- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
თბილისის მერიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს მომავალი პარკის კონცეფცია გააცნო. ახალი პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარ ფართობზე გაშენდება, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ტერიტორიაზე შეიქმნება მწვანე სივრცე და მოეწყობა გასართობი და დასასვენებელი ზონები, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დღესვე, თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონში 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის გამარჯვებულები თასებითა და სამახსოვრო პრიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების დისპენსერები მონტაჟდება და ერთჯერადად სადიზინფექციო ხსნარი გადაეცემათ. ობიექტებზე სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ ხორციელდება.
შერჩეულ ობიექტებზე დისპენსერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გადაცემა უკვე დაწყებულია და ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 ერთეული დისპენსერის მონტაჟი იგეგმება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ 1323 ობიექტზე განხორციელდა.
ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ხელმძღვანელი მინდია სილოგავა იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დევნილებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მესამე ნაკადი გაემგზავრა.
დევნილები 20-დღიან უფასო კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს. პროგრამით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა
გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატივი მიაგეს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. მიმდინარე ოკუპაციის, არსებული სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს, ვინაიდან მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.
ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისადმი პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე.
სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას.
უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას.
აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.
საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!
საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.
საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.
საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით. ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, - როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.
მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს - საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.
აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნების უპრეცედენტოდ მაღალმა რიცხვმა მხარი დაუჭირა საქართველოს და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ადასტურებს მათ უფლებას, ღირსეულად დაბრუნდნენ წინაპრების სახლებში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე გაჟღერდა მთავრობის ახალი ინიციატივები. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს, იმსჯელეს მათი განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამუშაო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრაზე, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით ახალგაზრდული ფორუმების და კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობაზე, კვლევებისა და სხვადასხვა საინფორმაციო მასალების ონლაინ პლატფორმებზე განთავსებაზე.
წარმატებულ ახალგაზრდებთან შეხვედრები პერმანენტულად იმართება. ახალგაზრდულ პლატფორმას დღეს ახალი მონაწილეებიც შემოუერთდნენ.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემებზე "მე ევროპელი" და "მომავლის აფხაზეთი" ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.
საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, ქართული ბრენდის "ANOUKI" კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ნაშრომები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟუნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ „იალქნის“ სექტემბრის ნომრებში დაიბეჭდება, ხოლო რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს, რომელიც ანუკი არეშიძემ გამოავლინა, თავის კოლექციაში გამოიყენებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს შეხვდა.
ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ ესტონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ჯაბა სამუშიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ისაუბრეს ფონდის საქმიანობაზე, სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და მიზნობრივ პროექტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.