აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის არჩილ გობეჯიშვილის სოციალურ საწარმო "დადარს" საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის აუცილებელი ხარჯების თანხა დაუფინანსა.
სოციალური საწარმო "დადარი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური სათამაშოების გამოფენის - "Spielwarenmesse 2025" მონაწილე გახდა, რომელიც 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
აღნიშნული გამოფენა ყოველწლიურად გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში იმართება.
"Spielwarenmesse" 70 წელზე მეტია, რაც სათამაშოების ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მაღაზიების ქსელებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან.
გამოფენა საუკეთესო ადგილია ახალი ტენდენციების, ინოვაციური მიმართულებების გასაზიარებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაფორმებლად.
მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის, პირველი კომპონენტის - "საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა“ ფარგლებში, რომელიც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, შპს სოციალური საწარმო "დადარისთვის" ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი წარმოების ეკომეგობრული, ხელნაკეთი ხის სათამაშოები, ამასთანავე გაეცნო საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები და დაემყარებინა მნიშვნელოვანი კონტაქტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს 1 პროგრამას 2 მიმართულებით:
პროგრამა: „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა“
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და აფხაზეთიდან იძულებითი გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის.
ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სხდომის ფორმატში, აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება განიხილა, რომელიც იუსტიციის მიმართულებით დამატებული დარგობრივი საკითხების საფუძველზე, მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნას ითვალისწინებს.
სხდომაზე მინისტრმა კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამინისტროდ გარდაქმნის პროცესში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე ბორის გაბუნია და მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხელოვანების მიერ აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
საქველმოქმედო გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მუზეუმისთვის, რომლის შენობაც გასულ წელს დაიწვა, სოლიდარობის გამოხატვა და აფხაზეთის ეროვნული მუზეუმის ფონდის შევსებისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეთავაზება, გადაცემა.
„როგორც ღმერთია მაარსებელი - სიყვარულის, მიტევების, ურთიერთპატივისცემის, ისევე ხელოვნება, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო - ნდობის, სიყვარულის, ერთიანობის, ყველაზე სწორი გზა მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.
ველოდებით უკუკავშირს აფხაზეთიდან, ჩვენი აფხაზი მხატვრების მხრიდან. მჯერა, რომ ჩვენი ხელოვანების ეს კეთილი, სწორი, მართალი ნაბიჯი იქნება ხელშესახები და გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს და დაცული იქნება გაერთიანებული საქართველოს, სოხუმის ეროვნულ გალერეაში.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც დროებით დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია სამინისტროში კიკბოქსინგის წარმატებულ მებრძოლს გიორგი მალანიას შეხვდა. მინისტრმა ჩემპიონს WU LIN FENG-ის ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
გიორგი მალანიამ "Kung Fu Festival 2025" -ზე, WU LIN FENG-ის ჩემპიონატის ორი ფინალური ბრძოლა მოიგო და კიკბოქსინგის ჩემპიონის ტიტული და ქამარი მოიპოვა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს თანამშრომელი გიორგი ბერიანიძე და სპორტსმენის მწვრთნელი მამუკა შონია ესწრებოდნენ.
გიორგი მალანია წარმოშობით დროებით ოკუპირებული გალიდან არის და 15 წელია, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრია. მას მოპოვებული აქვს პირველი ადგილები ესტონეთის კიკბოქსინგის ჩემპიონატზე და იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე 16-17 წლის კატეგორიაში, არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გელაშვილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო.
სხდომა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას თავმჯდომარეობით ჩატარდა.
უწყებათაშორისი საბჭოს მიზანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
უწყებათაშორისი საბჭოს წევრები არიან 12 ცენტრალური სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელების მოადგილეები.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასები ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტებმა, ევროპის სამგზის პრიზიორმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და საქართველოს სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩაატარეს და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
მასტერკლასს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო საკითხებზე.
მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა მოსწავლეებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.
შეხვედრაზე ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თბილისში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებს უკვე შეხვდა. ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრს“, შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს“, და შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მერაბ მარაქველიძემ,საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ხათუნა ვარშანიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ მოაწერეს.
“აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარება და ახალი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი მემორანდუმის გაფორმების მიზანი აღნიშნულს ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება”- განაცხადა მერაბ მარაქველიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, დროებით დევნილი მოსახლეობის მომსახურებას ფასდაკლებით და სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ზუგდიდის ფილიალის გინეკოლოგიური კაბინეტის სრულ აღჭურვას.
შეხვედრის მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში ესწრებოდნენ.
30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის პრესტიჟულ ფესტივალზე - Into the Open (ITO) დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარადგენს. წარმოდგენა Kühlhaus Berlin-ის სცენაზე გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, სოხუმის თეატრის სცენაზე სპექტაკლის „იაკიში და პუპჩეს“ რეპეტიციას დაესწრო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თეატრის დასს საინტერესო შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ბერლინის ITO ფესტივალზე წარმატება უსურვა.
პროექტი, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და სოხუმის თეატრის ისტორიულ როლზე მიანიშნებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშიას მხარდაჭერით ხორციელდება.
დრამატურგ ხანონ ლევინის „იაკიში და პუპჩე“ სევდიანი კომედიაა, რომელიც 2017 წელს ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის დაიდგა და ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის ტიტულიც მოიპოვა. წარმოდგენა არაერთი სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიცაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობაში, ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებს, ასევე მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით, სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.
სხდომაზე მინისტრმა გიორგი ძიგუამ წარმოადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელსაც განახორციელებეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.
სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.