- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, ფარიკაობაში მორიგი აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ დარბაზში მოეწყო.
ტურნირი 25 აპრილს გაიხსნა და ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდა. შეჯიბრში ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ქუვეითიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ტურნირის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი და საქართველო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია დაესწრნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ქ.ზუგდიდში საერთაშორისო ორგანიზაცია „ამქორი"-ს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკისა და გალის რაიონიდან გადმოსული ექიმებითვის პროექტის „ჯანმრთელობის ხიდები"-ს ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგები თემაზე „ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვა" და გულის სისხლ-ძარღვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა" მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ ჩატარდა. ტრენინგის შემდგომ, ექიმებმა საინფორმაციო სემინარები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გამართეს და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრად საგანმანათლებლო ბროშურები, სამედიცინო და სასკოლო ნაკრები გადასცეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ამქორმა" ერთი თვის წინ გალის რაიონიდან გადმოსულ ექიმებს 5, ხოლო დევნილთა პოლიკლინიკას 1 კომპიუტერი გადასცა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინასებით მიმდინარეობს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წევრები დაესწრნენ.
ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაიას ზუგდიდში ჩასვლა მოშიმშილე დევნილთა პრობლემების გაცნობამ და საკითხის ადგილზე შესწავლამ განაპირობა.
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა შიმშილობა 24 აპრილს, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების, მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და სანიტარული ვითარების მოწესრიგების მიზნით დაიწყეს.
ვახტანგ ყოლბაიამ დადებითად შეაფასა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომელებმაც ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება ზემოაღნიშნულ ვითარებასთნ დაკავშირებით და ვნებათაღელვა ჩააცხრეს, თუმცა დევნილთა განსახლების საკითხი ისევ პრობლემად რჩება.
ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ კონცერტი გამართა. ღონისძიება საქართველოს საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო და ფორმატით კონცერტი - საუბარი ჩატარდა.
კონცერტზე სტილისტურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი, აკადემიური რეპერტუარი იყო წარმოდგენილი.
საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა დაესვათ სასურველი კითხვები და გასაუბრებოდნენ მათთვის საინტერესო თემებზე კონცერტის დირიჟორს, კაპელის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს გურამ ყურაშვილს.
ღონისძიებას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
დედაენის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის, ბოლნისისა და კახის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ შორის აფხაზ მოზარდებს დღეს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. გამოფენას „ჩემი დედა ენა", რომელიც დედაენის კვირეულს მიეძღვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელი ბუბა კუდავა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი დაესწრნენ.
გამოფენაზე მოსწავლეები დედაენის პირველ ქართულ და აფხაზურ გამოცემებს გაეცნენ. ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მასალები და მიმოწერები იაკობ გოგებაშვილის არქივიდან.
პროექტი სახელმწიფო პოლიტიკის „ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის ცოდნის ხარისხის ამაღლებისა" და ქართული სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეულის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ქურმუხელი" და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრი „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით, პროექტის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში, დედაენის კვირეულის დახურვა გაიმართა. ღონისძიებას ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. საღამოზე მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები და საქართველოს კუთხეების ადათ-წესებზე შექმნილი ფოლკლორი წარმოადგინეს. ღონისძიების პარალელურად მოეწყო ბავშვების ნახატების, ასევე აფხაზეთის ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
საღამოს დასასრულს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული 14 აპრილს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მოანაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, სოფელ მამხუტის, სოფელ ვარიანის, არქევანის საჯარო და კახის რაიონის (საინგილო) სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიებას აფხაზეთის უამღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხმალადინ სმაილოვი დაესწრნენ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელის" მხარდაჭერით განხორციელდა.
„კავკასიურ სახლში" საერთაშორისო კონფერენცია - „კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები" ჩატარდა.
კომფერენციაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
კონფერენციის მიზანს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა წარმოადგენდა. მხარეებმა წარსულ გამოცდილებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღმავებაზე ისაუბრეს.
„უკვე ფეხი მოიკიდა საქართველოში კორეულმა ბრენდება. შთამბეჭდავია დინამიკა, თუ როგორ ვითარდება ეს ფირმები. მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო წლებში დააგროვა. კორეა გიგანტური წარამტებებით მიიწევს წინ და ვფიქრობ მათი გამოცდილების გაზიარება ჩევნთვის ცუდი არ იქნება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
კონფერენციას კორეის ფონდის თავმჯდომარე კინ ფოეკი და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. შეხვედრა კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით (CCIIR) ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.
