მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო  „მუზაში“ონლაინ კონკურსის ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს ფულადი ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სახელობითი ჯილდოები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.

  პროექტში მონაწილე ჟურნალისტები  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსის  ,,ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ  საზოგადოებაში   ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ  დიღომში, ბ. პაიჭაძეს ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

რუსლან აბაშიძემ   დევნილებს აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში  არსებული პროექტების და პროგრამების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი  დავით ძალამიძე მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად  არსებულ ვითარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში  COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

რუსლან აბაშიძემ და ლუიზა ვინტონმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა  და  საერთო მიზნებზე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-მოეწყო. ღონისძიებაზე ონლაინ კონკურსების მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“. გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა .

ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაცათ, ასევე მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამარჯვებულ კონკურასნტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს.

2020 წლის 3 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, 84 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერის მორიგი ძლიერი დადასტურება.

რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს,  რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიაობის აღდგენის, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი მოგვარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  დევნილი საზოგადოების  სახელით, მადლობას ვუხდი  ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი და იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები და დასუფთავების აქცია მოეწყო.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მონაწილეობით გაიმართა და მასში სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებებიდან აფხაზეთიდან დევნილი 10-14 წლის ასაკის ბავშვი მონაწილეობდა.

ორივე მუნიციპალიტეტში სამი დღის განმავლობაში საფეხბურთო ტურნირები ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ასპარეზობდა. მატჩების დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებით და სპორტული ინვენტარით დაჯილდოვდა, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს საჩუქრად სპორტული ფორმები  გადაეცა.

ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროგრამის "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვა" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფუზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. სოხუმის თეატრი მაყურებლის წინაშე გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ წარსდგა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება, საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა -  ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, Covid-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, იწყებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამბულატორიული დახმარების პროგრამას - "კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები დასავლეთის რეგიონში".

პროგრამა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით. ბენეფიციარები პროგრამით სარგებლობას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ.

მსურველებმა განცხადება უნდა გადააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : contactus@mhsa.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად აფხაზეთში, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

“14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 28 წლის წინ  უცხო ძალის მიერ ინსპირირებულმა დაპირისპირებამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა აფხაზეთის საზოგადოება.

დიდი ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის და სხვა მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის   დევნილი   საზოგადოების  აქტიური მონაწილეობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეოკუპაციისა და დაპირისპირების  მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მჯერა, მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზებს, გავაერთიანებთ აფხაზეთის საზოგადოებას და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში  გაიმართა. შეხვედრაში   დისტანციურად ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვედეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ესტონეთი, იტალია, ჰოლანდია, აზერბაიჯანი, რუსეთი)  16 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს და დღემდე იმავე ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე,  მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც  ახალგაზრდების მხარდასაჭერად ხორციელდება. ისაუბრეს ასევე დევნილი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, აფხაზეთის წარსულსა და დღევანდელობაზე, სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ხედვები გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები მომავალში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

შეხვედრის ბოლოს  მონაწილეებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელსაც ასევე საქართველოც შეუერთდა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“  ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“გოგონების გუნდმა ახმეტის "თუშეთთთან" იასპარეზა, რომელსაც 8:0 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქალთა გუნდებს შორის 2020 წლის სეზონი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიხსნა და თამაშში 14 გუნდი მონაწილეობდა.

მატჩის წინ სოხუმის დინამოელებმა ქუთაისის "მართვე"-ს ქალთა გუნდის და თბილისის "საბურთალო"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძის და გიორგი შაქარაშვილის  ხსოვნას პატივი მიაგეს  და მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ.

საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო, რომელმაც სოხუმის “დინამოს“ ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ომს უამრავი ადამიანური მსხვერპლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეკონომიკური ზარალი და დევნილების ახალი მრავალრიცხოვანი ტალღა მოჰყვა. ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აგრძელებს მილიტარისტულ პილიტიკას ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები საზოგადოების მიმართ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის, კულტურისა და ენის არსებობას.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.