- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი 550-მდე დევნილ ოჯახს გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
აქცია ქალაქ თბილისის მერიის, ტერაბანკისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
სააღდგომო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და ა.შ.
საქველმოქმედო აქცია მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში რეჟისორ გიორგი ქანთარიას სპექტაკლ „ნაბუშრების" პრემიერა გამართა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი შექმნილია მარტინ მაკდონაჰის „ობოლი დასავლეთის" მიხედვით.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
"ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" საქართველოს ოფისში საინფორმაციო სააგენტო "აქცენტის" ორგანიზებითა და ფონდის მხარდაჭერით რიგით მეორე მრგვალი მაგიდა ჩატარდა თემაზე "ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია: თბილისი, სოხუმი, ცხინვალი". ღონისძიების მსვლელობისას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე ექსპერტებმა ამ მიმართულებით სადღეისოდ არსებულ გამოწვევებზე და კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 8-9 აპრილს, მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა დიდებს შორის, ბირთვის კვრაში კი 1999-2003 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებში.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს მძლეოსნებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ღია პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში მძლეოსნობის განვითარებას და მის პოპულარიზაციას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.
ძმებო ოსებო!
დადგა დრო, როცა გაჩუმება ღალატის ტოლფასია, უმოქმედობა კი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიამ არა ერთი და ორი მაგალითით ამხილა. ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი და თავჩაქინდრული მოსალოდნელი კატასტროფის წინაშე, რომლის განხორციელებაც ქართულ მიწაზე ჩვენს საერთო მტრებს განუზრახავთ. რეფერენდუმად წოდებული პროვოკაცია, რომელიც ფორმალურად სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევით იწყება, სინამდვილეში ანექსიის საწყისი ეტაპია, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების უსამშობლოდ დატოვებასაც გულისხმობს. რაც მთავარია, კიდევ უფრო ვერაგულია ჩანაფიქრი, როდესაც კრემლი და მოღალატე ოსი ხელმძღვანელები თქვენი ხელით ფიქრობენ ამ ისტორიული უსამართლობის განხორციელებას. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის გზას არავითარი საერთო არა აქვს საქართველოში მცხოვრებ ოსი ხალხის ნებასთან და ჩვენი ძმების თავისუფალ არჩევანთან. როგორც იტყვიან, ეს დასასრულის დასაწყისია, რომლის ბოლომდე მიყვანასაც, ანუ რუსულ „სამშობლოსთან", ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, კრემლი მაშინ განახორციელებს, როცა საჭიროდ მიიჩნევს. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოში მცხოვრები ოსი ხალხი ამას დაუშვებს და თვითგანადგურების ღილაკს ხელს დააჭერს.
ჩვენო ძმებო! ნუ დაემორჩილებით მოღალატეთა მიერ ჩაფიქრებულ დანაშაულს, რომელთაც თქვენი დევნილებად და მიუსაფარ ადამიანებად ქცევა გადაუწყვეტიათ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ქართული მიწის გადატანას რუსეთში ვერავინ შეძლებს. ის ხელუხლებელია, უნიკალურია, მცირე ერების სამშობლოა, რომელსაც ღვთისმშობლის კალთა აქვს გადაფარებული.
უდიდესი ოსი მწერალი და ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი თავის მოთხრობას „ჩვენს მთებში" ასე ასრულებს: „თუკი კავკასიაში ჩასულხარ და საქართველო არ გინახავს, მაშინ არც კავკასია გინახავს, მეგობარო!" ასე აღიქვამდა ოსი კლასიკოსი ჩვენს ქვეყანას. საგულისხმოა, რომ ამ სიტყვებს რუს მოგზაურს ეროვნებით ოსი მწყემსი ეუბნება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ოსები საქართველოს მუდამ თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ისევე ამაყობდნენ მისით, როგორც რიგითი მეგრელი, სვანი ან კახელი.
ქართული, მშობლიური მიწა იყო და იქნება თქვენი ყველაზე სანუკვარი სამშობლო. ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ნებით ნუ დაიდგამთ მონობის უღელს, რომლის ტარებაც არც თქვენ არც არავის ძალუძს დედამიწაზე. ნუ მოუშლით საკუთარ ერს საუკუნეების მანძილზე ნაწრთობ ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ოსთა ძმობას. ნუ გადაიქცევით საქართველოში მცხოვრები ოსი ხალხის მოღალატეთა მძევლებად. ჩვენი თანაცხოვრების ჭირ-ვარამით გაჯერებული ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ერთად ვიყავით ყველგან, ომში, ჭირში, ლხინში, მტრობა-მოყვრობაში, ჩხუბშიც კი. ერთად ვეწეოდით ყოველდღიურ რუტინას და ერთად ვლახავდით ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას. ამაში კი არაჩვეულებრივს ვერაფერს ვხედავდით. ჩვენ ხომ ერთი რწმენა, მეზობლობა, ერთმანეთის პატივისცემა, სისხლით ნათესაობა, საუკუნეების მანძილზე ერთად განვლილი ცხოვრების მადლი გვაერთიანებდა.
