მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 16 ივლისს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დაიწყება ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“. პროექტი მოიცავს როგორც საგანამანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ზაფხულის განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან გაეცნობა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება. 

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მთელი გულით ვუერთდები ფრანგი ხალხის დღესასწაულს  და ვუსურვებ მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორ ზაზა ავალიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სასუნთქი გზების  ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებისათვის უფასო კურსს ითვალისწინებს.   პროგრამა მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გაივლიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითანამშრომლებს საორგანიზაციო საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი დევნილი პირი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თამარ როსტიაშვილი ესწრებოდნენ.

სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მონაწილეობით თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების ტეროტორიაზე 3x3 კალათბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირში გამარჯვებული ახალგაზრდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის ყველა მონაწილეს სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ლიკა ქაჯაია და ცნობილი ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.

ტურნირის პარტნიორი იყო მინერალური წყლების კომპანია ბორჯომი.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში გაივლიან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის დევნილი სტუდენტები სტაჟირებას სპეციალობების მიხედვით გაივლიან და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ. სტაჟირება მომავალ სპეციალისტებს დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და სამუშაო ჩვევების შეძენაში დაეხმარება. სტაჟირების შემდეგ მეწარმეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტები დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს. 

საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებსა და აფხაზურ კულტურასა და ენასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განათლების სფეროში და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია იმყოფებოდნენ.

წირვის ბოლოს, მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა.

1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,  ქართველები მოწინააღმდეგის იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.

კამანის ტრაგედიის დღეს, იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და  აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა  ტაძრის ეზოში მოწამეობრივად აღესრულნენ. ისინი ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ თავისი სულიერი მრწამსის და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს, სამშობლოს რომელიც ყველასთვის ერთი იყო. მამა ანდრია  და  იური (გიორგი) ანუა დაკრძალული არიან კამანის ეკლესიის გალავანთან.

1988-1990 წლებში იური ანუამ სოფელ კამანში არსებული ნგრევისპირას მისული, იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი, საკუთარი სახსრებით აღადგინა და წმ. იოანე ოქროპირის სასწაულმოქმედი ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კამანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნა. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა და იური (გიორგი) ანუას გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს გილოცავთ ეროვნული დღესასწაულს- ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული, რომელიც შეუქცევადი ხასიათის მატარებელია და ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს  წარმოადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მუდმივ მცდელობაში, აფხაზეთიდან დევნილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების აუცილებლობის მუდმივ მხარდაჭერაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება. 

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო ამერიკელ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ რეზო ჯაფარიძეს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ფარგლებში გადასაადგილებელი ეტლი მთელი საქართველოს მასშტაბით 16 აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირს გადაეცემა.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა დუშეთში, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მემორიალთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის  უახლეს ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის  ბრძოლა საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი ჯარისკაცების  თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი. პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე. ყოველი ასეთი დღე  მაგალითია ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რათა არასდროს დაივიწყონ როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები და წინაპრები სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს  მშვიდობა  და  ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ნორვეგიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ უცხოელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებს და COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში დევნილი საზოგადოების ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში  სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინა მათი სოციალური პრობლემები და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ უწყების 6 თვის ანგარიში წარადგინა. საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს მინისტრის აპარატის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებს.

პრეზენტაციაზე პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებები - „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ და „სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ განიხილეს. 

შეხვედრაზე,  ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.