- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათთან არსებულ პრობლემებს. ჯვარში ამჟამად 3000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. მათი ძირითადი პრობლემები ჯანდაცვის საკითხებსა და დასაქმებას ეხება. ვახტანგ ყოლბაიამ ასევე მოინახულა ოჯახი, სადაც რამდენიმე მძიმე ავადმყოფი ცხოვრობს.
„დევნილთა მხრიდან იყო თხოვნა, რომ მივსულიყავით მათთან, ჯვარში, რადგან სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. მათთვის, როგორც თავად განაცხადეს, უმნიშნელოვანესია პროფილაქტიკური გამოკვლევები და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენცია, რომელიც საშუალებას იძლევა სწორად დასმული დიაგნოზის საფუძველზე ჩაიტარონ მკურნალობა. ამის მიღწევა კი მხოლოდ წისასწარი პროფილაქტიკური გამოკვლევების პირობებშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ხშირად ჩავატაროთ გამოკვლევები. ზუგდიდში ახლა დავასრულეთ გამოკვლევები, რომელმაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა მოიცვა. ჩვენ ვარიგებთ მაღალი ხარისიხის მედიკამენტებს მოსახლეობაში, რა თქმა უნდა უფასოდ, რომ მათ პრობლემები არ შეექმნათ წამლის ფასთან ან მის შოვნასთან დაკავშირებით. დღეს მოვინახულე ოჯახი, რომელსაც ქალიშვილი ჰყავს ძალიან მძიმედ. მისი დედაც მძიმე მდგომარეობაში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა ეხმარება, დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლებით და დამთავრებული ჩვენით, მაინც პრობლემა პრობლემად რჩება და ავადმყოფობა ვერ იკურნება. საქმის კურსში კი გვამყოფებს ჯვარში ჩვენი პოლიკლინიკის ხელმძღვანელი გოჩა ლიპარტია, რომელიც ყოველდღიურ დახმარებასა და კონტროლს უწევს ამ სიტუაციას.
ჯვარში 3000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ადგილობრივს დევნილი მოსახლეობა ჭარბობს. ბუნებრივია, მწვავედ დგას სამუშაო ადგილების პრობლემა. დასაქმების თვალსაზრისით, პრობლემების რაღაც ნაწილი გადაწყდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაოს ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში პოულობენ, სეზონურ სამუშაოებსაც ეტანებიან, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მათ არ გააჩნიათ. ბევრი მათგანი დასაქმებულია ენგურჰესზე. ადრე ფუნქციონირებდა გადამამუშავებელი ობიექტები, მაგრამ ახლა ყველა გაჩერებულია. გაჩნდა ლიცენზიების პრობლემაც ტყის ჭრასთან დაკავშირებით. თანხების ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება ახმარს სოციალურ ობიექტებს, კულტურის სახლის, კულტურული და დასვენების ობიექტების მშენებლობას. მაგრამ ადამიანებს უწინარესად მატერიალური საზრდო ესჭიროებათ, რომ ოჯახები გამოკვებონ. ჩვენ ხშირად ვივლით აქ, რომ უფრო კონკრეტული დახმარება გავუწიოთ ჩვენს დევნილებს. მთავარი კი ისაა, რომ მათ თავი მიტოვებულად არ იგრძნონ, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მედიკამენტები დაურიგდათ. გამოკვლევებში თბილისის რამდენიმე წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის ღუდუშაურის ეროვნული ცენტრიდან, მრავალპროფილური ცენტრი „მზერადან“, ჟორდანიას ინსტიტუტიდან და სხვა.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.
აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.
ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრები ორი ქართველი სიმბოლური ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ემზარ მატკავა და ლევან მორგოშია 14 აგვისტოს, მდინარე ენგურზე თევზაობის დროს დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას პირადად შეხვდა და შინ მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დარღვევის ბრალდებით ქართველების პატიმრობაში აყვანა, იყო უსამართლო აქტი, ვინაიდან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან, მითუმეტეს მეთევზეობასთან და მასთან დაკავშირებულ მოქმედებებთან.
ვახატანგ ყოლბაიამ, ასევე აღნიშნა, რომ მატკავა და მორგოშია ყველაზე მეტად გაახარა იმ ფაქტმა, რომ აფხაზებს ძალიან გაუკვირდათ ქართველების დაკავება და რუსი მესაზღვრეების საქციელი არაკანონიერად მიიჩნიეს. საბოლოოდ კი ეგრეთწოდებულმა სასამართლომ სიმბოლური თანხის 2400 რუბლის ფასად, რაც 82 ლარის ეკვივალენტია, მოახდინა დაპატიმრებულების განთავისუფლება.
„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას მორალური მხარდაჭერისთვის. დღეს მთელი ოჯახი ვიმყოფებით უფასო სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელიც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარდება. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, უშუალოდ შევხვედროდი და მადლობა მეთქვა ბატონი ვახტანგ ყოლბაიასათვის, რომლის თანადგომაც ძალიან დიდი იმედია ჩვენთვის. ასევე მინდა ჩვენი ოჯახების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და შერიგების სამინისტროებს, რომელთა დაინტერესება და მონაწილეობა ამ იმნციდენტში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის შვილმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები ატენის კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში გაემგზავრნენ.
