სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე ვეტერანების დამსახურებასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
 
"მინდა მოგმართოთ ჩვენს დევნილ ვეტერანებს, რომლებმაც გამოიარეთ ომის ქარცეცხლი და ამავდროულად, საკუთარ თავზე იწვნიეთ დევნილობის სიმწარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის თქვენი სოციალური და სამართლებრივი დაცვა, თქვენს წინაშე არსებული ყოველდღიური გამოწვევების მოგვარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი მებრძოლი არ დარჩეს ყურადღების მიღმა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
კონფერენციაზე, ვეტერანებმა, ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს და მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი მეორე ვადით აირჩიეს.
 
აფხაზეთის მეომართა კავშირი იმ ქართველ მებრძოლებს აერთიანებს, რომლებიც 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
2026-05-04
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდიმარემ ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
 
ბარამიას ქუჩაზე უკვე დასრულდა აფხაზეთიდან დევნილთა ორი მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი.
 
საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტისათვის ბიუჯეტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის გამოყოფილი.
2026-05-04
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კოდუასთან ერთად, ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
 
პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლებაში, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, განახლდება საბავშვო გასართობი ზონები და სპორტული მოედანი. ასევე, განხორციელდება წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
 
პროექტი ხორციელდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 473 690 ლარს შეადგენს.
2026-05-03
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ზუგდიდში შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს, თბილისის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში აგრძელებს.

აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.

როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

2026-05-02
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ ისაუბრა მოახლოებულ აფხაზეთობის დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთობის კვირეული 18-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაზრდას.

მთავრობის წევრებმა დეტალურად განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხები და აქტივობების ეფექტიანი განხორციელების გზები.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე.

2026-04-28
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვა.
 
ღონისძიების ფარგლებში, სახელოვანი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სტიპენდიით 12 სპორტსმენი, ხოლო გამოჩენილი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას სტიპენდიით 7 სპორტსმენი დაჯილდოვდა.
 
ვიქტორ სანეევის სტიპენდია მიენიჭათ: ლუკა ბერულავას - ფიგურული ციგურაობა; დუგლას დგებუაძეს - მკლავჭიდი; ქეთი რობაქიძეს - ძიუდო; მარიამ მარშავას - ტყვიის სროლა; გიორგი მუმლაძეს - ტყვიის სროლა; ელენე კურდღელიას - ძიუდო; ნონა კვარაცხელიას - ძიუდო; ალექსი თოდუას - თავისუფალი ჭიდაობა; გიორგი მალანიას - კიკბოქსინგი; მარიამ მურღვლიანის - ძალოსნობა; ნათია გადელიას - ძალოსნობა; გურამ ვეკუას - ძალოსნობა.
 
ვიტალი დარასელიას სტიპენდიატები გახდნენ: ელენე კირთაძე-ბატუტზე ხტომა; ანდრია წურწუმია - (ძიუდო; თინათინ გულბანი - ძიუდო; გიორგიტორუა - მკლავჭიდი; ალექსანდრე არქანია - კარატე; ბარბარე შონია - ჭადრაკი; ანდრიაჩხარტიშვილი - მაგიდის ჩოგბურთი.
 
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას შთამბეჭდავი მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული სპორტის განვითარებაში მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
 
ღონისძიება ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია; საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიები ყოველწლიურად ენიჭებათ საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.
2026-04-28