- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მუხიანის I მ/რ-ის, 175-ე ბაგა-ბაღის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა და დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სააღდგომოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპანია ,,კოდას" მიერ მოწოდებული სურსათი გადაეცათ.
გიორგი ბარამია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ პრობლემებსაც გაეცნო. აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 31 ოჯახია ჩასახლებული.
ბავშვებს ფონდის ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრები დაურიგდათ. სააღდგომო საჩუქრები დევნილთათვის, ასევე, კომპანიებმა ,,ბარამბომ", ,,კოკა-კოლამ", ,,თელიანმა ველმა" და ,,ხარებამ" უზრუნველყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიამ 9 აპრილის მემორიალი მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან, 23 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ.თელავში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ყოფილი გვარდიის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მოინახულეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და საჩუქრები გადასცეს. დევნილ ბავშვებს ფონდი ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრები დაურიგდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით აქცია ,,საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს" უკვე გაიმართა თბილისში, ხაშურში, სურამში, მარნეულსა და ქუთაისში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ისანი-სამგორის რაიონში, შუამთის №8 -ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს მასშტაბური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრნენ. მთავრობის თავმჯდომარე და პირველი ლედი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ მდგომარეობასაც გაეცნენ.
სამედიცინო გასინჯვები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 115-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა გაიარა. დევნილებმა ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღეს.
აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული კაპელა ევროპული ტურნედან საქართველოში გრან-პრით დაბრუნდა.
ახალგაზრდულმა კაპელამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ქ. ბარსელონაში, 27-30 მარტს ჩატარებულ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსში ,,მონსერატის ოქროს ხმები" და გრან-პრის მფლობელი გახდა.
აფხაზეთის კაპელას ევროპული ტურნე 13 მარტს დაიწყო საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენებურების" ფარგლებში, რომელიც ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის, გიული ალასანიას ინიციატივით ჩატარდა საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. ფესტივალ ,,ჩვენებურებს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.
კონცერტებზე, რომელთაც ევროპელი მსმენელი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ, შესრულდა თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები.
პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ექსკურსიაზე კახეთში გაემგზავრნენ. 40-მდე ექსკურსანტი ბავშვიდან 10 ეთნიკურად აფხაზია. ბავშვები წმ. ნინოს სახელობის ბოდბის მონასტერს მოილოცავენ და ქ.სიღნაღს მოინახულებენ.
მოზარდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გააცილეს.
საქართველოს პარლამენტის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქუთაისში დასაქმების ცენტრის, ბიზნეს ინკუბატორის, ამოქმედების ორგანიზაციული გეგმისა და მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობას შეეხო. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო, არსამთავრობო და ბიზნეს სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებისა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა ინოვაციური გზების გამოყენებით.
28-29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ქართული მხარე, ტრადიციულად, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის, იქ საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობის, მიმდინარე ინცინდენტების პრევენციისა და დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების პირობების შექმნის საკითხებს დასვამს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდზე დაისმება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა იქნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.
80-მდე მოზარდი თანამედროვე გერმანელი დრამატურგის, მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,მახინჯი" ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი სახის აქციები პერმანენტულად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი იმართება. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია სამართლიანობისათვის" მხარდაჭერით ტარდება.
ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან (ვლადიკავკაზი), თურქეთიდან და ირანიდან ჩამოსული 150-მდე სპორტსმენი.
ტურნირი 23 მარტს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ახალ სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა და 25 მარტს დაიხურება. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ.
ტურნირის მიზანია ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ, სოხუმზე განხორციელებული შეტევის მოგერიების თარიღი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლით აღნიშნეს.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოსთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას. მათ, დღეს, 19 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და სანთლები დაანთეს.
1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ღირსეულად მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა.
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ევროპულ ტურნეს იწყებს. ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის გიული ალასანიას ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში ,,ჩვენებურები", რომელიც 13-დან 25 მარტის ჩათვლით საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სოლო კონცერტები, როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის. ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები.
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა გააცილა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არალეგიტიმურად მიიჩნევს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.
ოკუპირებული აფხაზეთი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, იქ მიმდინარე ე.წ. არჩევნები ვერანაირად ვერ განიხილება საერთაშორისო სამართლის კუთხით.
,, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საიდანაც იძულებით განდევნილია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. გამომდინარე აქედან, ეს ე.წ. არჩევნები მოკლებულია სამართლებრივ ჩარჩოებს, არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც, ფაქტიურად იმართება რუსეთის ხელისუფლების მიერ" - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა, ლევან თევზაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს უმასპინძლა.
განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები, 50 დევნილი ქალბატონი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის ,,პრემიერა’’-ს ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.
ორმოქმედებიანი სპექტაკლი ,,პრემიერა’’ ლალი როსებას პიესაზეა შექმნილი. სპექტაკლის რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს უმასპინძლა.
განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები, 50 დევნილი ქალბატონი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის ,,პრემიერა’’-ს ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.
ორმოქმედებიანი სპექტაკლი ,,პრემიერა’’ ლალი როსებას პიესაზეა შექმნილი. სპექტაკლის რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი.