მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ ვიცე-პრეზიდენტები მარიამ რასტი და მარიამ დვალიშვილი თბილისში მდებარე აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ქალბატონებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. აქცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ასევე ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული, აფხაზეთიდან დევნილი თემურ ბოკუჩავას დედას შეხვდნენ და სამშობლოსათვის თავდადებული გმირის დედას, დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. 

გუშინვე ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო ყველა დედას და ქალბატონს ჩვენს ქვეყანაში. მათ, ვისაც დიდი პასუხიმგებლობა აკისრიათ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდაზე და შესაბამისად, საქართველოს ღირსეულ მომავალზე.

განსაკუთრებით ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ დედებს, რომლებმაც ყველაზე მძიმე დანაკლისი განიცადეს, ვინც სხვადასხვა გარემოებაში დაკარგა შვილები. ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, დიდ ჭირ-ვარამ გადატანილ, ოკუპირებული აფხაზეთის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დედასა და ქალბატონს.

მოწიწებით ვიხრი ქედს საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის და ნათელი მომავლისათვის შეწირულ გმირთა დედების წინაშე.

ყველა დედას, საქართველოში მცხოვრებ ქალბატონს ვუსურვებ ბედნიერებას, ღვთის წყალობას, უშფოთველ და სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და უმთავრესს  - შვილების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.

კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მათ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა.

„როგორც ერთი თვის წინ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დაგპირდით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი სახელგანთქმული აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელსაც ნიჭიერი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს და ამ საჩუქრით მინდა მოგილოცოთ დედის და ქალთა საერთშორისო დღე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჟიული შარტავას გმირობის ეპიზოდები გაიხსენა. სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს ქალაქ სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან - საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანეს. 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ და ვლადიმერ იმნაძემ დედებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს  მადლობა საქართველოს ერთიანობისთვის მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

 

ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროს გიორგი ქაშიბაძეს, ომის ვეტრანებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ისაუბრეს არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.

შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ „ბათუმის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, სოხუმისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზურ თემს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მონაწილეობდა.

მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორცილება დაგეგმეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აჭარის მწერალთა კავშირისა და აფხაზური თემის წარმომადგენლები და მწერლები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დღეს დოკუმენტური ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლების ახლანდელი მდგომარეობა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დღეს გაიხსნა და კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევაზე, ასევე ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზეა ორიენტირებული.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული ძალისხმევისთვის და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზებისა და ქართველების სამარხების მოძიება ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამიერიდან ყველა ჩვენგანი და განსაკუთრებით ოჯახის წევრები შევძლებთ მივიდეთ მათ საფლავებთან და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, რომელშიც ჩართული იყო დევნილი მოსახლეობა, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო გარემოს დაცვის კუთხით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებული  ვითარება. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანასა და ამერიკული თეთრი პეპლის მიერ გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, ასევე კოლხური ბზის მდგომარეობას. აღინიშნა სპეციალისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის შესწავლის აუცილებლობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსავლიანობის კლების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მოვლაა.

ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელშიც თანაბრად იქნებიან ჩართული აფხაზი და ქართველი სპეციალისტები.

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2018-2021 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რადგან ეს პირდაპირ აისახება დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი მონაწილეობდნენ. არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს ვაჟა დურგლიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

სასტუმრო „რადისონში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს და მათი მნიშვნელობას.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან  გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.