ფოთის ახალ რაიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილები სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.
ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა. ფოთის ახალ რაიონში დევნილი ოჯახები საცხოვრებლად თბილისიდან, წყალტუბოდან და ზუგდიდიდან 2011 წელს ჩაასახლეს.
ფოთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ყოლბაია „სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის" ბაზაზე შექმნილ „ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის" პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და ავტორიზაციის პრობლემებზე ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქ. ზუგდიდსა და ჯვარში შეხვედრები გამართა. ვახტან ყოლბაია სააფთიაქო სამმართველოს ყოფილ შენობასა და ჯვარში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა, ობიექტებში არსებულ ვითარებას გაეცნო და დევნილთა პრობლემები მოისმინა.
შეხვედრისას, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათ არა აქვთ საშუალება მიწის ნაკვეთები ჰქონდეთ საკუთრებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იძულებულნი არიან კერძო მესაკუთრისგან იჯარით აიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
დევნილებმა შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა ითხოვეს, რათა მოხდეს მათი სოფლის მეურნეობის პროგრამაში ჩართვა და მიწის ნაკვეთების პირად სარგებლობაში გადაცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოში იმყოფება და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
სამეგრელოში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის ყოფილი სპორტსკოლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვახტანგ ყოლბაიას არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის სპორტკომპლექსის შენობას სტუმრობდა, სადაც დევნილებმა საკანალიზაციო მილებისა და ფართით დაკანონების პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.
„მინდა დევნილ მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მე ადგილზე გავეცანი მათ მდგომარეობას და მინდა გითხრათ, რომ საქმე წინ დიდად არ წაწეულა. მიუხედავად ამისა, ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ არის აბსოლუტურად მოგვარებადი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი სოციალური პირობები და საერთო მდგომარეობა საგრძნობლად იქნას გაუმჯობესებული. გამოვიყენებთ ყველა რესურს დევნილების დასახმარებლად. ამ ხალხს სჭირდება მეტი ყურადღება და აქტიური კომუნიკაცია" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
დღესვე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის კოლხეთის მეურნეობაში ჩასახლებულ დევნილებსაც შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ღმერთების ენავ ქართულო და საფიცარო მამულო" გაიმართა. ღონისძიება კინოცენტრ „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა" ორგანიზებით მოეწყო.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მონაწილეობა აფხაზეთის №2 და № 3 და თბილისის №104 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა და ეთნიკურად აფხაზმა მოზარდებმა მიიღეს. საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-კლიპი „ქართული ენა - ერის ღვთაებრივი საუნჯე". ფოლკლორული ანსამბლის „შავლეგო"-ს მონაწილეობით კი ქართული სიმღერები შესრულდა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა, მათ ქართული ენის დაცვა და სიყვარული უსურვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია დაინიშნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 8 აპრილს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო.
ვახტანგ ყოლბაია 1990-1993 წლებში იყო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, 1993-1995 წწ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გალის რაიონის გამგებელი (დევნილობაში), 1992-2004 წწ - საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 1995-2004 წწ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 1996-2003 წლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი საქართევლოს" თავმჯდომარე.
ვახტანგ ყოლბაია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. არის რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისი არტ-ჰოლში" აფხაზეთისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „ქედუხრელნი" გაიმართა.
საღამო საქართველოს სახელოვანი წინაპრების, ღირსეული მამულიშვილების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და გმირული თავგანწირვით დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთისთვის თავდადებული გმირების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა. პარალელურად მოეწყო ფოტო-გამოფენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის ინიციატივით სამედიცინო ცენტრის "ნეოკლინიკის" ბაზაზე აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, ქ. თბილისში ჯ.ბაგრატიონის №4-ში და სასტუმრო „ხიბლში" კომპაქტურად ჩასახლებულმა 100-მდე დევნილმა უფასო სამედიცინო მომსახურეობა თერაპევტთან, პედიატრთან და ექიმ-სპეციალისტებთან (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და სხვა) გაიარა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ასევე ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში "ნეოკლინიკის" წამყვანი სპეციალისტები ატარებდნენ.