- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაღის მე-6 ოლქის მერს, ონდრეი კოლარჟს შეხვდა, რომელიც ასევე ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
შეხვედრა ქართული დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პრაღა 6-ის მერის მოადგილე იან ლაცინა, ქართული დელეგაციისა და ჩეხური მხარის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ფილმის ავტორია მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი ქეთევან ხოსიტაშვილი, რომელმაც „კვირას“ ჯგუფთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა.
საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით არსებული რეალური სურათი. ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას გმირობასა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელმაც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას. მისი თქმით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის, როგორც საქართველოს ეროვნული გმირის, ისე ზოგადად, აფხაზეთის ომის და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის საზოგადოების წინაშე.
27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტორეპორტიორ შახ აივაზოვის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.
დღესვე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტის ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართა. საექსპოზიციო მასალები 2008 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს მხარდაჭერით შეიქმნა. საგანძურმა უკვე იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაკის პანთეონში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად და დევნილად საკუთარ სამშობლოში.
დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ჰყავს და აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. უთანხმოების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა.
ჩვენი გმირების სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით, გაძლიერებული ძალისხმევით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მივაღწიოთ შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას. მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ დაპირისპირების მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო ევროპული მომავლისა და კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც საქართველოსთვის მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში როზმარი დიკარლომ.
ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა დააჯილდოვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული ნიკა ბაძაღუა, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 3 000 ლარის ოდენობით. შესარჩევი კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს საკუთარი გზავნილით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამების განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების გაძლიერების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე უფრო დეტალურად იმსჯელებს.
აღსანიშნავია, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს აფხაზეთის სკოლების ონლაინ საკვირაო სკოლა, რომელიც 80 მოსწავლეს აერთიანებს. 2022 წლის იანვარში კი, შეიქმნა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამა“, რომლის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხელშეწყობა.
შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ხელმძღვანელი ანა კუდუხაშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ქუთაისში, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, შენობას უტარდება როგორც ფასადის, ასევე ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. პროექტი დასკვნით ეტაპზეა, 100 მოსწავლე და 22 მასწავლებელი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებს სწავლას.
ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოები აფხაზეთის სხვა სკოლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებს გაეცნო.
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ინიციატივით და საერთაშორისო ორგანიზაცია „Open Fun Football Schools“-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მინი ფეხბურთში მასტერკლასი გაიმართა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, თბილისში, აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. რუსლან აბაშიძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ რუსთავში წარმატებით დასრულდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ყველა მონაწილეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ორი თვის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები საგანმანათლებლო და შემეცნებით ტრენინგებში მონაწილეობდნენ, სადაც ახალგაზრდებმა ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებსა და სხვა თემებთან დაკავშირებით გუნდური მუშაობის გამოცდილება მიიღეს.
პროექტის დახურვას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „2021 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ მოხსენებით წარსდგა.
რუსლან აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იქ ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს. მთავრობის თავმჯდომარის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სახელმწიფოს სხვა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა, რაც დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
რუსლან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ურთიერთობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამინისტროებთან თანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას ამუშავებს.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის მიმართულებებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც განთავსებულია დევნილთა კომპაქტური დასახლებები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული დევნილი მოსახლეობის უფლებები და გაუმჯობესდეს მათი საცხოვრებელი პირობები.
სხდომის დასასრულს, რუსლან აბაშიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, მზადყოფნა გამოთქვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 56-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე დაისვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობას.
განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.
აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების და დეოკუპაციის მიმართულებით გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და ამ მხრივ ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და ეფექტიანი ძალისხმევის საჭიროებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ორი ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ინვენტარი გადასცეს.
პროგრამები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ განხორციელდა. ორივე პროგრამის ფარგლებში, 164 აპლიკანტიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა. სამეწარმეო, სამშენებლო და აგრარული დანიშნულების შესაბამისი ტექნიკა და ინვენტარი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 19 ბენეფიციარს გადაეცა.
ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით რუხი მოლში, აფხაზეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ ქალაქ ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სტუმრები ასევე ჩირის საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
სოციალურ საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდნენ. საწარმო ათასობით აფხაზეთიდან დევნილს მოემსახურება და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ.
პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ ახორციელებს.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის „პრაქტიკული რეკომენდაციები ხილ-ბოსტნეულის ჩირებისა და ცუკატების წარმოების საკითხებში“ პრეზენტაცია, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.