- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვები მესტიასა და ჭუბერში ჩატარდა.
ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.
რამინ აბლოთია 60 წელია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. არის სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ფაზისის საერო აკადემიის წევრი. 1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი,რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მომზადების კერა გახდა. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების შემდგომ უნივერსიტეტი ქალაქ ფოთში, ხოლო ფილიალები კი თბილისსა და ზუგდიდში განთავსდა.
მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
პანაშვიდს თამაზ ნადარეიშვილის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
ფონდი „მოლოდინი“-ს ორგანიზებითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, მზიურის პარკში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საქართველოში 1990-იანი წლების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2300-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, რომლებიც დრემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა ბორჯომის ხეობაში, ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება.
ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა.
დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
მომხდარი შეიძლება განხილულ იქნას როგორც შეტევა ცივილიზებულ სამყაროზე. მსგავსი სახის ტრაგედიები არის ზოგადსაკაცობრიო ხასიათის მატარებელი, სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ესპანელ ხალხსა და ესპანეთის ხელისუფლებას.
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.
2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ. სტუდენტებს ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ოთხი სტუდენტი გამოავლინა.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტ დავით დოლიძეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტ თამარ ბარამიას;
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭათ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტ თამარ ჩითინაშვილს და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს თეონა მჭედლიშვილს.
„ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სტიპენდიების ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარს შეადგენს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, ეტლები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 დევნილს გადაეცა.
ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის ახლად არჩეულ რექტორ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ახალ რექტორს მისმა წინამორბედმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ზურაბ ხონელიძეს სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია და უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტში გამართულ „ამბასადორიალი 2017"-ს დაესწრო.
„ამბასადორიალი 2017" დღეს ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართეს.
ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით სამუშაო სესიები გაიმართება. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა.
„ამბასადორიალი 2017" სამ დღეს გაგრძელდება და 21 ივლისს დასრულდება.
ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებისაგან მოისმინა იქ არსებული პრობლემები და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ასევე ვახტანგ ყოლბაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შინდისის პარკში უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. მათ პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას და პარკში სიმბოლურადი ხეები დარგეს.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" დაესწრო.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ტარდება ყოველწლიურად და ამ ფორუმის ჩატარება შემთხვევითი არ არის ქ. ბათუმში, რამეთუ აჭარა არის საქართველის ის ნაწილი, რომელიც ავტონომიას წარმოადგენს და ეს ნიშანია იმისა, რომ სოხუმსაც შეეძლო ამდაგვარი სტატუსით მიეღო მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებებში და პრაქტიკულ პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში.
მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი არის ძალიან წარმომადგენლობითი. ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაა წარმოდგენილი ევროკავშირიდან, ადამიანები, რომლებიც წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს. ხალხი, რომელსაც აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს უსაფრთხოების თვალსაზრისით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მრავალი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. ეს საინტერესოა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის წარმომადგენლისათვის.
სწორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებს ჩვენ ვუწვდით ხელს, ღია არის მათთვის ევროპის კარი და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ევროპას გააჩნია და რომელსაც იღებს საქართველო.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას არ შეუძლია ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ევროკავშირი იძლევა. დარწმუნებული ვარ ეს დრო მალე დადგება, რადგან ყოველივე რაც კეთდება, კეთდება იმისათვის, რომ ხალხმა იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, იყოს დაცული ყველა სახის საფრთხისაგან, რომელსაც მოიცავს ის ჩაკეტილობა, რომელშიც დღეს ჩემი აფხაზეთი იმყოფება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ა/რ მთვრობამ 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებით დააწესა. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივად აქტიურები არიან.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის- თვეში100/150 ლარს. სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე). სტიპენდიანტობის კანდიდატთა მეირ საბუთების წარდგენის ვადაა 2017 წლის 04 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული: meca.gov.ge