- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
შესანიშნავი მწერალი, უაღრესად განათლებული, დიდსულოვანი ადამიანი, რომლის ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო ღალატს, ტკივილს, უსამართლობას, დროში გაწელილ მოლოდინს...
წავიდა აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება.
,,ჩემი განსასჯელი არ არის, რას ვემსახურებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე ქვეყანაში, სადაც დავიბადე და ვიცხოვრე 66 წლამდე - სიკეთეს თუ ბოროტებას, ამას უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო განსჯის, მაგრამ ის კი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ, ავად თუ კარგად, გონებისა და გულის ყველა შესაძლებლობა მივუძღვენი უკეთესი მომავლის იმედს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის" - ალექსეი თარიას ეს სიტყვები ერთობ საინტერესო და გასათვალისწინებელია იმ ფაქტებისა და მოვლენების აღწერით, რაც იყო, არის და მომავალში შეიძლება მოხდეს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში - აფხაზეთში.
ალექსეი თარია დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთის მომავალი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ქართველის ბედნიერება აფხაზის გარეშე, რომ ეს ორი მოძმე ხალხი ერთი მიწის შვილია.
ალექსი თარია დაიბადა 1948 წელს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში. მან საშუალო განათლება სოხუმის სკოლა-ინტერნატში მიიღო. 1968 - 1974 წლებში ცხოვრობდა ესტონეთსა და ლატვიაში, რის შემდეგაც ბრუნდება გუდაუთაში. 1979 წელს ალექსი თარია ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1992- 2000 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანკტპეტერბურგსა და მოსკოვში , 2000 წელს ის დაბრუნდა აფხაზეთში.
ალექსეი თარიამ - თხემით ტერფამდე აფხაზმა, ვერ გაუძლო აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას და ბათუმში პოვა თავშესაფარი... აქედან ცდილობდა ქართველთა და აფხაზთა შერყეული ძმობის აღდგენას.
2014 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ალექსეი თარია მოღვაწეობდა ქალაქ ბათუმში.
2015 წლის ნოემბერში ალექსეი თარიას მიენიჭა აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია წერილისათვის ,,გედის სიმღერა" ანუ სამუდამო დევნილის მოგონებები და ფიქრები".
ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონში აფხაზეთში დაღუპული ნუკრი გერგედავას სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ნუკრი გერგედავას დედა და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ნუკრი გერგედავა სეპარატისტებმა წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 15 სხვადასხვა წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, რევმატოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, სახსრების ექიმის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ფიზიატრის, ნევროპათოლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰეპატოლოგის, პედიატრის, თერაპევტისა და ალერგოლოგის მომსახურება. გარდა ამისა, აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასოდ გადაეცად მრავალი დასახელების მედიკამენტი.
გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და ბოლნისი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ.
ქ. ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
,,ბიზნესინკუბატორში" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, რომელთაც წარმოების პროცესი ,,ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელმა - ალუ გამახარიამ გააცნო.
საწრმო შეუზღუდავად იბარებს გარემოს დამაბინძურებელ თითქმის ყველა სახის პოლიმერულ ნარჩენს. მათი გადამუშავებით იწარმოება გოფრირებული საკანალიზაციო მილების რამდენიმე სახეობა. ასევე კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სხვა მილებს, რაც მსგავსი პროდუქციის იმპორტს ამცირებს.
პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე მომღერლის ათამდე სიმღერა შესრულდა. ღონისძიება პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული სამი საღამოსგან შემდგარი ციკლის დასვნითი ნაწილი იყო.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მსახიობ ლილი ხურითის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მსახიობი გოგი ქავთარაძე და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.
დღეს გამართულ ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა, კონკრეტულად კი ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
მისი თქმით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუფარავად ირღვევა ადამიანის ყველა უფლება. საოკუპაციო რეჟიმი ბოლო წლებში განსაკუთრებულად არღვევს ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. "ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ყველა ნორმა, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში, გაეროს საერთაშორისო პაქტებში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში".