რატომ გავითიშეთ? ვინ შეძლო ეს? როგორ მოხერხდა ერთ ქართულ მიწაზე მცხოვრები სამი ძმის: ქართველების, ოსების, აფხაზების ერთმანეთის სისხლში ამოსვრა და მათ სამუდამო გაყრაზე დღენიადაგ ზრუნვა. თავად ჩვენ ხომ არ მიგვიძღვის უპირველესი ბრალი ძმათა მკვლელ ომში რომ ჩავერთეთ და უმოწყალოდ ვხოცავდით ერთმანეთს. ვინ გადაგვეღობა საკუთარი შეცდომების აღიარებისა და მონანიების გზაზე? ვინ ჩაგვაგონა, რომ ნდობის მოპოვება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეუძლებელია. რატომ არ ვიბრძვით გამეტებით საკუთარი უფლებებისთვის, რომელიც ყოველი ჩვენგანის უზენაესი უფლება და მოვალეობაა. ვინ აღმართა ჩვენ შორის ჩინური კედელი ყველამ ვიცით, მაგრამ ეტყობა, არავის სჯერა, რომ ამ კედლის გადალახვაც შესაძლებელია. როგორ? ერთიანობით, პატიებით,ნდობის აღდგენით, ერთმანეთის ინტერესების დაცვით და გვერდში დგომით. დროა, სიტყვები მოქმედებაში გამოვცადოთ. გიწვდით ძმურ ხელს, გიდასტურებთ სიყვარულსა და პატივისცემას, მოვინანიოთ ერთად ჩვენი შეცდომები და უშიშრად შევუდგეთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზას. ერთად ვილოცოთ, შეცდომები მოვინანიოთ და ერთმანეთს მივუტევოთ. ამას გვასწავლიდნენ დიდი წინაპრებიც, რომელთაც ჩვენი საერთო სამშობლო აქამდე მოგვიტანეს და მომავალ თაობებს ჩაგვაბარეს.
ისტორიული კანონზომიერება და დარღვეული წონასწორობა უნდა აღვადგინოთ. მადლიან ქართულ მიწა-წყალზე ქართველები, ოსები, აფხაზები, სომხები და სხვა ერის წარმომადგენლები საუკუნეები ერთად ცხოვრობდნენ და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება მუდამ. უფალი იყოს ჩვენი შემწე და მეგზური ერთიან ქართულ სახელმწოფოში ქართველების, აფხაზებისა და ოსების გაერთიანების გზაზე!
ელგუჯა (გია) გვაზავა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლი"-ს საგამოფენო დარბაზში ასოციაციის „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებითა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლი" მხარდაჭერით კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების გააქტიურება, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ნამუშევრების რეალიზაციის ხელშეწყობა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები" გაიმართა.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე პროფესორის მოღვაწეობასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს.
შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მას საქართველოში აგრარულ-სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების მედალი გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.
მსგავსი სახის ტრაგედიები არის ზოგადსაკაცობრიო ხასიათის მატარებელი, სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში რუბრიკის „ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები" ფარგლებში საქართველოს სახალხო არტისტ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორ ელდარ გეწაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
საღამოზე ელდარ გეწაძის შემოქმედებასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს .
ასევე, კონცერტში პროფესორის კლასის სტუდენტები და თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში გაემგზავრა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის დღის წესრიგით მონიშნულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. შეხვედრაზე განხილული იქნება სამი მთავარი მიმართულება: ძალის არგამოყენების ვალდებულება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საკუთარ სახლებში.
საქართველოს დელეგაცია დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე.
ოფიციალური თბილისი ასევე იმსჯელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით გამშვები პუნქტების დახურვის თემებზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი ორდღიანია და 28-29 მარტს გაიმართება.
სახელოსნო „2 ART“-სა და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში „არტ-ფესტივალი 2017“ გაიმართა. ფესტივალის მიზანი სხვადასხვა თაობის მხატვრის ერთ საგამოფენო სივრცეში თავმოყრა იყო.
„არტ-ფესტივალზე“ გამოფენილი იყო 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნებისა და ქანდაკების ნიმუშები. ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებლებს წამოდგენილი ნამუშევრების შეძენაც შეეძლოთ. „არტ-ფესტივალზე“ შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლაეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები, კრიტიკოსები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ლონდონში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.
ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე. მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევაა საჭირო, რომ მზარდი ძალადობა სამუდამოდ აღიკვეთოს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს.
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის პრემია 2017-სა და კონკურს „ფოტოსინთეზის" ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს 23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება „მწვანე რეაქცია", რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც.
პრემიის ფარგლებში გარემოსდაცვითი მრავალი ღონისძიება ჩატარდა. საუკეთესო 100 სკოლიდან ფინალურ ტურში ერთმანეთს 23 სკოლა შეეჯიბრა. თითოეულს მიენიჭა „მწვანე სკოლის" სტატუსი, გადაეცა დროშა და სერთიფიკატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ერთ-ერთი წარმატებული სკოლის ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად პლანშეტი გადასცა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგანაც საჩუქრად ენციკლოპედიები მიიღეს.
პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო-საზოგადოებრივი ცენტრების, ე.წ. „ეკო-ჰაბების" პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს.
ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები.
ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.