- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწყებულ აქციას წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ შეუერთდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მდებარე აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც დევნილ ახალგაზრდებს მაღაზია „ბიბლუსის“ მიერ გადმოცემული წიგნები გადასცა.
ღონისძებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია იმყოფებოდა.
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.
„უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა. პირველ რიგში ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკა არის შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად. აქ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაწყებული ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებით, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა რა თქმა უნდა ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას და ოკუპაციის პრობლემების მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის და მათთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეს, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ ვაწვდით დღეს ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად და აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ეს არის ის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოებისთვის , ასევე საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიულ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-ე და 50-ე რაუნდები იყო კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ ვამკვიდრებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ეს მშვიდობიანი გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობო აღდგენა. ეს იყო და არის ერთადერთი კომპონენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამშვები პუნქტების გრძელვადიანი გაჩერება, გადაადგილების გრძელვადიანი შეზღუდვა პირდაპირ არის რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.
პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მარტვილის კანიონში უმასპინძლა. მოზარდებმა მდინარე აბაშაზე ნავებით გაისეირნეს და კანიონის ულამაზესი ადგილები დაათვალიერეს.
დღესვე ახალგაზრდებმა დადიანების სალხინოს სასახლე მოინახულეს და მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქვის და ბრინჯაოს ხანის უნიკალური არქეოლოგიური მასალაა დაცული.
დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ჩართული იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია.
ღონისძიებაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა“ სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა“ სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად კულტურის ცენტრის და საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა.
რუსლან აბაშიძე და ლადო ჯურხაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის კულტურის ცენტრის განვითარების მიმართულებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნახატი გადასცა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია, სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საქმიანობის ზოგადი მიმართულებები განიხილეს. „საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორმა იგორ კოპალიანმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ცენტრის სტრატეგია და პრიორიტეტები წარუდგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა სსიპ-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ბაზაზე და მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს აფხაზეთთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა. ინფორმაციის სისტემატიზაცია, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალისა მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს სტურქტურული ერთეულების საქმიანობაზე და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, დევნილთა საკითხებზე საქართველოს ცენტრალურ უწყებებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა.
საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და კერძო კომპანიების დახმარებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად განხორცილებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. რუსლან აბაშიძემ COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისა და ოპერატიული მუშაობისთვის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს სიგელები გადასცა..
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილეები, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„20 ივნისი გაეროს მიერ ლტოლვილთა მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. დღევანდელ დღეს, საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავზე უსამართლობა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა გამოსცადეს.
ამ დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო განსაკუთრებით ხაზს უსვამს დევნილი და იძულებით გადადგილებული პირების უფლებების დაცვის და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია სწორედ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაზე, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განწყობას და საქართველოს ხელისუფლების მიდგომას დევნილთა პრობლემების მოგვარების მცდელობებთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული სამშვიდობო პოლიტიკის პირობებში საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენების მეშვეობით, შესაძლებელი იქნება უსამართლობის დარეგულირება და სამართლებრივი სტატუს ქვოს აღდგენა“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ დირექტორ თამარა წულეისკირს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიების, სემინარებისა და კონკურსების სახით.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფის ჩართულობის გაზრდაზე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში.
შეხვედრაში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია მონაწილეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში აფხაზეთიდან დევნილ ბავშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ბავშებს სიმბოლური საჩუქრები და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ გამოცემული ჟურნალები გადასცა.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს „გარემოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ბავშვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო-შემეცნებითი ბუკლეტები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და დევნილი საზოგადოების ჩართულობით ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის საკითხები განიხილა.
საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად განხორცილებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორცილებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიმოიხილა კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული დახმარების საკითხები. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს დევნილი საზოგადოებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვა გაიმართა.
რუსლან აბაშიძემ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და მინისტრებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მინისტრ როლანდ ნიჟარაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში კორონავირუსის პანდემიის გამო განხორცილებულ ცვლილებებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი პოზიციისთვის და აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.
რუსლან აბაშიძემ კელი დეგნანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიატუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ელჩმა აღნიშნა, რომ COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს საქართველო ძალიან ეფექტურად უმკლავდება.
მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და საელჩოს წარმომადგენელი ქეთლინ ნათი მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და ნეგატიური სოციალური შედეგების შემცირების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა, რისთვისაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 1 006 000 ლარი გამოიყო.
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებდა.
საუბარი შეეხო იმ აქტივობებს, რომლებიც აღნიშნული პერიოდისთვის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის, პოსტპანდემიური ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის და საზოგადოებრივი სოლიდარობის აქტივიზაციის მიმართულებით გაკეთდა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე.
მოხსენების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში დღეს შევაჯამეთ ახალი COVID-19-ის პანდემიის პირობებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა. ვირუსის გავრცელების პირველი დღეებშივე აფხაზეთის მთავრობაში შევქმენით სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელიც საქმიანობას საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით და მათი შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მიგვეღო მაქსიმალურად ეფექტური შედეგი როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის დასაცავად. ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი ფინანსური და ადამიანური რესურსი.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს, როგორც დევნილი საზოგადოების, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებაში.“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.