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი 31 სკოლის მდგომარეობაზე, რომელთაგან თითქმის ყველა სკოლა რუსულ სწავლებაზეა იძულებით გადაყვანილი. „აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იქ დარჩენილი და დაბრუნებული მოსახლეობის მოთხოვნისა, ცდილობს რეგიონიდან გააძევოს ქართული ენა თავისი უნიკალური დამწერლობით. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენა და მისი მატარებელი ხალხი კანონგარეშეა გამოცხადებული.
მიზანმიმართულად იცვლება და იშლება ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ეთნო-ლინგვისტური, საუკუნეების მაბნძილზე შექნილი ერთობლივი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობები.
დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება.
განადგურებულია ქართული სკოლები, ქართული წიოგნები და დოკუმენტები.
იკრძალება ქართულ ენაზერ მიწერ-მოწერა, საუბრები, სიმღერის ცოცხალი შესრულებაც კი, აფხაზები ყველა გზით ცდილობენ ქართული კვალის წაშლას, ამ მიზნით ანადგურებენ ქართული ეპიგრაფიკული კულტურის ძეგლებს.
საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთში ხორციელედება წარმოადგენს კრემლის ანექსიონისტური პოლიტიკის ნაწილს. რომლის მიზანია საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა დამაკავშირებელი ხიდის დანგრევა. გალის რაიონის მოსახლეობის ჯერ დისკრიმინაცია და დროთა განმავლობაში სრული რუსიფიკაცია ან აფხაზეთის ტერიტორიიდან ეტაპობრივი განდევნა.
განათლების სფეროს რუსიფიკაციის პროცესი შეიძლება შეფასდეს, როგორც გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩვეული პოლიტიკის სხვა ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელების მცდელობა. საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გატარებული ე.წ. რეფორმების შედეგად გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ქართული სკოლა უკვე არ არსებობს", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
მისი თქმით, მიუხედავად ასეთი ზეწოლისა და დისკრიმინაციისა, გალის რაიონის მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარგი შედეგებით გამოირჩევიან.
„გასულ წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 347 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან 204 ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა და სხვადასხვა უმაღლესს სასწავლებელში 84 ახალგაზრდა ჩაირიცხა. გალის რაიონის სკოლადამთავრებულები, მიუხედავად იქ შემნილი მდგომარეობისა, მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას, წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებზზე და იღებენ მედლებს, რაც უპირველეს ყოვლისა, გალელი პედაგოგების თავდადებით, მათი პატრიოტიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, მათი მხრიდან გმირობის ტოლფასი ქმედებებით გახდა შესაძლებელი. მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, მასში შემავალი გალის რაიონის რესურსცენტრი თავისი ეფეტქური მუშაობით, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ყიველდღიურ ყურაღებას აქცევს გალის რაიონის პრობლემებს".
მომხსენებელმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის და საპარლამენტო კომიტეტების 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, მაგრამ დარჩენილია რეკომენდაციების ნაწილი, რომელთა შესრულების გარეშე 2016 წლის 19 აპრილს მიღებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ვერ იქნება მიღწეული. მომხსენებელმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მეტი ყურადღება გაამახვილოს შეუსრულებელ საერთაშორისო რეკომენდაციებზე, პირველ რიგში რეკომენდაციაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევის შესახებ და საკითხის დააყენოს ევროსაბჭოში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში. „კარგია, როცა ევროსაბჭო იხილავს საკითხს „კონფლიქტი საქართველოში", მაგრამ სულ სხვა შედეგი და რეზონანსი ექნება თუ ევროპის საბჭოში, მისი ხელმძღვანელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის სესიაზე ან საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზოგადად ადამიანის უფლებების, ან კონკრეტულად განათლების და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხის დაყენება. ამას ყურადღება უნდა მაიქციოს ასევე პარლამენტმაც, საურველი რეზოლუციის მიღებისას. ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. ამით არა მხოლოდ დარტყმას მივაყენებთ ოკუპანტებს, არამედ ადგილობრივ მოსახელობასაც გავამხნევებთ და იმედს ჩავუსახავთ", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
მან მიმოიხილა სამინისტროებსა და უწყებებზე დაკისრებული რეკომენდაციების შესრულების საკითხი და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაა გალის რაიონის მოსახლეობისთვის ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხში.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს.
დეპუტატთა ნაწილმა მოითხოვა, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან აქ წამოჭრილ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში არ იქნებოდა სასურველი პირდაპირ ეთერში საუბარი. აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის მიუხედავად, გაერთიანებული სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღეს და გადაწყდა, რომ აქტუალობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარ წლის 31 მაისს ქალაქ გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
როგორი საკვირველიც უნდა იყოს, მკვლელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ფარგლებში, რომლის მიზანს და ამოცანას მსგავსი კრიმინალური ფაქტების განხილვა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, მხარეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა აქტიური მონაწილეობით, ადგილზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს ან საგრძნობლად შესუსტებულია. სოხუმის „არგუმენტები" იმის თაობაზე, თითქოს თბილისმა სათანადოდ მომზადებული მტკიცებულებები და მასალები მათ არ გადასცა, მტკნარი სიცრუეა. სოხუმის მხარეს გადაეცა სამართლებრივი მასალები, რომელშიც გამოწვლილვით არის შესწავლილი გამოძიებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უტყუარ მტკიცებულებებზე -ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს.
წინასწარვე გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის გაღიზიანებაზე ასეთი მიზანმიმართული ზრუნვა არავითარ შედეგს არ მოიტანს. ასე აშკარად, ასობით ადამიანის თვალწინ ადამიანის მკვლელობაზე გამოძიების უგულებელყოფა, დამნაშავის ქუჩაში დაუსჯელად გაშვება ახალი მკვლელობების ჩასადენად, ცუდის მომასწავებელია. ამგვარი უსამართლო სამართალი, ბუნებრივია, არაფერს მატებს არც აფხაზეთის დე ფაქტო მმართველებს, რომელთაც „დამოუკიდებლობის" აღიარებაზე აქვთ პრეტენზია, და არც რუსეთის მმართველ ელიტას, რომელიც რუსეთის" სუპერ-სახელმწიფოდ" აღიარებას ესწრაფვის. გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, თავისი არსით, დიდი მასშტაბის ტრაგედიად იქცა. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს გაუგონარი მკვლელობა. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ადგას მტკიცედ პროგრესული საერთაშორისო თანამეგობრობა არაღიარების პოლიტიკას. დღევანდელ ეპოქაში ერთ-ერთ დიდ საფრთხედ ხომ სეპარატიზმი მიიჩნევა. მხოლოდ სეპარატისტულ წიაღში შეიძლება იშვას ასეთი გაუსამართლებელი დანაშაულებები. სადაც სეპარატიზმი იმარჯვებს, იქ ქაოსი და უსამართლობა უზენაესი მსაჯული ხდება. სეპარატიზმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფალია, სამართალზე და ობიექტურობაზე დაყრდნობა მისთვის ხელის მოცარვაა, სამართლებრივი დევნა კი - ამოუცნობ იეროგლიფთან გაჯიბრება. სეპარატიზმის უპირველესი გამოვლინება კი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კლავენ, საკონტროლო ტყვიასაც ახლიან, დღენიადაგ კი „ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" დოკუმენტის ხელმოწერაზე „ორიგინალურ აბრადაკაბრას" გვიკითხავენ. გამოდის, რომ ქართული მხარე, რომელიც სამშვიდობო ინიციატივების გაუმჯობესება- განახლებაზე მუშაობს, მაგრამ ხელს არ აწერს „ცეცხლის განუახლებლობის" შესახებ არახელსაყრელ დოკუმენტს, სოხუმისთვის საფრთხედაა მიჩნეული. თავად სოხუმი კი, რომელიც უცოდველი კრავის სახელს მიელტვის, პირველი გვიხსნის ცეცხლს და მთელი მსოფლიოს თვალწინ პირველი არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას. გამოდის, რომ ქართველი გიგა ოთხოზორია ყოფილა სოხუმის და რუსეთის მთავარი საფრთხე, ამიტომაც ასე არაადამიანურად, გულდინჯად ხელყვეს მისი სიცოცხლე. კანჯი-ოღლის „სამართლებრივი დევნის" ფარსის გათამაშება სახეზეა. სახეზეა, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, სოხუმისა და რუსეთის გამომწვევი ნაბიჯი, რაც გამოიხატება, ერთი წლის თავზე მკვლელი კანჯი-ოღლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს ნაღმი, ჟენევის მოლაპარაკების წინ ასამოქმედებლად, საგანგებოდ არის ჩაფიქრებული. მაგრამ, როგორც იტყვიან, თუ ინფორმირებული ხარ, არაკეთილმოსურნე განიარაღებულია და მოქმედების არეალი მათთვის ძალზე შეზღუდულია.
