მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე არსებული, იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მომხსენებლები იყვნენ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტები. პრეზენტაცია აფხაზეთიდან დევნილი სკოლების მე-11-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ბენიძემ, სოხუმის უნივერისტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა ლალი გაბისონიამ.

პრეზენტაციის ბოლოს დისკუსია გაიმართა. მომხსენებლებმა მათ მიმართ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები დაესწრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამუშევრები და ჩაერთნენ ამ საქველმოქმედო აქციაში. ხელნაკეთი ნამუშევრები დამზადდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ,,შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა შშმ მოზარდებისთვის"ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდა შშმ ბავშვების შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი, რომელიც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდა. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა ჯგუფში, რომელიც ,,ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის „თანადგომა"-ის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ბენეფიციარებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ხელნაკეთი სუვენირების დამზადება ისწავლეს.

პროგრამა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გონებრივი, ფიზიკური და შემეცნებითი უნარების განვითარებას, მათი სოციუმში ინტეგრაციის პროცესს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა ჩატარდა. ღონისძიება მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართა. გამოფენაზე ნამუშევრები წარადგინა 24-მა ვეტერანმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა.

ხელოვანი ვეტერანები საზოგადოების წინაშე წარდგნენ სხვადასხვა ნამუშევრებით: ფერწერა, ტიხრული მინანქარი, ხეზე კვეთა, ჭედურობა და სხვ. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებაში ვეტერანების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში რუმინეთის ელჩს დუმიტრუ ბადეას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე. ბატონმა დუმიტრუ ბადეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

ვახტან ყოლბაიამ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომელსაც რუმინეთი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს.

შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად რუმინეთის შესაძლო ჩართვა სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტში.

შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რუმინეთის საელჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღელსი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დღეს, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს, მის მოადგილეებს კობა არაბულს, გოჩა ზეიკიძესა  და  მცხეთის რაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ . 

შეხვედრაზე დევნილებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს - პრობლემები ძირითადად საცხოვრებელი ფართების  საკითხს, ინფრასტუქტურის მოწესრიგებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეეხებოდა. ასევე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთში დევნილთა დასაქმების პერსპექტივებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს დევნილთა პრობლემების განხილვას ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან. მისი თქმით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხელმძღვანელობისათვის კარგადაა ცნობილი იქ ჩასახლებულ დევნილთა პრობლემები, დღვანდელ შეხვედრაზე კი მათი ერთობლივი გადაჭრის გზებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების ცილს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მმართველობების ორგანოებთან დევნილთა პრობლემების განხილვას. მსგავსი შეხვედრები უკვე გვქონდა სამეგრელოში, თბილისის მერიასთან, რუსთავში. მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პრობლემებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უყურებს და შესაბამისი, შესაფერის დახმარებასაც უწევს, მაგრამ არის პრობლემები, რომელშიც აფხაზეთის მთავრობა და დევნილთა სამინისტროს ჩართვაა საჭირო. ხშირად არსებული ნიუანსები შესაძლოა ზოგადად დიდ რამეს არ ნიშნავდეს, მაგრამ ერთი ოჯახისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ დღეს აქ საკითხის გადასაწყვეტად არ ვყოფილვართ, დღეს გავეცანით პრობლემებს, რომლებიც აქ არსებობს. მინდა გითხარათ, რომ დევნილთა ის პრობლემები, რომელიც კომპაქტურ ჩასახლებულებში არსებობს, პრაქტიკულად აღნუსხული აქვთ სამხარეო ადმინისტრაციას ბატონი ნუგზარის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოებისს თავმჯდომარეებს. ჩვენ გავიარეთ ეს პრობლემები და ახლა უნდა დავგეგმოთ თუ როგორ მოვაგვაროთ ისინი. არ არის შეუძლებელი პრობლემები, მთავრია ჩვენ ვნახეთ მხარდაჭერა და მხარში ამოდგომის დიდი სურვილი და განწყობა. ამიტომაც, ჩვენ ადგილზე ჩავალთ, რათა შევუმსუბუქოთ ამ ხალხს ყოფა, დევნილთა სამინისტროსგან გვაქვს მხარდაჭერა და ეს უმნიშვნელოვანესია“. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, პუბლიცისტიკა, არქიტექტურა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში 2013-2015 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირებულებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.
           
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:
ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და არქიტექტურის დარგებში.
ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს ფიზიკური პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;
გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;
დ) ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების წარდგენა უნდა მოხდეს დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ. ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, მასმედიის საშუალებების მეშვეობით; არქიტექტურის დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ; მეცნიერების დარგში შექმნილი ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.
ე) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. პრემიის მოსაპოვებლად ავტორის განმეორებით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით (ნაშრომით).
ვ) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას, პრემია ავტორთა შორის  თანაბრად ნაწილდება.

კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგინება. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.
3. კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
4. ლიტერატურული ნაწაროები 12 ეგზემპლარად, სამეცნიერო ნაშრომი 12 ეგზემპლარად, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 12 ეგზემპლარად, აუდიო, ვიდეო ჩანაწერები. წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
5. კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები:
 
1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2015 წლის 1 ივლისამდე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ.-მდე.
2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2015 წლის 23 ნოემბერს.
 
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ: თბილისი, უზნაძის ქ. №68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

საკონტაქტო პირები: სალომე თორია, ეკატერინე გადილია;

ტელ:  577 34 85 34 / 599 24 62 18.

დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, სოფელ კახათის წმინდა გიორგის სახელობის საპატრიაქოს სკოლა მოინახულა. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნა და სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი  გადასცა. სკოლაში აფხაზეთიდან დევნლი  მოზარდებიც  სწავლობენ.

„დღევანდელი დღე ჩემთვის პოზიტიური იყო. ვნახე ბავშვების გახარებული სახეები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს დევნილი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის. შემდგომშიც შევეცდები მხარი დავუჭირო მათ ყველა იმ კეთილშობილურ საქმეში, რომელსაც ისინი აკეთებენ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ  ყოლბაია  ზუგდიდში მოქმედ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი აფხაზეთის ხელისუფლების   საქმიანობას, ხედვებსა და სამოქმედო სტრატეგიას შეეხო, გააცნო  მიმდინარე  პროექტები და ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ნაძალადევის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო, კლინიკურ-ლაბორატორიული პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ, დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში არსებულ 64-მდე ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ეცნობათ. მთელი დღის განმავლობაში დევნილებს შარაშიძის სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალი მოემსახურა.

დღესვე, აფხაზეთის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში დევნილი მოსახლეობისთვის ყოველი თვის ბოლო შაბათს დაიგეგმა უფასო სამედიცინო აქციები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, იგი მიესალმება იმ ტრადიციის გაგრძელებას, რომელსაც აფაზეთის მთავრობამ გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობისათვის მანვე მადლობა გადაუხადა მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობას.

„დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამ მრავალპროფილური დაწესებულების ხელმძღვანელს - ბატონ ზურაბ ავალიანს იმის გამო, რომ მან მიიღო ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ყოველი თვის ბოლო შაბათს მოხდება დევნილი მოსახლეობის ყველა სახის სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა. ეყრება საფუძველი ტრადიციას, რომელსაც, ასე ვთქვათ, კარგი წინა ისტორია აქვს, მხედველობაში მაქვს ჩვენ მიერ რეგიონებში ჩატარებული პროფილაქტიკური გამოკვლევები; დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია ამ რაიონში და ამ კლინიკაში მომავალშიც გაგრძელდება. სიახლეა ის, რომ აქვე კონტროლზე იქნება აყვანილი ის პაციენტი, რომელსაც მკურნალობის გაგრძელება დასჭირდება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა კი ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდება. მახარებს ის, რომ ჩვენ ამ შესანიშნავ კლინიკასთან ძალიან კრგი პროექტის დაწყება შევძელით; თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა კლინიკებთანაც გავაფორმეთ, რაც ჩვენს დევნილებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წამოწყებას გაგრძელება ექნება, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეებს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე, კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და  სამომავლოდ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა, რომლებშიც  სხვა ეროვნების ახლაგაზრდებიც ჩაერთვებიან.

„ყოველთვის საინტერესოა შეხვედრა ახლაგაზრდობასთან, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობასთან. თბილისის პირველ სკოლა-გიმნაზიას გამორჩეული კონტინგენტი ჰყავს. ამიტომაც ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანი იყო, რომ  შეხვედრის ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისგან და დირექციისგან მოდიოდა.  აქ  ხომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი მასწავლებელი მუშაობს. ჩვენმა შეხვედრამ ცხადყო, რომ  ახალგაზრდებს აინტერესებთ აფხაზეთი. საამაყოა, რომ აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესი არამც თუ არ დაუკარგავს მოსწავლე ახალგაზრდობას, პირიქით  სამომავლო  ქართულ-აფხაზურ ერთობლივ პროექტებზეც ფიქრობენ, რომელსაც მათი აზრით, პოლიტიკური აკრძალვები წინ ვერ აღუდგება.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ძალიან გონიერი ახალგაზრდები - მეათე კლასელებთან საუბარმა დიდი სიამოვნება მომგვარა. შევთანმხდით, რომ მათთან ვითანამშრომლებთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პროექტებში, რომლებიც ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. ამ საკითხებში თანამშრომლობისთვის მათ მზადყოფნას  მივესალმებით". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კლასიკური გიმნაზიის სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე, აფხზეთიდან დევნილი პედაგოგები და უფროსი კლასის მოსწავლეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის წესრიგით წარიმართა და აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით შექმნილი ფილმების ჩვენებით დასრულდა. ვახტანგ ყოლბაიამ გიმნაზიის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წ.წ.) , არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით პარიზში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნა და პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. დიასპორასთან გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ოთარ ზურაბიშვილმა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოადგილემ გოჩა ჯავახიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.

