მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

8 ივნისს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს, სოხუმში, ხოლო პირველი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მერე უკვე საქართველოს სხვა თეატრებში.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა.

ამჟამად არის აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2 , მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლო დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გენო კალანდიას საუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი," აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი," აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ჯგუფი „ფორტე," სოფო და ბორის ბედიები. მის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები: მარინა კახიანი, მურმან ჯინორია, მერაბ ყოლბაია, გიორგი გასვიანი, ნინო შავგულიძე, დათო ბერაძე.

საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართება.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა „Dinamik Gelisim Dernegi-მ“ და „ახალგაზრდულმა სივრცემ“ მათ მიერ განხორციელებული პროექტის „Eyes of Cultures“ ფარგლებში შესრულებული ფოტონამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

პროექტის მიზანია თვალსაჩინო გახადოს სომხეთ-თურქეთის, საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტები, რათა ჩამოყალიბდეს მშვიდობის საერთო გაგება კავკასიის რეგიონში ფოტოგრაფიის მეშვეობით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების მიერ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში გადაღებული ფოტოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნდობის აღდგენისა და შერიგების მინისტრი დავით გვაძაბია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მიწის ფართობის ერთ-ერთ ნაკვეთზე ერთწლიანი კულტურის (სიმინდის) მოსაყვანად საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება - ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა და თესვა დაიწყო. აღნიშნულ ფართობის შემდგომ დამუშავებას უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ამ პროექტის უშუალო მონაწილენი და სარგებლის მიმღები პირები იქნებიან.

აღნიშნული მიწის ფართობი სარგებლობის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს 2013 წელს გადმოეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სსიპ „ბიზნესინკუბატორს” ეწვია.

პროექტის მიმდინარეობის პროცესი მთავრობის ხელმძღვანელს „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა – ალუ გამახარიამ გააცნო. მიმდინარე პროექტი მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის მოწყობას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის  მშენებლობა.

პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.

შეხვედრას  ესწრებოდა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით 50 დევნილი ბავშვისათვის კინოთეატრ „ამირანში" მხატვრული ფილმის ჩვენებას გაიმართა. ასევე, 1 ივნისს მოზარდებს თეატრმა „მეორე სახლმა" უმასპინძლა, სადაც პატარები სპექტაკლ „ალადინს" დაესწრნენ.

ფონდი „ერთობას" მხარდაჭერით, თბილისის სასტუმრო „ბახტრიონში" ჩასახლებულ 150 დევნილ ბავშვს სასაჩუქრე ყუთები აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გადასცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის და სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და ქართული ბრენდის „გურჯაანის ნაყინის" მხარდაჭერით, დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ნაყინების თაიგული ბავშვებს", გაიმართა; აქციის ფარგლებში ყველა მონაწილეს ნაყინით გაუმასპინძლდნენ.

კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ფილარმონიაში, ანსამბლ ,,გვირილას'' საიუბილეო კონცერტს - „ოცი წელი სცენაზე" დაესწრნენ.

რიყეზე დევნილმა ბავშვებმა აქცია-მანიფესტაცია „იყოს მშვიდობა" მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე მათი აფხაზი, სომეხი, რუსი და უკრაინელი თანატოლები. რიყეზე გამოიფინა ბავშვთა ნამუშევრები და ფოტოები, ჩატარდა ტრადიციული ასფალტზე ხატვა-კონკურსი „მე ვხატავ მზეს", საზეიმო კონცერტი „ვუმღერით მშვიდობას". ახალგაზრდებმა მსოფლიოს ყველა ეროვნების ბავშვებისადმი სამშვიდობო მიმართვის ტექსტი შეადგინეს. პროექტის თბილისის მერიისა და შპს „სუფთა გარემოს" მხარდაჭერით განხორციელდა.

კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილ პროგრამაში. დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, აბრეშუმის შექმნასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული კოლექციები, მოდელები, ძველი ფოტოები, საღებავები, ნიჟარების კოლექცია.

