დღეს, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით,აფხაზეთის ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდებათ.
მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი დღის განმავლობაში, თბილისში, კალაუბნის №16-ში მდებარე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში მოემსახურება. საჭიროების შემთხვევაში მათ მედიკამენტებითაც უზრუნველყოფენ.
სამედიცინო აქციას აფხაზეთის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალუირ დაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა ესწრება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას მეუღლე, ქეთევან კაჭარავა აფხაზეთიდან დევნილ, ცხრა ეთნიკურად აფხაზ მოზარდს შეხვდა და მათ საახალწლო სურვილი აუსრულა: აფხაზმა ბავშვებმა რადიო ,, აფხაზეთის ხმის " ეთერით თანატოლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
"ბავშვებს სურვილი ჰქონდათ, ენახათ რადიო ,,აფხაზეთის ხმა" საიდან ახორციელებს მაუწყებლობას. მათ ეს სურვილი აუსრულდათ და კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი თანატოლებისათვის მიელოცათ დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ესურვათ,"- განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან კაჭარავამ.
აფხაზ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. საპატრიარქომ, სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა ,,ბაბილინამ" და კომპანია ,,ბარამბომ" მათ საჩუქრები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა. გიორგი ბარამია უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხებზე, უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკაზე ისაუბრა.
გიორგი ბარამიამ პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო.
,,სტუდენტებს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები აინტერესებდათ. ჩვენ მოკლედ განვიხილეთ საკითხები, თუ საიდან იწყებოდა ეს კონფლიქტი, როგორ ღვივდებოდა აფხაზეთში სეპარატიზმი და ვინ იყო მისი ინსპირატორი. შეხვედრის ძირითადი თემა სწორედ ეს იყო,"- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, კახა შენგელიას განცხადებით, ისინი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით ძალიან არიან დაინტერესებულნი და შესაბამისი ინფორმაციის მოსმენა სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისაგან მოისურვეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კავკასიის უნივერსიტეტს, პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების მიწვევით სტუმრობდა.
კავკასიის უნივერსიტეტი კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე 2004 წელს დაარსდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად, დევნილი ბავშვებისათვის გამართულ საახალწლო ზეიმს დაესწრნენ.
ღონისძიება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აფხაზეთიდან დევნილი 1000-მდე მოზარდისთვის გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს პირველმა ლედიმ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
"დღევანდელი საღამო გიორგი ბარამიასა და მისი მეუღლის, ქეთევან კაჭარავას ინიციატივით ჩატარდა. მეც მომიწვიეს ღონისძიებაზე ჩემს უმცროს შვილთან, ნიკუშასთან ერთად. აქ ათასამდე დევნილი ბავშვია შეკრებილი და ყველას საჩუქრები ელოდება. მივესალმები ბავშვებს და მათ დამდეგ ახალ წელს ვულოცავ,"- განუცხადა ჟურნალისტებს სანდრა ელისაბედ რულოვსმა.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა" მსახიობებმა საახალწლო ზღაპარი „ახალი წელი მზიანეთში" წარმოადგინეს. საახალწლო ზეიმში ანსამბლი „აფხაზეთი" და აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებიც მონაწილეობდნენ.
28 დეკემბერს, 16:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 4-დან 10-წლამდე აფხაზეთიდან დევნილი 1000-მდე მოზარდისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართება.
ღონისძიებას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი შვილთან ერთად დაესწრება.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა" მსახიობები კოსტუმირებულ საახალწლო ზღაპარს „ახალი წელი მზიანეთში" წარმოადგენენ. საახალწლო ზეიმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „აფხაზეთი" და აფხაზეთის სახელოვნებო სკოლები.
აფხაზეთის მთავრობა ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარსა და ტკბილეულს გადასცემს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.
სამედიცინო აქცია თბილისში, რკინიგზის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ 70-მდე ოჯახს ჩაუტარდა.
„აქ არიან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები,რომლებსაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. თუ ვინმეს რაიმე სახის პათოლოგია აღმოაჩნდა, ჩვენ მზად ვართ ისინი მედიკამენტებით უზრუნველვყოთ და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარში გადავიყვანოთ,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.
სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი ჩაატარებს.
სამედიცინო აქცია, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამია დევნილთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო. რამდენიმე ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მოგვარდა.
გიორგი ბარამია ქ. ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის გამართულ საახალწლო ზეიმსაც დაესწრო. ღონისძიებას ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსული ბავშვებიც ესწრებოდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ბათუმში მიმდინარე აფხაზთა და ქართველთა პირველ სახალხო ფორუმს დროული მოვლენა უწოდა.
„ქართულ-აფხაზური დიალოგი აჭარიდან უნდა დაიწყოს,"- ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ფორუმის დასრულების შემდეგ გააკეთა.
გიორგი ბარამიას განცხადებით, აფხაზებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში, როცა მათ ცარისტული რუსეთი დევნიდა, უამრავმა მუჰაჯირმა თავი სწორედ აჭარას შეაფარა.
„მაშინ, როდესაც აფხაზებს მეფის რუსეთმა გენოციდი მოუწყო და ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა, მათ დახმარების ხელი აჭარაში მცხოვრებმა ქართველებმა გაუწოდეს. სწორედ ამიტომ, იმ აფხაზებს, რომლებიც დღემდე ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობენ, ქართულ-აფხაზური სახალხო დიალოგის დაწყებაში განსაკუთრებული როლი ენიჭებათ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
გიორგი ბარამიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოსვლისას გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზთა და ქართველთა პირველი სახალხო ფორუმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველებს აფხაზებთან ერთად ერთ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება სურთ და ამ სურვილს ასრულება უწერია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ბათუმში, ფერიას დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ასლან შერვაშიძისა და ლიანა აგრბას ოჯახებს ეწვია და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამია აფხაზ ოჯახებს კონფლიქტის დარეგულირების საქმეში მათ ჩართულობასა და ამ კუთხით სახალხო დიპლომატიის როლის გაზრდის აუცილებლობაზე ესაუბრა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ულოცავს მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს აღსაყდრების 33-ე წლისთავს.