იმავე დღეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე არზაყან ემუხვარის საფლავი და მემორიალური დაფა აფხაზეთის ხელისუფლების სახელით გვირგვინით შეამკეს ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიამ. საელჩოს სახელით საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ და სათვისტომოს სახელით საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ოთარ ზურაბიშვილმა, ხოლო შთამომავლების სახელით ნატო მარშანიამ.

არზაყან ემუხვარის სასაფლაოზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და იგალობა წმ. თამარისა და წმ. ნინოს მგალობელთა გუნდმა.

აფხაზეთის ხელისუფლების დელეგაციამ ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს მთავრობოს წევრების და საზოგადო მოღვაწეების: ნოე ჟორდანიას, სპირიდონ კედიას, აკაკი ჩხენკელის, მიხეილ შარვაშიძეს, ვლადიმე ემუხვარის, ვიქტორ და თამარ შაკაიების, ნოე რამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის საფლავები მოინახულეს.

საფრანგეთის საელჩოში, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩი   საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯემალ გამახარიას შეხვდა. ჯემალ გამახარიამ ეკატერინე სირაძე-დელონეს წიგნები აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის საკითხებზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული ფასეულობების მდგომრეობის შესახებ და აფხაზეთიდან დევნილი მხატვარის ნუგზარ   მგალობლიშვილს ნამუშევარი ,,რექვიემი" გადასცა.

12-16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია, ,,რომუალდო დელ ბიანკოს'' ფონდის მიწვევით ფლორენციაში იმყოფებოდა.  დელეგაციაში შედიოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლეილა ხუბაშვილი.

დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი"-ის ორგანიზებით მე-17 საერთაშორისო ასამბლეის მუშაობაში. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, რომლებმაც ისაუბრეს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის დამყარების გზების ძიების აუცილებლობაზე, სამშვიდობო დიალოგის წარმართვაში მათ აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობაზე, აღნიშნულ საკითხებში ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ექსპერტთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში დაგეგმილ პრესკონფერენციაში, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

დელეგაციის მიერ ასამბლეაზე გაჟღერდა იმ  წინადადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ფლორენციაში, ფონდთან ერთად სამუშაო შეხვედრას თემაზე  ,,კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები". პროექტში სხვა და სხვა ეროვნების ახალგაზრდების მონაწილეობაა გათვალისწინებული.  

აფხაზეთის მთავრობასა და „დელ ბიანკოს ფონდს" შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ინტერკულტურული დიალოგისათვის ხელშეწყობას და მასში ხელმომწერი მხარეების აქტიურ თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ასევე ფლორენციის ინტეგრაციის ასესორთან,  სარა ფურანოსთან, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის წევრებს გაუზიარა იტალიის გამოცდილება ინტეგრაციის საკითხებში და დაიგეგმა  მომავალი თანამშრომლობა.

გაიმართა შეხვედრები ფლორენციის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ქართულ დიასპორასთან და ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის სამრევლოსთან, რომელსაც ესწრებოდა იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მათ ღვთისმშობლის ხატი და სანთლები გადასცა.

ვიზიტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო იტალიაში.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გამართა. მონაწილეობდნენ გუნდები როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სომხეთიდან.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის ექვსმა მეორე საპრიზო,  ხოლო ერთმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით დაჯილდოვდა.

გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ყურაშვილმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, მინისტრის მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.

ტურნირის ჩატარების პარტნიორ ორგანიზაციებს შორის იყვნენ: აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაცია, თბილისის სპორტული კომპლექსი „მართვე", შპს „დეველაიკი".

19 მარტს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნორჩ-მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა-კონკურსი გაიმართა. გამოფენა-კონკურსში ააიპ ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სამხატვრო სკოლის - „აფხაზეთი №1" მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოფენა მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა და წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.

აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ, მხატვარ ნუგზარ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორად ანა კუჭაშვილი დაასახელა. გამარჯვებულ კონკურსანტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა საჩუქრად მსოფლიო ბესტსელერად აღიარებული წიგნი - ერნსტ გომბრიხის „ხელოვნების ამბავი" გადასცა.

გარდა ამისა, ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურეს: ვერიკო გერგაულის, ნინო გერგაულის, ლუკა ტალახაძის, ლუკა გადრანის, ეკა კურდღელიას, დავით ღადუას, მარიამ ჭიჭინაძის, მაიკო არღვლიანის, გიტო ბენდელიანის, ლუკა მეფარიშვილის, გიორგი დიხამინჯიასა და ანა ტალახაძის ნამუშევრებმა. მათ საჩუქრად ფუნჯები, აკვარელი და სახატავი რვეულები გადაეცათ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 31-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემა იქნება განხილული. ქართული მხარე ასევე დააყენებს გადაადგილების თავისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უკანონო დაკავებების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებს.

15-16 მარტს, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და სკულპტურული მემორიალი ,,ერთიანი საქართველოსთვის'' გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.