- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ტომაშ პერნიცკის შეხვდა.
შეხვედრაზე ბატონმა ტომაშ პერნიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ასევე, განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად ჩეხეთის შესაძლო ჩართვა ჰუმანიტარულ პროექტებში.
შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჩეხეთის საეჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკაში, ნიუ-ჯერსში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ქართველი კურსანტების - ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო.
უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და მთელ საქართველოს.
რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის საგზურებისთვის ზუგდიდში ჩატარდა აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭებმა.
ტურნირს მასპინძლობდა აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა. ტურნირის მიზანი იყო ზემოთ ხსენებულ ასაკოვან ჯგუფებში გამოვლენილიყო გამარჯვებულები, რომლებიც ჭადრაკში 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
7 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრეებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ჟიული შარტავას დამ, ცისანა შარტავამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე პატივს მიაგებდნენ ჟიული შარტავას ხსოვნას.
7 მარტს, სენაკის ცენტრალურ პარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ ყვავილებით შეამკო ჟიული შარტავას ძეგლი და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას.
ჟიული შარტავა გაიხსენეს ასევე რუსთავში, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ გვირგვინით შეამკო ეროვნული გმირის ძეგლი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი" პრეზენტაცია გაიმართა. „20 წლის შემდეგ", ასე ერქვა პროექტს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ განახორციელა და მის ფარგლებში გამოიცა კრებული - „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი".
კრებული თავს უყრის აფხაზეთის მკვიდრ სხვადასხვა თაობის ლიტერატორებსა და ხელოვანებს, აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს და მკითხველს მათ მიერ დევნილობის მძიმე წლებში ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ განვლილ გზას და მათ შემოქმედებით ცხოვრებაზე, წარმატებებზე მოუთხრობს. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით გამოიცა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.
დღეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, აფხაზური ლიტერატურის და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის, აფხაზი მწერლის დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. საიუბილეო საღამოზე, დიმიტრი გულიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს, ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მწერლის შემოქმედების როლსა და მნიშვნელობაზე, ნაჩვენები იქნა დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. კონფერენცია გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. საზოგადოებას მიესალმნენ და მწერლის მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა, ცხუმ -აფზაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა ტიტე მოსიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროფესორმა ვაჟა შენგელიამ, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწე სვეტლანა ქეცბამ, პროფესორმა რუსუდან ჯანაშიამ.
კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, პროფესორები, ისტორიკოსები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და პოეტები.
კონფერენციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კინოცენტრი ,,აფხაზეთი“-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი ,,მომავლის ხმის“ ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალთა დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა . ღონისძიებას აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედები, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული და მრავალშვილიანი დედები ესწრებოდნენ. შემოქმედებით საღამოში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ფოლკლორის ეროვნული სკოლის აღსაზრდელები, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის ნორჩი დეკლამატორები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
მოწვეულ სტუმრებს ქალთა დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, უმაღლესი საბჭოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საპატრიარქოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა .
109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ , იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ გადასცეს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.
ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად", ბინა 109 ოჯახს გადაეცა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები, სწორედ დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) მონაწილეობით ჩატარდა იმ ნგრევადი ობიექტების პროფაილინგი საიდანაც 48 დევნილმა ოჯახმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მიიღო ბინა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ.
2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში, საცხოვრებლი სახლი 576 ოჯახს გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ფიროსმანში“ აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა თაობის ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი განსხვავებული ჟანრის 24 მხატვრის 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მომავალში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ გალეერებში მოეწყობა.
მხატვრების საგაზაფხულო გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საქართველოს მხატვართა კავშირი და მათი წარმომადგენლები.