მოვუწოდებთ აფხაზურ და რუსულ მხარეებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ქართული მხარის მოთხოვნაზე: დაიწყოს ხელახალი სამართლებრივი დევნა და გამოძიება მკვლელი კანჯი-ოღლის საქმეზე. გამოძიების დასრულებამდე თავისუფლება შეეზღუდოს რაშიდ კანჯი-ოღლის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს მ.წ. 31 მაისს ქ. გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლის სამართლებრივი დევნის" შეწყვეტას.
ეს ცინიკური გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სოხუმს არ გააჩნია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისა და ამ საქმეზე მართლმსაჯულების პოვნის სურვილი. ამ დროს რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არანაირ ეჭვს არ იწვევს, არსებობს ყველაზე მტკიცე სამხილი - ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ნახა. მკვლელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილებით დე-ფაქტო ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ყველანაირი მორალური და ჰუმანური პრინციპები, ხელყო ადამიანის უპირველესი უფლება - უფლება სიცოცხლეზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის სამხედრო მანქანა უპირობოდ და აბსოლუტურად აკონტროლებს, ადამიანის უფლების ცნება არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ქართველი ეროვნების ადამიანს ეხება. აფხაზი ეროვნების დამნაშავეზე კი, როგორც ჩანს, სამართლიანობისა და მართლმსაჯულების ცნებები არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მკვლელის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლისსამართლებრივი დევნის" შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ფარგლებში, რომლის მიზანს და ამოცანას სწორედ, რომ მსგავსი კრიმინალური ფაქტების განხილვა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მონაწილეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობით, ადგილზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, აფხაზმა მონაწილეებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მკვლელის დაკავებასა და IPRM-ის ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ყოვლად მიუღებელია აფხაზების „არგუმენტები" იმის თაობაზე, თითქოს ქართველმა მონაწილეებმა სათანადოდ მომზადებული მასალები არ გადასცეს IPRM-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ აბსურდთან, რადგანაც საქმეში არსებული ყველა არსებითი მასალა დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს.
შექმნილ ვითარებაში მოველით საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების უფრო მკვეთრ ჩართულობას აღნიშნული პრობლემატიკის მოსაგვარებლად, რათა უფრო ეფექტური და ქმედითუნარიანი გახდეს როგორც თავად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, ისე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა შესაძლებელი გახდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა აფხაზეთის რეგიონში. საკითხის უგულვებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს დაუსჯელობის სინდრომის შექმნას და დამნაშავეთა წახალისებას, რომელთა პირველი მსხვერპლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველობა გახდება.
სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას. სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების" შექმნას. კიდევ უფრო წასახალისებელია ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს „გამყოფი ხაზის" ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს„ - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სულ 40-მდე მოზარდს გაეწია მომსახურება. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს დაენიშნებათ მკურნალობა ან დამატებითი გამოკვლევებისათვის შეთავაზებულ იქნება სამინისტროს მიზნობრივ პროგრამებში ჩართვა.
გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეები თენგიზ კვირტია და მარინა ონიანი ესწრებოდნენ.
თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გამართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საჯარო ლექციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, მათ შორის ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამო „ჩემი ლოცვა" გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ „მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში პროექტი სახელოწდებით „საქართველოვ, გულო ჩემო!" გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა. მუზეუმის ეზოში გამოფენილი იყო 26 მაისის თემაზე შექმნილი ბავშვების ნახატები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", „ქართული ხმები", საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.
საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების დაჯილდოება გაიმართა. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:
შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.
საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.
წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.
აგრეთვე თეატრის ჰოლში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.