მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ COVID-19-ის პანდემიის დროს, საველე პირობებში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიის ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს მადლობის სიგელები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომლებმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

შეხვედრაზე ასევე  აფხაზეთის პოლიკლინიკების გაძლიერებსა და სამომავლოდ სერვისების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ უიბლერს შეხვდა.

პიტერ უიბლერმა  USAID-ის მიერ  საქართველოში დევნილი მოსახლეობის მონაწილეობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და ერთობლივ პროექტებში როგორც დევნილი, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მზადყოფნა გამოითქვა. რუსლან აბაშიძემ USAID-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით დევნილი საზოგადოების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის  საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მასშტაბები და იქ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დ ა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

ასევე, განიხილეს აფხაზური ენის დაცვისა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, საჭიროების შემთხვევაში USAID-ის წარმომადგენელმა მხარდამჭერ პროექტებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრეს აფხაზეთის საზოგადოებ  ის გაერთიანების აუცილებლობაზე და დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ფაქტორის გაძლიერებაზე.

შეხვედრას საქართველოში USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ახალგაზრდებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საჩუქრად კეპები და მაისურები გადასცეს.

აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, მოადგილე ვალერი ბასარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია მონაწილეობდნენ.

გაეროს გადაწყვეტილებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

რუსლან აბაშიძემ ექიმებს COVID-19-ის პანდემიის დროს მათი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს გამოავლინეთ. თქვენ პირველივე დღეებიდან უწყვეტად მორიგეობდით ენგურის ხიდზე და ყველაფერს აკეთებდით ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ქუთაისში, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა. საჩუქრები „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს, რაც დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში და აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

ასევე პროექტის ფარგლებში ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“ იმართება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და გამაჯვებულები 15 სექტემბერს გამოვლინდებიან.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ და ახალგაზრდებს საჩუქრები გადაცეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გელენავამ, „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა ბესიკ ჭანტურიამ.

საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებას და შეშფოთება გამოითქვა, იმ ფაქტის მიმართ, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა კვლავ გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თვალსაზრისით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, ძალის არგამოყენებაზე, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე და იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

მხარეები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისათვის და პროვოკაციების აღსაკვეთად, კონსულტაციებისა და ონლაინ შეხვედრების რეგულარულ ფორმატში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სფეროში პოლონეთის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გამოთქვა სურვილი მიღებული გამოცდილება  ქართულ მხარეს გაუზიაროს. თავის მხრივ მარიუშ მაშკევიჩი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა.

მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით დევნილი საზოგადოების ჩართულობით.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი მარცინ მამონი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რან გიდორს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა.

რან გიდორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

მთავრობის თავმჯდომარემ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ, ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა. საუბარი შეეხო საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, იძულებით პასპორტიზაციას, ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვას და სხვა.

ასევე, რუსლან აბაშიძემ რან გიდორს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს ისრაელის ხელისუფლების მხრიდან ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

ისრაელის ელჩი ასევე დაინტერესდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობით. რაზეც, მიიღო ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

მხარეებმა ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაში თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მოადგილეები დავით მიქავა და გიორგი ბულისკერია, სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე მონაწილეობდნენ.
 
შეხვედრაზე დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივები.
იტალიის რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში
მის აღმატებულება ენრიკო ვალვოს
 
თქვენო აღმატებულებავ,
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის საზოგადოების სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ პირადად თქვენ, მივულოცო იტალიელ ხალხს და იტალიის მთავრობას „რესპუბლიკის დაარსების დღე“.
 
საქართველოსა და იტალიას მეგობრობისა და ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქართულ-იტალიური ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ.
 
ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის რესპუბლიკის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით. ჩვენ მადლობას ვუხდით იტალიის სახელმწიფოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
 
აქვე, გვსურს მადლობა მოგახსენოთ, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში იტალიის რესპუბლიკის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.
 
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება აფხაზეთიდან იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებ იტალიის რესპუბლიკას მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აცხადებს ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.

ლიტერატურული კონკურსის თემებია:

„მე ევროპელი“ 

„მომავლის აფხაზეთი“. 

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას.  

ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word პროგრამაში, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5. თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი და ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

ნახატის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 21X29 სმ-ის. 

ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი მონაცემები:  სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, სკოლა ან უნივერსიტეტი.

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: culture@csya.ge

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 სექტემბერს. 

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრი”, ჟურნალ „რიწის“ რედაქცია, ჟურნალ „იალქნის“ რედაქცია, ბრენდი „ANOUKI“.

გამარჯვებული ნაშრომი (პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ იალქნის სექტემბრის ნომერში, ხოლო ესეების კონკურსში სამ გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცემა ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები. 

რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს გამოავლენს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №2 სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორს შეხვდა, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო ნომრები გადასცა. საჩუქრები „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ“ და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრმა“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში უზრუნველყვეს. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი თამარა წულეისკირი  და „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია.

ასევე, დღეიდან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ცხადდება შემოქმედებით-ლიტერატურული კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება. კონკურსის თემებია: „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“. მონაწილეებმა უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები. კონკურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები (პროზა, პოეზია, ჩანახატები და ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“  და ჟურნალ  „იალქნის“ მომდევნო ნომრებში, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებულ 3 ახალგაზრდას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები გადაეცემა. ​რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს აარჩევს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და მას კოლექციაში გამოიყენებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში  ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ანტონ კორინევიჩი,  პირველი მოადგილე დარია სვირიდოვა და მოადგილე თამილა ტაშევა მონაწილეობდნენ.

კონფერენციის დაწყებისას მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს.

რუსლან აბაშიძემ და ჯემალ გამახარიამ უკრაინულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, იძულებით პასპორტიზაციას, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვას, ქონების საკუთრებაში ფლობის უფლების ჩამორთმევას, ჯანდაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მილიტარიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესებს.

თავის მხრივ უკრაინულმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის მსგავსებებზე.

შეხვედრის ბოლოს ქართულმა და უკრაინულმა მხარემ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ვიდეოკონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ინფექციის გავრცელების თითოეულ ეტაპზე  საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

26  მაისი  საქართველოს  სუვერენიტეტის  აღდგენის  დღეა,  რისთვისაც  თაობები  იბრძოდნენ. 

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  სახელით  ვულოცავ  სრულიად  საქართველოს,  აფხაზეთის  საზოგადოებას  ისტორიული  სამართლიანობის  აღდგენას. 

ჩვენი  ქვეყნის  საზოგადოების  სულიერმა  და  მორალურმა  სიძლიერემ  განაპირობა,  რომ  ქვეყანას  არ  მოკლებია თავისუფლებისთვის  მებრძოლი  პიროვნებები. 

დღევანდელი  დღეც,  ყოველ  ჩვენთაგანს  გვავალდებულებს  გავითავისოთ   ქვეყნის,  ერის  და  მომავალი  თაობების  წინაშე  არსებული  ჩვენი  წილი  პასუხისმგებლობა,  ვინაიდან  დამოუკიდებლობა  სრულყოფილი  ვერ  იქნება, ვიდრე  ოკუპირებული  ტერიტორიები  არსებობს.

მჯერა,  რომ  საქართველო  იქნება  ერთიანი,  ძლიერი,  დემოკრატიული  სახელმწიფო,  რომელიც  ღირსეულ  ადგილს  დაიმკვიდრებს ერთიან ევროპულ  ოჯახში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.