ამავე დღეს, 1 ივნისს, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შპს „გამწვანება-94" -თან ერთად ნუცუბიძის II პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერი „საქართველოსთვის" დაასუფთავეს.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. გამარჯვებული გუნდები ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა ბურთებითა და საფეხბურთო ფორმებით დაასაჩუქრეს, ბავშვებს სიგელები და მედლები გადაეცათ.

ამავე დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ქსელ „დედამიწის მეგობრები-ევროპასა“ და „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისათვის“ - თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანი იყო შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.

კონფერენცია დაყოფილი იყო სამ ნაწილად.

პირველი ნაწილის თემა იყო გარემოს მდგომარეობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. გამომსვლელებმა ისაუბრეს პოსტკონფლიქტურ მდგომარეობაზე ბალკანეთსა და კავკასიაში, კერძოდ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ჩეჩნეთის მაგალითებზე. მომხსენებელთა შორის იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, მწვანეთა პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და სხვები.

კონფერენციის მეორე ნაწილი კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ბუნებრივი რესურსების მართვასა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მომხსენებლებმა ისაუბრეს კონფლიქტურ რეგიონებში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებსა და მათ მიერ გამოწვეულ სავალალო შედეგებზე. აფხაზეთის ვტონომიური ესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და ის უარყოფითი მოვლენები რაც იქ გარემოს დაცვის კუთხით არსებობს.

ბოლო ნაწილში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო საზოგადოების როლზე კონფლიქტების პრევენციასა და მათ გადაწყვეტაში.

კონფერენციის ბოლოს საქართველოს არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მადლობას უხდის  საქართველოს თავდაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მოქალაქეებს იმ გულისხმიერებისთვის, რომელიც გამოიჩინეს ოკუპირებული ტერიტორიიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი 13 წლის სალომეს მიმართ.

სალომე ონკოჰემატოლოგიური პრობლემით, უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებულ იქნა იაშვილის კლინიკაში და მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო დიდი რაოდენობით სისხლის გადასხმა.

დღეის მონაცემებით მოზარდის მდგომარეობა  სტაბილურია და ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი სისხლის გაღებით გოგონა გადაარჩინეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ი.ციციშვილის სახელობის "ბავშვთა ახალ კლინიკაში" აფხაზეთიდან დევნილ 400 მდე ბავშვს უფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა.

პროფილაქტიკური გასინჯვები ი.ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმ-სპეციალისტების მონაწილეობით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა,  კლინიკა „ენმედიცში" უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე მოზარდებს.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოლოგიური ზემოქმედების შედეგები“.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდინარეული ნატანი მასალის შემცირებასა და მისგან გამოწვეულ გეოეკოლოგიურ მდგომარეობას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის“ ხელმძღვანელი თემურ ვეკუა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს გამწვანების აქცია მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთში ეკოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა და რეგიონი კატასტროფის წინაშე დგას. მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყველა საშუალებას მიმართავს, რათა პროცესში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები და აფხაზეთს ეკოლოგიური კატასტროფა ააცილოს.

„აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო დღეს ძალიან საგულისხმო კონფერენციას ატარებს, რომელიც ძირითადად აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება. კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდინარეული ნატანი მასალის შემცირებასა და მისგან გამოწვეულ გეოეკოლოგიურ მდგომარეობას.