მოზარდები ბანაკში აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გააცილეს.
კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკი გორის რაიონში, კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა, სადაც კარვების ქალაქში 40 მოზარდი 5 დღის განმავლობაში დაისვენებს. პროექტის ფარგლებში მათთვის განხორციელდება როგორც შემეცნებითი, აგრეთვე სპორტულ-გასართობი შინაარსის მრავალმხრივი აქტივობები, რომელთაც უზრუნველყოფენ ახალგაზრდული ორგანიზაცია „კოდის სათემო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები.
მოეწყობა ლაშქრობები იმავე ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მაგალითზეც ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათარიღებისა და მახასიათებლების აღქმის მეთოდებს.
ბანაკში უპირატესად ომის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და კომპაქტურად ჩასახლებულთა ოჯახების შვილები დაისვენებენ.
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 24 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით, რუსთაველის გამზირიდან - გმირთა მოედნამდე მსვლელობა მოეწყო. გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA"-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის მარტივი ტიპის სასათბურე წარმოების განვითარების საგრანტო პროექტის ერთობლივად განხორციელება დაიწყო. პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში შამგონაში, რუხში, კოკში, ჩხორიაში, ორსანტიაში, ახალ აბასთუმანში, განმუხურში, რიყეში, დარჩელში, ანაკლიაში, ცაიშში, მუჟავაში, ფახულანში, ლიაში, ჭალესა და ჯვარში მიმდინარეობს.
ქალაქ ზუგდიდში პროექტ „ZRDA"-ს ოფისში დაინტერესებულ ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დევნილებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ბენეფიციარებს საგრანტო განაცხადის აპლიკაციები და განმარტებითი ბარათები დაურიგდათ.
შეხვედრაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და პროექტ „ZRDA"-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი ედუარდ შერმადინი მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებზე მრავალწლიანი იჯარით 230კვ.მ ან 460კვ.მ კონსტრუქციებს გასცემს, ხოლო პროექტი „ZRDA" სათბურების მოწყობისათვის საჭირო პაკეტებს 100%-ით დააფინანსებს, რომელშიც შედის სასათბურე ფირი, ცელოფნის დამჭერი პროფილები, წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემები.
პროექტით დაინტერესებულმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებმა დევნილებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო განაცხადები 2016 წლის 26 აგვისტოს 17:00 საათამდე პროექტ „ZRDA"-ს ოფისში, მისამართი: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის #3.
აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების" პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებემლა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „GINO-Paradise"-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა-პარკს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 60 მოზარდი სტუმრობდა.
ბავშვებმა „GINO-Paradise"-ის მომსახურებით ისარგებლეს და მთელი დღე წყლის სხვადასხვა ატრაქციონებზე ხალისიანად გაატარეს. მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს უმასპინძლა.
ვახტანგ ყოლბაიამ მუსტაფა ქორქმაზს მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისათვის. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მუსტაფა ქორქმაზს განუცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელიც თურქულმა მხარემ დევნილი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში შეიტანა. ეს ეხება როგორც გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკის წარმოებაში გაშვებას, ასევე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების განსათავსებელი ობიექტის გახსნას.
აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის ახალ გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მუსტაფა ქორქმაზს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის" დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობის ფარგლებში დევნილები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გრძელვადიან და მოკლედვადიან პროფესიულ საგანმანმანათლებლო პროგრამებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან.
ასევე, მხარეები პროექტების ერთობლივად დაგეგმავასა და განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და ორგანიზებით „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის" სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს „C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩაუტარა.
გამოკვლევებს მონიტორინგს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე უწევდა.
„C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონში ჩასახლებულ ყველა დევნილს ჩაუტარდება.
დღეს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე „ილიაობის“ ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაიმართა აფხაზური საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზი ეროვნების სტუმრებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ამ ფორმატით დღესასწაული 2014 წლიდან აღინიშნება და მას უკვე ტრადიციული სახე აქვს. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და პროექტ „ZRDA"-ს წარმომადგენელმა საქართველოში ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ე.წ. „გამყოფ ხაზთან", მდ. ენგურის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილებისათვის საარსებო წყაროების შექმნას გულისხმობს. ამისათვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მასში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტო USAID-ის პროექტ „ZRDA"-ს ტექნიკური მხარდაჭერით ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის 16 სოფელში მცხოვრები დევნილებისათვის 10.000 მ² სასათბურე კონსტრუქციისა და სათანადო აღჭურვილობის გადაცემას ელექტრონული აუქციონის წესით უზრუნველყოფენ.
მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმი წინა წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი აქტივობების, კერძოდ დევნილებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების სასათბურე ბიზნესში ჩართვის პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ვულოცავთ მისი ანგელოზის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.
ღრმად გვწამს, რომ მისი ლოცვების მადლით უფალი ინებებს მოძმე აფხაზ ხალხთან ერთად აფხაზეთის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებას და საქართველოს გაბრწყინებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა