რაც მნიშვნელოვნად წაადგებათ ჩვენს დევნილებს. არის პაციენტთა კატეგორია, რომლებსაც სტაციონალური მკურნალობა  ესაჭიროებათ. ახალმა  სამედიცინო აპარატურამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩავატაროთ  სამედიცინო მანიპულაციები, რომელებსაც ადგილზე რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმი ესაჭიროება.  პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დღისით მოვიდეს, დაწვეს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება და საღამოს შინ დაბრუნდეს. ეს კი ენგურს გაღმიდან გადმოსული მოსახლეობისათვის, ვგულისხმობ გალს, ოჩამჩირეს და ა. შ.  ფასდაუდებელი სამსახურია.

კმაყოფილი ვარ დღევანდელი ღონისძიებით. მადლობას ვუხდი პოლიკლინიკის ხელმძღვანელ თამაზ ჯანაშიას გაწეული შრომისთვის. თავდაუზოგავი მუშაობისთვის მას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადავეცით. ყველას ვულოცავ დღის სტაციონარის პოლიკლინიკის ბაზაზე დანერგვას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში შემოვიდა ახალი მომსახურება, რაც იმის საწინდარია, რომ მსგავსი მომსახურება  სხვა პოლიკლინიკებშიც დავნერგოთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და მინისტრის პირველ მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთის სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მერი გაფრინდაშვილს, ვალია წურწუმიასა და თინა გვარამიას მასწავლებლის დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს. ასევე მათი დამსახურებისთვის  საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცეს. პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების წლები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება, მათთვის პატივის მიგება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ამ დღის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის გახსნის ცერემონია გაიმართა. სანერგე მეურნეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, მისი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) და კავშირ-ასოციაცია „აგორას" ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურდების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამათავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხე-ტყის დამზადების სამსახურის უფროსი გრიგოლ ბლიაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორას" აღმასრულებელი დირექტორი თენგის სვანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით" დაცული მცენარის - კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღიჭურვა 500 მ2 სათბური და დაირგო 30 000 კოლხური ბზის ნერგი.

რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50 000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ სკოლებს, გამგეობებსა და ეპარქიებს. საბაზისო სანერგე ხელს შეუწყობს უფრო მცირე სანერგეების განვითარებას რეგიონში და მთელ საქართველოში, რაც აუცილებელი პირობაა ბზის გადასარჩენად. დაგეგმილია ნერგების ნაწილის აფხაზური მხარისათვის გადაცემა.

ღონისძიებებას დაესწრებიან პროექტში ჩართული მხარეების, სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წამომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

თბილისში გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ასევე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა მოსახლეობამ პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლებს და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში გადაიხადეს.

5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით  „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა" გამართა. საღამოს მუსიკისმცოდნე, მარიკა ნადარეიშვილი უძღვებოდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე,თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები დარეჯან მახაშვილი, თემურ ელიავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი,  კომპოზიტორები ლელა მაქარაშვილი, ლალი საბანაძე, გოგი შავერზაშვილი; ლევან ტაბატაძე, მაგდა ჭიჭიაშვილი, ალექსანდრე  თიბელიშვილი, თამთა კორძაია, ზაზა ხამათაშვილი, ნონა და ირაკლი კორიფაძეები, სიმებიანი კვარტეტი „იბერი", აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სოლისტები სოფიო ქირია, თორნიკე მანწკავა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. ფოთში, სენაკში, ხობში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხასა და ზუგდიდში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და გმირთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს.

სენაკში ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება, საჯარო ბიბლიოთეკაში კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემისადმი მიძღვნილი ლიტერატურისა და პერიოდული პრესის გამოფენა მოეწყო, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში თეატრ „ფიროსმანის“ სპექტაკლი „ჯვარცმული ბედნიერება“ დაიდგა.

აბაშაში #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“ გაიმართა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ ფილმი და შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ.

მარტვილში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადასცა.

ჯვარის კლუბის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ზუგდიდში მერიის ინიციატივით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი დაიდგა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა.

იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვახტანგ ყოლბაია შეხვდა ვეტერანებსა და ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხონის თეატრში გამართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღის" სპექტაკლს „გამარჯობა სოხუმო" დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პროექტის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაო და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას ისეთ პროცესებში, რომელიც ნდობის აღდგენასა და შერიგებას ემსახურება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" დირექტორი გიგა გაბელაია და ამავე ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბელა სარია.

ზემოთაღნიშნული პროექტი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის" თანამშორომლობით განახორციელდა, რომლის მიზანი იყო, ერთი კვირის განმავლობაში ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური უნარ -ჩვევების გამომუშავება, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. კვირეული გაიმართა ზუგდიდსა და თბილისში. პროგრამის პარალელურად მოეწყო კულტურულ -შემეცნებითი ტურები. პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში".

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 23 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ სიმინდის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.

მიწის დამუშავებას დევნილები ახორციელებენ და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.

მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სარგელობის უფლებით გადმოეცა.

„ქართულ-აფხაზური საგას" ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის, „მამულისათვის თავდადებული" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-აფხაზურმა საგამ" ბათუმის მერიის მხარდაჭერით გამოსცა.

მასში აღწერილია ჟიული შარტავას დამოკიდებულება აჭარის და სრულიად საქართველოსადმი. წიგნში 70-მდე ავტორის წერილია. ისინი იცნობდნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ჟიული შარტავასთან.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერე გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები დიმიტრი ჯაიანი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზურაბ ლომთათიძე, „ქართულ აფხაზური საგის" ხელმძღვანელი პროფესორი ნათელა დუმბაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. საღამოს ნათელა დუმბაძე უძღვებოდა.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს . ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟიული შარტავას მეგობრებმა. ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ.

2016 წლის 17-19 სექტემბერს კორეის რესპუბლიკის მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (HWPL) კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში მსოფლიო რელიგიათა ალიანსის მე-2 ყოველწლიური მშვიდობის სამიტი გამართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მთავრობის ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები მსოფლიოს 120 ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდან სამიტში მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იღებდა.

სამიტში 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობდა და მისი მიზანი იყო ,,მშვიდობის დამყარებისა და ომის შეწყვეტის დეკლარაციის შესახებ" სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგებლების მიერ გამოცდილების გაზიარება მსოფლიო მშვიდობის გამოწვევებსა და უსაფრთხოების პერსპექტივებზე. ფორუმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტები, ერთმანეთს გაუზიარეს კონფლიქტის შედეგები და მიაწოდეს ინფორმაცია მის გადასაჭრელად გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.

აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

სეულის მსოფლიო რელიგიების ალიანსის ყოველწლიური სამიტი მშვიდობის ფესტივალით დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ სომეხ ხალხს, სომხეთის ხელისუფლებასა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება იური ვარდანიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს. სომხეთის რესპუბლიკას ვუსურვებ მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას, რომელიც ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს როგორც შიდასახელმწიფოებრივი კეთილდღეობის, ასევე რეგიონში მშვიდობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა, საერთაშორისო ლაბორტორია „CYLAND"-მა და არტცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - „სფუმატო" წარმოადგინა.

მედია არტ ლაბორატორია „CYLAND" არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. „CYLAND"-მა „სფუმატო"-ს გამოფენაზე წარმოადგინა ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის და ალექსეი გრაჩოვის ინსტალაციები.

არტ-ცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" ექსპოზიციაზე ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ  ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ფოტოგრაფია, როგორც რეალობის ფიქსაცია ფიზიკური და ქიმიური პროცესების დახმარებით ახდენს რეალობის ტრანსფორმაციას და ჩვენს თვალწინ ირაციონალური, პარალელური სივრცე წარმოიშვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანი ადამიანები ესწრებოდნენ.