- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს, განიხილა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ხასიათის საკითხები.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს მიეცათ დავალებები რათა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით უზრუნველყონ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო პროგრამაში აქტიური ჩართულობა.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და საქართველოში ჩეხეთის სათვისტომო ზლატა პრაღას ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით ჰუმანიტარული აღზრდა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარება გაიმართა. ღონისძიება სვეტლანა ქეცბას ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციაზე განიხილეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისათვის საზოგადოების ჰუმანიტარული აღზრდის საკითხი ზნეობრიობის, სულიერების, ეკოლოგიური პრიორიტეტების, ხარისხის პრიორიტეტებისა და პატრიოტიზმის კუთხით.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩეხეთის სათვისტომო „ზლატა პრაღას“ პრეზიდენტი ჰაროლდ შმალცელი და თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 43-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართული დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყო.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.
დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.
მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი რთული მდგომარეობა. განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა დისკრიმინაციული ზომების მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია.
მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს და კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას.
მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყო ბოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა მხატვრების ერთ ჯგუფს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდებმა მადლობა გადაიხადეს თბილი მიღებისთვის, მათი შემოქმედებისა და ღვაწლის მაღალი შეფასებისათვის. სამომავლოდ მხატვრები აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით სხვადასხვა გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას.
მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დევნილ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია" გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ქალაქ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მდ. ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“ გაიმართა.
კონფერენციაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები“, „თხილის დაავადებები და ინვაიდერები: ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“ და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ასევე ისაუბრეს მავნებლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. გაიცა პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და რჩევები.
საკითხების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე ადმინსტრაციულ რაიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე და მოწვეულ სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ აფხაზეთის თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადასცა.
დისკუსიის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპონენტის საფუძველზე საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
კინოს სახლის კინოდარბაზში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრების ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმი აგებულია დოკუმენტური მასალებისა და კადრების გამოყენებით და მასში წარმოდგენილია 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების ქრონოლოგია.
ფილმის ჩვენებამდე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის" მომღერალთა გუნდმა და სოლისტმა სოფო ქირიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა „გმირის დატირება" შეასრულეს.
ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ფილმი აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ შეიქმნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ სკულპტურული მემორიალი - „საქართველოსთვის“ ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.
აფხაზეთში 1993 წლის 15-16 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ქართულმა არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა უკან დაეხია. უმძიმესი და უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპნენ და დაიჭრნენ ქართველი მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით ყოველწლიურად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები საზაფხულო არდადაგებს ესპანეთში ატარებენ.
2018 წლის 13 მარტს „FINSOL"-ის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და „FINSOL"-ის პრეზიდენტმა ხულიო გარსია კარპიომ განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლტოლვილთა დანიის საბჭოს სტრატეგიული ურთიერთობების მენეჯერ ნინო ხოხობაიასა და პროექტების მენეჯერ ეკა გვალიას შეხვდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებასა და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მთავრობის თავმჯდომარემ ბერძენ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე და მათ შესასწავლად სეპარატისტული რეჟიმის მიერ ქართველი სპეციალისტების არდაშვებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე, აგრეთვე სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე.
საუბარი შეეხო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, კერძოდ, სოფლის მეურნეობაში აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე, ასევე ისაუბრეს კოლხური ბზის გადასარჩენად განხორციელებულ პროექტებზე.
თავის მხრივ დიმიტრიოს კარაბალისმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ბესიკ სილაგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რუსლან ვეკუას შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა.
აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა მცხეთის მუნიციპალიტეტში 7 შვილთან ერთად ცხოვრობს. რუსლანის მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ, მცირეწლოვან ბავშვებს მარტო ზრდის.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ვეკუების ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან ოჯახში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია იმყოფებოდნენ.
აქცია აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის" მხარდაჭერით განხორციელდა.