გამოფენაზე ქართული და აფხაზური სიმღერები შესრულდა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის – რაისა ქარაიას 75 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში მოწვეულმა სტუმრებმა ქალბატონ რაისას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს და მას დაბადების დღე მიულოცეს, ხოლო შემდეგ დრო კონფერენციის მომხსენებლებს დაეთმოთ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზუგდიდში, აბაშაში, მარტვილში, ფოთსა და სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი შვილმკვდარი დედები მოინახულეს, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
3 მარტი მიულოცეს ქუთაისში, ზესტაფონში, ხონსა და ბათუმში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამაც. ზაზა ჩაჩავამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა დედებს სასაჩუქრე ნობათები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლეს, 3 მარტის დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.
„თქვენ ხართ გმირების დედები და სახელმწიფო თქვენთან ვალშია", - ამ სიტყვებით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ ქალბატონებს.
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით მსგავსი შეხვედრები ამ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შვილმკვდარ დედებთანაც გაიმართება.
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დანერგვის მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს. გამოიკვეთა კონკრეტული შეხედულებები და წინადადებები, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო, არასამთავრობო და უნივერსიტეტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აფხაზური ენის შესწავლის საქმეში, თუნდაც აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი თემურ გვანცელაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის წარმოამდგენლები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური განათლების სამინისტროს ძალისხმევით, სულ მალე, თბილისში, აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყება. „როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგვაჩნია 13 საჯარო სკოლა, რომლებიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განკარგულებაშია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ შევძელით ამ სკოლებში დაგვენერგა აფხაზური ენა, რადგან არ არსებობდა არც ლიტერატურა, არც მეთოდიკა და არც პროგრამა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის ფაკულტეტი, სადაც გარკვეული რაოდენობის სტუდენტები სწავლობენ.
ჩვენს განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ ამ საკითხისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყო დღევანდელი კონფერენცია, სადაც საუბარი გვქონდა პრაქტიკული მიდგომებისა და აფხაზეთის სკოლებში აფხაზური ენის სწავლების პილოტური პროექტების შესახებ. სავარაუდოდ, ეს იქნება 2 სკოლა თბილისში. შესაბამისი დახმარების გაწევას დაგვპირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ ძალიან სერიოზულად შევუდგეთ ამ პროგრამის განხორციელებას". - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
წარმოდგენილი იყო აფხაზოლოგიის სასწავლო ლიტერატურა და აფხაზური ენის სასწავლო გაკვეთილების დისკი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმერეთის რეგიონში, კერძოდ ხარაგაული მუნიციპალიტეტში პროექტის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის საქართველოს რეგიონებში'' ფარგლებში აფხაზეთის დღე აღინიშნა. გაიმართა სამუშაო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულ ოჯახის წევრებს და გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა რაიონის ხელმძღვანელობასთან. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატს შორის. მე-2 საჯარო სკოლაში მოეწყო შემოქმედებითი საღამო.
აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" გამართა სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო". თეატრის ფოიეში მოეწყო ფოტო-გამოფენა „მოგზაურობა აფხაზეთში".
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი და იმერეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ხელმძღვანელობა.
პროექტის მხარდამჭერები და ორგანოზატორები იყვნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა.
25 თებერვალს, სასტუმრო "მერიოტში"იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის" ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდა".
შეხვედრა დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის „სინერგია"-ს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
მრგვალ მაგიდას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, ერედვის, ქურთას, თიღვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
მრგვალი მაგიდა პროექტის „ჩვენ ამას შევძლებთ" ფარგლებში ჩატარდა.
მონაწილეებმა განიხილეს 2014 წელს განხორციელებული და 2015 წელს განსახორციელებელი სოციალური პროგრამები, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში. ყურადღება გამახვილდა ორ საკითხზე სოციალურ პოლიტიკაში სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინირება, ასევე სხვადასხვა სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი სოციალური პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება.
ასოციაცია „თანხმობამ" სურვილი გამოთქვა დევნილებში და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცეელბაში დახმარება გაუწიოს სამთავრობო სტრუქტურებს. ასევე გამოითქვა არასამთავრობოების მზაობა აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ სამთავრობო სტრუქტურებს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად ტარდება და სურვილი გამოთქვეს, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ და შეხვედრები რეგულარული გახადონ.