- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ახალციხეში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევები ახალციხის „იმედის კლინიკაში“ გაიმართა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი შედიოდნენ.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში) და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
ორი კვირით ადრე ახალციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა გამართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ იურიდიულ საკითხებზე უფასო კონსულტაციების ჩატარებას დაპირდნენ.
აფხაზეთის მთავრობის უფასო იურიდიული მომსახურება დევნილთათვის მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა თემაზე „თეატრალური სოხუმი გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზური თეატრის მოღვაწეები: გურამ ოდიშარია, დავით კობახიძე, გოგი ქავთარაძე, გიორგი რატიანი, მიხეილ რატიანი, დავით საყვარელიძე, ლიანა მიქაშავიძე და თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი.
საღამოზე შესრულდა ზურაბ მჟავიას სიმღერები და პოპულარული კინომუსიკა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გამოჩენილი აფხაზი პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის მუშნი ლასურიას დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ჩუხუამ გახსნა.
მუშნი ლასურიას მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ტიტე მოსიამ.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ მისი მოღვაწეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორებმა მედეა კვარაცხელიამ და მარინე ჯაიანმა.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები მუშნი ლასურიას მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნიდან“.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუშნი ლასურია 1938 წლის 16 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1955 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი. მისი ლექსების ძირითადი თემებია: სამშობლო, ბუნება, სიყვარული. მან აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისფყაოსანი“, ირაკლი აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა!“, გიორგი ლეონიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ჯორჯ ბაირონის თხზულებები და სხვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი" გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორის მრჩეველმა ბადრი გალდავამ მოხსენება გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე.
რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებს ინერტულ მასალას. ამ პროცესმა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მიაღწია. აღნიშნული ქმედების გამო კატასტროფულად შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის რაოდენობა, რამაც თავის მხრივ სანაპირო ზოლში ძალიან მძიმე ვითარება წარმოშვა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა ოჩამჩირეში, მდინარე გუმისთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ კარიერზე და სოხუმში. გარდა ამისა ეს პროცესები აფხაზეთის გარდა, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის მთელ სანაპიროს. ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დროული რეაგირება და სანაპირო ზოლის ხელოვნური ჩარევის გზით აღდგენა.
კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის" წარმომადგენელმა თემურ ვეკუამ და გეოლოგმა ვახტანგ დეკანოიძემ.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ გია და დავით ოგანეზიანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ილია დავიდოვი და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული ნაკრების წევრებს კეიპტაუნში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელს კეიპტაუნში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე დივიზიონში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.
საღამოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლეგები, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე. საღამოზე წაიკითხეს გენო კალანდიას ლექსები, შესრულდა მის პოეზიაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია. საღამო მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. ის იყო შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას ღირსების ორდენი გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო.
საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ვეკუა და მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხეს ლექსები, ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ვახტანგ ყოლბაიამ ილია ვეკუას კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულ ნორჩ მათემატიკოსებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
2017 წლიდან აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელს ატარებს. სკოლაში ფუნქციონირებს მისივე სახელობის მათემატიკური კლუბი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დაწყებითი, ისე ზედა საფეხურის მოსწავლეები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ამერიკის განვითარების სააგენტო „USAID“-ს პროექტ ZRDA თანადაფინასებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ სასუთბურე მეურნეობაში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო. სანერგე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებული 15 პირია დასაქმებული.
პროექტის პირველ ეტაპზე 0,5 ჰა ფართობზე თანამედროვე წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემებით აღჭურვილი სადედე პლანტაცია მოეწყო. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ლურჯი მოცვის 5 სახეობის 4000-მდე ნერგის გამოყვანის მიზნით განხორციელდება კალმების აღება სადედე პლანტაციაში და მათი რეკომენდირებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სათბურში განთავსება. 2020 წლიდან დაგეგმილია მოყვანილი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ეწვია. შეხვდა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ასევე ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლ სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
ანაკლიის სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობისის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული თემის წამომადგენლებისათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობისა და მათი ეფექტურად გამოყენების გზით ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ასევე დევნილთა მხარდასაჭერად და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვით ერთობლივი და თანამონაწილეობითი პროექტების განხორციელებას.
დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მზია ხეთაგურის პოეტური კრებულის "უფლების უფლება" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.
პოეტური კრებული მიძღვნით ლექსებს აერთიანებს და დაყოფილია ციკლებად. კრებულში შესულია 200-მდე ადამიანისადმი მიძღვნილი ლექსი. წიგნში ცალკე ციკლად არის შესული "მავთულხლართები", რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს ეხმიანება.
საღამო მუსიკალურად ანსამბლ"ლიახვის" მიერ იყო გაფორმებული, სადაც მზია ხეთაგურის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შესრულდა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
23-25 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი იმართება.
როუზ-როსის 97-ე სემინარში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებიან.
სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერისა და აკადემიკოსის ხსოვნას.
ილია ვეკუას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნება ზუგდიდში მდებარე მისივე სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო შეხვედრები, კონკურსები და ოლიმპიადა. მოსწავლეები შეხვდებიან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განათლების დოქტორებს რეზო გულუას და ოთარ გუგუჩიას, კვირეულის ფარგლებში გამოვლინდებიან ნორჩი მათემატიკოსები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლიდან დიდი მეცნიერის პატივსაცემად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ყოველწლიური სტიპენდია.