- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
„რუსეთი უკვე წლებია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფას.
მათი პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ჩვენ გონივრულად, სამშვიდობო პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
როდოსის მერიამ საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა და მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის გუბერნატორსა და მიტროპოლიტს შეხვდნენ და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
საერთაშორისო ბანაკი საბერძნეთში, როდოსზე სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.
ბანაკის ბენეფიციარები ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდები არიან .
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობა, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია, დიალოგის ხელშეწყობა და შერიგების მხარდაჭერა მთავრობისა და მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
აღსანიშნავია, რომ სალონიკში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა, მარინე გითოლენდია და სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.
რუსლან აბაშიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პირადად შეხვდა და მიუსამძიმრა.
მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დროშები დაეშვა - დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ერთობლივად გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ დევნილთა დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, რომელიც ამორტიზებული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ბაღის - „ოცნება“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპორტული მოედანი მოეწყო.
ადგილზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
აფხაზეთის სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ.
კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოეწყო საბუნებისმეტყველო STEM კლუბი „ჩხირკედელას“ მასტერკლასები. მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს - დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და რამდენიმე სპორტული აქტივობა თავადაც გამართეს.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, ბანაკში მიღებული გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები და ნამუშევრები წარმოადგინეს.
ბანაკის დახურვის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებული და სოციალურად დაუცველი 80 მოსწავლე მონაწილეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. რუსლან აბაშიძემ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიას, მფრინავები - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი, მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, ექიმები - ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი შეეწირნენ.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოსა და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ, საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე აფხაზეთის გუნდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ ზურაბ ქალდანს მრავალწლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სპორტსმენებს ლუკა ღვინჯილიას, ალექსი თოდუას, ჯონი ცხადაიას და გიორგი შონიას მიღწეული შედეგები მიულოცა და სიგელები გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
ზურაბ ქალდანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია უმცროს კადეტებში, U-15 წლიანებში და აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლის 17-18 ივლისს, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველობა მოიპოვეს.
ლუკა ღვინჯილია მიმდინარე წელს რომში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის პრიზიორი გახდა. იგი სხვადასხვა წელს საქართველოს ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული სპორტსმენია. ლუკა 2022 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი 20 წლიანებში, ხოლო პრიზიორი 23 წლიანებში. 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი კადეტებში, 17 წლიანებში და საქართველოს ჩემპიონი უმცროს კადეტებში, 15 წლიანებში.
ალექსი თოდუა 2022 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია კადეტებში, 17 წლიანებში, ხოლო 2021 წელს როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია.
ჯონი ცხადაიამ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ასპარეზობებში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. ჯონი 2022 წელს 23 წლიანებში გახდა საქართველოს პრიზიორი, ხოლო 2020-2021 წლებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 20 წლიანებში.
გიორგი შონია თავისუფალ ჭიდაობაში 2021 წელს საქართველოს პრიზიორი გახდა 20 წლიანებში, ხოლო 2022 წელს საქართველოს პრიზიორი 23 წლიანებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო, ასევე საოჯახო არქივებზე დაყრდნობით, აფხაზეთის თემატიკაზე ანიმაციური სერიების მომზადებას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამუშაო პროცესს. ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
პირველ ეტაპზე ანიმაციის ფორმატში მოხდება ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ გადაყვანა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის წარმომადგენელი, EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელები, თსუ-ის პროფესორები.
პროექტი აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის და ინფორმირებულობის მიზნით ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიეძღვნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების – ალფრედ კურატაშვილის, ნათელა მაისურაძის და ოთარ დავითაშვილის ხსოვნას.
კონფერენციაში მონაწილე სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის დარგში წამყვანმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა გაუზიარეს და განიხილეს დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.
კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა და ხელისუფლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევარები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. ბიუსტი ფრანგულ პარკში დაიდგა და მისი ავტორია მოქანდაკე ბადრი სხულუხია.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე გენო ადამიას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დავით თევზაძემ, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა კობა გრიგოლიამ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, ყოფილი 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველმა მოადგილემ სპარტაკ მარხულიამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ დარჯანიამ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
გენო ადამიას ბიუსტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით და მხარდაჭერით შეიქმნა.
გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 27 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დაპირებისამებრ, 2022 წლის სექტემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის სახელფასო ფონდი გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე თეატრის დარბაზი განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია მონაწილეობდნენ.
ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის საჯარო მოხელეებისთვის პროექტი „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“ დასრულდა.
პროგრამის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტის ფარგლებში, დღეს ასევე, ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მინისტრის აპარატის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავთ ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 4 ივლისს-დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ურყევ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ.
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და ვაფასებთ აშშ-ის უპრეცედენტო მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით. აქვე, გვსურს მადლობა მოგახსენოთ, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში აშშ-ის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ამერიკელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის ბრძოლა ერთის მხრივ, უმაგალითო თავგანწირვის, შეუპოვრობის, ერთიანობისა და გმირობის სიმბოლოა, ამასთანავე მომავალი თაობისთვის კარგი საჩვენებელია თუ რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ქედს ვიხრით, ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, ვინც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა. თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს და დავაფასოთ საქართველოს ერთგული შვილების თავგანწირვა.
სამწუხაროდ, წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვუზრუნველყოთ მშვიდობა, რათა ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს. ჩვენი ვალია ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით. ჩვენ აფხაზ საზოგადოებასთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით უნდა ავაშენოთ საერთო მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულება იქნება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.