აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას სამინისტროს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ლაშა მიქავამ ახლახან მოლდოვაში გამართულ პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი და შესაბამისად, პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მინისტრმა ლაშა მიქავას გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, კვლავაც არაერთ მსგავს აქტივობას გეგმავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში შეხვედრები გამართა.
ხელისუფლების წარმომადგენლები წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩასა და სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ, ისაუბრეს სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს პრიორიტეტებზე, ღირებულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების აღწერისა და მათი მოგვარების გზაზე, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ურთიერთგაგება დევნილებსა და ხელისუფლებას შორის. მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები, ასევე არის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, რასთანაც დღეს ისე როგორც არასდროს ვართ ახლოს.“ - დავით ფაცაცია
შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა.
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“, ქვეპროგრამის „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს და იწყებს განაცხადების მიღებას „სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან“ დაკავშირებით.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასათბურე მეურნეობის განვითარების პროცესში, სათანადო სასათბურე კონსტრუქციის მოწყობის უზრუნველყოფის გზით.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფს (არანაკლებ 5 პირი), რომლის წარმომადგენლები გააკეთებენ ერთობლივ განაცხადს სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან დაკავშირებით
ინფორმაცია ქვეპროგრამის ხსენებული ნაწილის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/fjA23
განაცხადების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ან მატერიალური ფორმით 2024 წლის 18 ოქტომბრის 15:00 საათიდან 2024 წლის 30 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე lepl.applications@gmail.com
საერთო ჯამში 4 სასათბურე კონსტრუქცია მოეწყობა, კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 4 აფხაზეთიდან დევნილ ჯგუფზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხი წარადგინა, რის საფუძველზეც მინისტრის ინიციატივით სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში არსებულ “დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკებში ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის ფილიალში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
“სამინისტრომ დაიწყო მუშაობა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხზე. პირველ რიგში ჩვენი მიზანია ძირეულად შევისწავლოთ პოლიკლინიკებში არსებული სიტუაცია და ერთობლივად ვიზრუნოთ თითოეული პრობლემის და საჭიროების გადაჭრაზე. სამუშაო ვიზიტები გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას გავეცნობით”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
“დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკების დირექტორმა ნინო დოხნაძემ სამუშაო ჯგუფთან და მინისტრის პირველ მოადგილე მერაბ მარაქველიძესთან ერთად მოისმინა პრობლემური საკითხები და საჭიროებები, ასევე პოლიკლინიკების წარმომადგენლებს გააცნო რეფორმირებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიმართეს.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
„დღეს შევხვდით ღირსეულ ვეტერანებს, მივულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
“შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეებისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისთვის. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს წევრი ბაჩანა ბასილაია ესწრებოდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ზუგდიდში, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კლინიკაში განთავსებული ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის № 5, №6 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების საჭიროებებს გაეცნო.
დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.
დავით მორგოშიამ პედაგოგებს არსებული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.
დროებით დევნილ საზოგადოებას უფასოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები გადაეცათ.
“მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
მინისტრმა უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა სკოლების მიღწევებსა და წარმატებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო გამოწვევებს გაეცნო და მათი მოგვარების გეგმებზე ისაუბრა.
დავით მორგოშიამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე ქ. ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა და მის მიმდინარეობას გაეცნო.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და დონორების დაფინანსებით, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის №10 და №11 საჯარო სკოლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობები ექნებათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წელს სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამები, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იგეგმება თვისობრივად ახალი პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე დირექტორებმა სკოლების მიღწევებზე და მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელ საჭიროებებზე, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სწავლა-სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და დონორების დაფინანსებით, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის №10 და №11 საჯარო სკოლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობები ექნებათ.
"აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობების სწავლების, აღზრდისა და განვითარების საკითხებში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ და ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარება წარმოადგენს და ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაც. წლების განმავლობაში ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები იყვნენ ჩართულნი, სწორედ, ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის", - განაცხადა დავით მორგოშიამ.
შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში განთავსებული 13-ვე საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას - „აფხაზეთი - ისტორია და თანამედროვეობა“ დაესწრო.
კონფერენციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებმა, ისტორიკოსებმა და ანალიტიკოსებმა აფხაზეთის ისტორიასთან და თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს და თემებთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
„კონფერენციის თემა: „აფხაზეთი - ისტორია და თანამედროვეობა“ მკაფიოდ გამოკვეთს ჩვენი ფიქრისა და მსჯელობის თვალსაწიერს. ჩვენ უნდა შევძლოთ და სიღრმისეულად წარმოვაჩინოთ აფხაზეთის ისტორია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში. არაერთი უცხოური წყარო საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებდა, ხოლო აფხაზებს - ქართველებად და ქართველს - აფხაზად.
უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი არამარტო ტერიტორია, არამედ ჩვენი ერის სულიერი მთლიანობის ერთ-ერთი ის აუცილებელი მდგენელია, რომლის გარეშეც ჩვენი საზოგადოების წინსვლა და ერთობა წარმოუდგენელია.
ხშირად ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია. დიახ, ეს ასეცაა, მაგრამ ქრისტიანული აზროვნება სხვაგვარად გვთავაზობს ყოველგვარი პრობლემის აღქმას. ჩვენი რწმენით, ჯვარცმას და გოლგოთას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ამაღლება; დიდ განსაცდელებს, თუკი ადამიანი გადაიტანს მართებულად, გონივრულად, სიბრძნით, ღვთის ნებით, მოსდევს დიდი სულიერი აღმავლობა და გამარჯვებები. ამიტომ ამ ტკივილთან დაკავშირებულია ჩვენი იმედიც. ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთმანეთის ახლებურად დანახვას, ეს არის იმედი ურთიერთმიტევების, ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ კუთხეში დაბრუნდებიან, ყველანი... ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ერთ სახელმწიფოში, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით, უფლის ნებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით.“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მსგავსი ტიპის კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კონფერენციის ორგანიზებისთვის, რადგანაც უაღრესად მნიშვნელოვანია ტრაგედიის 31 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ საქართველოს ერთიანობის აუცილებლობას და დავაფიქსიროთ ჩვენი საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება.
კონფერენციის მიზანი და ამოცანა საბოლოო ჯამში არის ჭეშმარიტების დადგენა, თუ როგორ ხელოვნურად ვითარდებოდა ის პროცესები, რომლებმაც ძმათა დაპირისპირებამდე მიგვიყვანა და ჩვენ - ორივე მხარემ ვეძებოთ სწორი, ისტორიული, ქრისტიანული და სიყვარულის გზა ერთმანეთის დასაბრუნებლად.
ჩვენ ალბათ ეს გოლგოთა უნდა გაგვევლო, რომ გაგვეაზრებინა თუ რა ბედნიერები ვიყავით აფხაზეთში და მეორე მხრივ, ის უბედურება რაც გვჭირდა - ჩვენ ღმერთი დავკარგეთ აფხაზეთში და შემდგომ უფრო უარესი მოხდა, როცა ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზუსტად იგივე დაემართა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას.
ახლა ისე როგორც არასოდეს დიდგორი გველოდება, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, რომელიც პირველ რიგში გადის ჩვენს რწმენაზე და თუ ეკლესია იქნება ძლიერი, საქართველო იქნება ძლიერი, თუ ვიქნებით ქრისტიანულად მტკიცედ, ერთმანეთის მიმართ სიყვარულით, მაშინ ვერავინ მოგვერევა.
სახელმწიფოს სიძლიერით, მდგრადობით და სწორი სტრატეგიული ქმედებებით ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაძლიეროთ ერთიანი საქართველო და ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ გარე და შიდა მტრები, რომლებიც ებრძვიან ჩვენ ეკლესიას, ქართულ სიმტკიცეს და მშვიდობას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის თანადგომით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.