- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
რუსლან აბაშიძემ თურქეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ და გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
რუსლან აბაშიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თავის მხრივ, თურქმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა რუსლან აბაშიძეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე მონაწილეობდნენ.
დევნილმა ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ევროკავშირის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, სადაც საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილს, თავისუფალი ვაჭრობისა და უსაფრთხოების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარების და სექტორალური ინტეგრაციის საკითხებს. ასევე, ინტეგრაციის პროცესში სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბილტმორში ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა.
საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „აფხაზური ენის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
რუსლან აბაშიძემ სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და დამსწრე საზოგადოებას. ასევე, განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები: სტუ-ის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, ალეკო ცინცაძე და კოტე ფხაკაძე.
აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდინახეს" მსახიობმა სტუდენტებმა მუსიკალურ-ლიტერატურული წარმოდგენა გამართეს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ქალთა გუნდის და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მონაწილეობით.
შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების და გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მთავრობის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებისგან სფეროში არსებული საჭიროებები მოისმინეს და სპორტსმენებს მხარდაჭერის პროგრამა წარუდგინეს. ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას.
პროგრამის მიზანია ქართველი სპორტსმენების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობას შეხვდა. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
„ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ერთერთი მთავარი და მყარი პერსპექტივა მშვიდობიანად გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, რომლის უფლებები ამ პროცესში ადეკვატურად იქნება დაცული,” - განაცხადა შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ.
მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებს აფხაზეთის მთავრობასთან.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ საზოგადოებას სამინისტროების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, წარმატებული ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი ადამიანები.
კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადეობის ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, მწერალთა სახლში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. გამომსვლელებმა აფხაზური ენის უნიკალურობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს მისი განუყოფელი ადგილი ქართულ მწერლობასა და კულტურაში.
ღონისძიებაზე გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურენოვანი, ასევე დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნები „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ კონკურსის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამოიცა. პროექტი მიზანად ისახავს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებას.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას ელჩის მოადგილე ილია ნაჩევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.
დღესვე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენები გადაეცათ.
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის, არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ახალგაზრდებს სწავლის პროცესში წარმატება უსურვეს. მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამები და პროექტები გააცნო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის ხორციელდება.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს. მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ღონისძიებას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.
მოლაპარაკებების მომდევნო, 57-ე რაუნდი, მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე აფხაზეთიდან დევნილ, სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის ფორმატში სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის და სწავლის დაფინანსების საკითხებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტების ხელშეწყობის და სწავლის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების მოგვარების მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე იმსჯელეს. ღონისძიების ბოლოს რუსლან აბაშიძემ და ლევან ჩაკვეტაძემ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სტუდენტებთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული პერფორმანსი აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების შესახებ, ელარჯის მასტერკლასი. გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი. მოეწყო აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ქსოვილების გამოფენა და მასტერკლასები კალიგრაფიაში.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის „გუმბათი“ მონაწილეობით შესრულდა აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები.
პრეზენტაციის ბოლოს, დიდ სცენაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის პირველი გამოსვლა გაიმართა. დღესვე, ბავშვთა ანსამბლს აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.
„აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.