კონფერენციაზე გამოიკვეთა ძალზე საგანგაშო ეკოლოგიური ვითარება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნა. საფრთხე ემუქრება კოდორის და ბზიფის ხეობას, იქ არსებულ ნაკრძალებს. შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან ნატანი მასალების სოჭის ოლიმპიადის ტერიტორიების სამშენებლო მასალად გამოყენებამ, შავი ზღვისპირა ზოლში კატასტროფული ვითარება შექმნა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი ყირიმის გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვისაც იგივეს მოიმოქმედებს. ასეთ მავნებლობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს ზღვარი უნდა დაედოს. საქმე გვაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიების ეკოლოგიურ განადგურებასთან. დღეს პირველი ზარი შემოჰკრა ჩვენმა აფხაზეთის სტრუქრურამ. ორშაბათს ჩატარდება საერთშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კონფლიქტების გავლენას ეკოლოგიურ გარემოზე, სადაც ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ვფიქრობ, ამ საკითხს გულისყურით მოეკიდებიან საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციები. ჩვენი მიზანია, მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს, მსოფლიოს უმშვენიერეს ბუნებრივ საგანძურს, ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბარბაროსული ეკოლოგიური განადგურების საფრთხე უწინარესად აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ავიცილოთ თავიდან. ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი გრანდიოზულია, ამიტომ, რა თქმა უნდა, ქართველებმა, აფხაზებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, შესაბამისმა ეკოლოგიურმა ინსტიტუტებმა და უწყებებმა ერთობლივი მოქმედებით უნდა შევძლოთ ამ საფრთხისგან თავის დაღწევა“. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორის დღის ფარგლებში პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი - „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიხსნა. ფორუმი 27-29 მაისს ტარდება და მიზნად ისახავს სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან.

დიასპორის პროფესიული პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ მიმართვის უზრუნველყოფის მიზნით, ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. თემატურ ჯგუფებში მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია და დებატები, სადაც გამოიკვეთა დიასპორის ინიციატივები არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ პრობლემათა გადაჭრის ფართომასშტაბური, მდგრადი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რასაც სამომავლოდ ხელშესახები რეალური შედეგები მოჰყვება.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს უნიკალურ რესურსებსა და დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხია და კატასტროფაა, რომ დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მილიონზე მეტი მოქალაქე კი საზღვარგარეთ იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველების წასვლა სამშობლოდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა და მათი უმეტესი ნაწილი უკან აღარ დაბრუნებულა.

ფორუმს ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქართული დიასპორა დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ ვისი მიწაწყლისანი არიან, გაიგონ, რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. გისურვებთ, რომ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ და არა სხვამ", - განაცხადა პატრიარქმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახალხო დამცველი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ქართველები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზებთან ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, ქართულ დიასპორას უდიდესი შესაძლებლობები აქვს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. სასიცოცხლოდ აუცილებელია დიასპორებთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობები ვიქონიოთ. ჩვენმა დიასპორებმა კარგად იციან, რამდენად აუცილებელია ქართული საზოგადოებისთვის ჩვენი მოქმედებების ეთიანი ფრონტის ფარგლებში მოქცევა. დიასპორას სწორედაც რომ ძალუძს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის გზაზე, გარკვეული გარდატეხა მოახდინოს. ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებასაც მოვიშველიებ. უცხოეთში ყოფნისას გავმართე სხვადასხვა სახის შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან სერიოზულად მუშაობენ და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ თავინთი ქვეყნისთვის, რაც საელჩოებთან მჭიდრო კონტაქტის დამსახურებაცაა. ყველამ, ვინც დღეს უცხოეთშია საქართველოს ერთიანი ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე უნდა ვიზრუნოთ. ასეთ ერთობაშია ჩვენი ძალაც და მომავალიც. სიმტკიცე და ერთიანობა კი ძალიან საყურადღებო და საგულიხსმოა ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის, დიდი საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლობის დღიდან არასოდეს მივუტოვებივართ. მინდა მივულოცო მათ ეს ჩინებული თარიღი და მადლობა გადავუხადო ყველა დიასპორის წევრს, იმ სამსახურისა და ღვაწლისთვის, რაც თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ გაუკეთებიათ". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ბათუმში, 6 მაისის პარკში „აფხაზეთობა" აღინიშნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ზეიმზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმში „აფხაზეთობის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, პარკში აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, მოსწავლეებმა „ჩვენ დავბრუნდებით" – პერფორმანსი გამართეს, აფხაზეთის მთავრობის სახელით „ქართულ-აფხაზური საგას" ხელმძღვანელს ნათელა დუმბაძეს და ქართულ-აფხაზური საკვირაო სკოლის პედაგოგს ადა ქუთელიას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

„დამოუკიდებლობის დღე  ჩვენი ერის ღირსების, სიამაყის, დიდების, აწმყოსა და მომავლის ზეიმია. პატარების ჟრიამული ისმის ყველგან,  მომღიმარი სახეების, ხალისიანი ადამიანების სიმრავლეა ამ მოედანზე. ასეთ ღირსშესანიშნავ დღეს ყოველ ჩვენგანს უჩნდება სინანულის გრძნობა დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო. ჩვენ გვერდით არ არიან აფხაზები და ოსები. სამწუხაროა, რომ დღეს ერთად არ ვზეიმობთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს. მაგრამ ყოველ ჩვენგანს სწამს, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, აფხაზები, ოსები და ქართველები აღადგენენ წარსულ ურთიერთობებს. წარმიუდგენელია ძაფი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაკავშირებდა  საბოლოოდ გაწყდეს. ეს შეუძლებელია. მდინარე აღმა ვერ ივლის, ის გზას იკაფავს იქითკენ, საითაც ბუნების ხმა უხმობს. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დიდებული დღე, გამარჯვებები და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სკულპტურული მემორიალი - „საქართველოსთვის“ გვირგვინით შეამკო. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და მისი ერთიანობისათვის პატივის მისაგებად მემორიალთან იმყოფობედნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არსებული შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ აღსაზრდელებმა მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კომპოზიცია წარმოადგინეს. შემდეგ კი საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს ეწვივნენ და მის ეზოში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენა მოაწყვეს.

ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს! ეს თარიღი ჩვენი სახელწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ათვლის წერტილია. დამოუკიდებლობის რთულ გზაზე საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს ბევრი ბრძოლის გადატანა მოუხდა. იყო ტრაგიკული მომენტებიც რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხო, რის შედეგადაც უამრავი თანამემამულე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. მიუხედავად ამ სირთულეებისა საქართველოს არასდროს გადაუხვევია იმ სტრატეგიული გეზისგან, რომელიც მიმართულია ერთიან ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დაკავებისაკენ. რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შეგნებული არჩევანი იყო. ამ ისტორიულ მისწრაფებას ქვეყანა დემოკრატიული ფასეულობების განვითარებით პასუხობს.

საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომლის შემდგომი მშენებლობის მყარი საფუძველი უნდა იყოს ის თუ რამდენად წარმატებით განხორციელდება საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ეთნიკურ ჯგუფებსა და ეროვნულ უმცირესობებს შორის. რაც უდაოდ ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან  ერთად ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს არსებობისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი თვითგამოხატვის პრინციპის ეფექტური ამოქმედება და ღირსეული დამკვიდრება ცივილიზებულ სამყაროში.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 26 მაისი აღიქმება იმ თარიღად რისთვისაც ბრძოლობდნენ ჩვენი წინაპრები: - თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის. რათა მსოფლიო რუკაზე, ევროპისა და აზიის გასაყარზე  საქართველო ყოფილიყო ძლიერი სახელმწიფო. ყოველი ჩვენთაგანის ვალია გავუფრთხილდეთ 26 მაისის მონაპოვარს, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რათა ჩვენს აფხაზ, ოს და სხვა ეროვნების თანამოძმეებთან ერთად დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული სირთულეები და შევქმნათ სახელმწიფოს ისეთი მოდელი რომელიც მიმზიდველი და საოცნები იქნება ყოველი ჩვენთაგანისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გამთლიანებულ და აყვავებულ საქართველოში ბედნიერ ცხოვრებას!

 

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

25 მაისს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას „არტ-გალერეაში“ თინათინ მღვდლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პოეტის მეგობრები, მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები.

თინათინ მღვდლიაშვილი არის პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ხატთა შემამკობელი. მის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ქართველები შეარიგე, მერაბ“, „მარტოსულო ქალბატონო და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ და რუსულ ენებზე.

თინათინ მღვდლიაშვილის შემკული ხატები დაბრძანებულია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. ღმრთის სიტყვის ქადაგებისა და ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის ის წმინდა ნინოს ჯვრით არის დაჯილდოვებული. ასევე მინიჭებული აქვს ზვიად გამსახურდიას, წმინდა ილია მართლის“ და „გალაკტიონის“ პრემიები.