„იოლი არ არის, ღვთის წინაშე ერის სულიერი წინამძღვრის ჯვრის ტვირთვა. 33 წელი გავიდა მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ქართველ ერს წამით არ დაუკარგავს იმის განცდა, რომ საქართველოს ჰყავს ჭეშმარიტად ღვთის სათნო ადამიანი. რომელიც საკუთარ ჯვართან ერთად მთელი ერის ჯვარს ზიდავს. ნიშანდობლივია, რომ 33-ე წლისთავზე მისი უწმინდესობა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ხდება წინამძღოლი იმ ეპარქიისა, სადაც მტკივნეულად ფეთქავს მთელი საქართველოს გული. ვულოცავ მის უწმინდესობას ამ თარიღს და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თქვენო უწმინდესობავ! ,,მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისათვის რესტორან „მონოპოლში" წინასაახალწლო მიღება გაიმართა.
დევნილ ბავშვებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი შეხვდნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
,,ყველა ბავშვს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2011 წელი მათთვის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს. თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ბავშვებისათვის კეთილდღეობის შექმნა და მათთვის ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრების უზრუნველყოფა,'' - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
300-მდე დევნილი მოზარდისთვის სამსაათიანი გასართობი შოუ-პროგრამა მოეწყო, რომელშიც ილუზიონისტი გია ფარადაშვილი მონაწილეობდა. ბავშვებისათვის საახალწლო სიმღერები მარიამ კახელიშვილმა და მარიამ აკობიამ შეასრულეს. მოწვეულმა თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
წინასაახალწლო მიღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიება რესტორან ,,მონოპოლისა" და კომპანია ,,უნიქარდის" ორგანიზებით მოეწყო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი დაქვემდებარებას.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იყო მისი მრევლის ჭეშმარიტი მწყემსი და წინამძღვარი. 33 წლის შემდეგ, წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სასოწარკვეთილებასა და სულიერი გაუცხოების პირობებში მცხოვრები მრევლისათვის, ასევე დევნილობაში მყოფი უამრავი ადამიანისათვის, იმედის მიმცემი და მანუგეშებელია.
მისი უწმინდესობის ტიტულატურაში, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად მოხსენიება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რამეთუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სამოციქულო ეკლესიის ერთიანობა ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია. რაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საეკლესიო კანონმდებლობითაა გამყარებული. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდან დაწყებული მისი ღვთისნიერი გზა, კვლავ აფხაზეთში, ქართველთა და აფხაზთა შერიგებით დაგვირგვინდება.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც თბილისში, კალოუბნის #16-ში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ხელმოწერის ცერემონიალს, რომელიც საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მასაიოში კამოჰარას რეზიდენციაში გაიმართა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დაესწრო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
,,აფხაზეთის მთავრობისათვის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანდაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება დევნილ მოსახლეობას კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მაღალ დონეზე მოემსახურება. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება იაპონიის ხელისუფლების მიმართ,"- განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ბარამიამ.
იაპონიის მთავრობა ,,გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების პროექტებისთვის საგრანტო დახმარების" ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციას ჩაატარებს, რომელიც თბილისში მცხოვრებ 85 ათასამდე დევნილს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 102,620 აშშ დოლარს შეადგენს.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიხსნება. ფორუმი 18-19 დეკემბერს ჩატარდება.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, უმაღლესი და პროფესიული განათლების, დასაქმებისა და სტაჟირების უამრავი შესაძლებლობა. დასაქმების მაძიებელთათვის უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება სემინარები თემებზე: „როგორ შევადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი", „როგორ გავიაროთ ინტერვიუ" და „საპრეზენტაციო უნარები".
ფორუმის მიზანია, დევნილებისათვის უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლე და გრძელვადიან ტრენინგებზე, სტიპენდიებზე, სტუდენტურ სესხებზე, გაცვლით საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებზე ინფორმაციის მიწოდება, რაც თვის მხრივ ხელს შეუწყობს დევნილთა მოტივაციისა და ქმედითუნარიანობის ამაღლებას, რაც შემდგომში მათ საშუალებას მისცემს საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მოიძიონ სასურველი ვაკანსია სტაჟირების, დასაქმების ან მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში.
ფორუმის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პარტნიორები კი -„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საგანმანათლებლო ცენტრი „ცოდნა", ასოციაცია „მშვიდობა და განათლება", „კოალიცია სამართლიანობისათვის" და „Helping Hand" .
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დევნილი ბვშვებისათვის აქცია მოეწყო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, ქეთევან კაჭარავამ და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლექსო ლაგვილავამ 76 დევნილ ბავშვს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და მის პარტნიორ კომპანიებს - "ჰუმანა-ჯორჯია", "დიპლომატ ჯორჯია პამპერსი", სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა", კომპანია " ბაგი" და ბავშვთა გასართობი ცენტრები "ბასტი ბუბუ" და "ბაობაბ"- ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მომავლში მსგავსი აქციების გამართვას ითავლისწინებს.
დევნილ ბავშვებს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული საპატრიარქოს წარმომაგდენლებმაც მიულოცეს და საჩუქრად ხატები გადასცეს.