აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ეთნოგრაფიულ მუზეუმში „თბილისობის“ ღონისძიებები გაიმართა

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს რეგიონების მონაწილებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ გურიის რეგიონისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა და სხვადასხვა თეატრალიზებულ სანახაობებს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტები, გაიმართა კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს წიგნის „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა მიმართეს.

წიგნი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. ალექსი სენაკელი 1852-1923 წლებში მოღვაწეობდა. მონოგრაფიაში შესწავლილია ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო; წიგნი მოიცავს ახლადმიკვლეულ საარქივო მასალას, რომელშიც ასახულია ღირსი მამის ცხოვრების მანამდე უცნობი დეტალები.

წიგნი „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით, ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე გამოიცა.

მიიღე კვლევაში მონაწილეობა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს კვლევას, რომლის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, ასევე ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობა.

კვლევის კითხვარი მოიცავს 5 ძირითად სექციას.

კითხვარის შესავსებად მიჰყევით მოცემულ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfMXejnOtP3kuVRXwxmG1WFs77gLCnNX99Yh8ggmh7etUiOJQ/viewform?usp=send_form

კვლევისას, მონაწილის სურვილისამებრ დაცული იქნება კონფიდენციალურობა.

 

იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ ფარგლებში, ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა და ასოციაციის წარმომადგენლებმა დევნილთა საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი წარმატებული მიდგომები და კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე დევნილთა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

 

პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, ონლაინ აკადემია „სქილვილთან“ თანამშრომლობით, პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ გახსნეს. 

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება.

მონაწილეები 3 თვის განმავლობაში, შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს დაეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და დასაქმებას.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლის „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ პრემიერა გაიმართა

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენაზე სპექტაკლის „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ პრემიერა გაიმართა. ინსცენირების ავტორი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მანანა ბერიკაშვილი.

სპექტაკლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

დავით ფაცაცია პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად სენაკში გამართულ ღონისძიებას -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სენაკში, აკაკი ხორავასა სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრნენ.

საღამოს დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.

ღონისძიება, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,

 

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ სამების ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და 30 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა.

ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ღირსეული თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მშვიდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებით საზოგადოებების გაერთიანება. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა უახლოეს მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან ერთად ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გზით უზრუნველვყოფთ ევროპული, ეკონომიკურად ძლიერი და საერთო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.

ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირები და ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას და მამია ალასანიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გახსნეს. ღონისძიება აფხაზეთში ომის დასრულების 30-ე წლისთავთან და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების 80 წელთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას და ეროვნული გმირის მოღვაწეობასა და საქართველოს ისტორიაში მის როლზე ისაუბრეს.

დარბაზის გახსნის ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაციამ რუსთაველის თეატრში გამართულ, წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მოღვაწე 18 ემიგრანტი დაჯილდოვდა.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

წელს პატივი მერგო, პირადად დამეჯილდოებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი თამარ მიქაძე. იყო აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი, ეს არის განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც მშობლიურ კუთხეში მისვლის შეუძლებლობას, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებას კიდევ უფრო ძნელს ხდის და მიუხედავად ამისა, მაინც რომ შეძლებ იყო წარმატებული, გამოადგე ქვეყანას, შენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას უცხო ქვეყანაში შეუწყობ ხელს ქართული ფესვებისა და სულის განმტკიცებაში, გაძლიერებაში, ეს უდიდესი საქმე და სამშობლოს უძლიერესი სიყვარულია.

მეამაყება საქართველოს ასეთი წარმატებული შვილები, მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულისთვის, ვუსურვებ წარმატებებს თავის საქმიანობაში და მჯერა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, ჩვენი უმთავრესი ოცნების - საქართველოს გამარჯვებისა და გაერთიანების საწინდარი იქნება." - დავით ფაცაცია

პროექტის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვებული აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გახდა

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. მინისტრმა მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ, მათ შორის მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ სამ ნომინაციაში: „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“ გამარჯვებული ახალგაზრდები მილენა აჟიბა, ნინო პაპავა, დაურ ბუავა და ნინო რიგვავა დააჯილდოვა.

ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვებული აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გახდა.  პროექტი აფხაზი და ქართველი გოგონების მეგობრობას და საქართველოში მოგზაურობას ეხება. მილენა აჟიბა ეთნიკური აფხაზია, ნინო პაპავას ოჯახიც აფხაზეთიდან არის დევნილი, თუმცა ორივე გოგონა ომის შემდეგ რუსეთში დაიბადა. გოგოები საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 3000 ლარის ოდენობის პრემია გადაეცა. ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის მხარდაჭერის ინიციატივა გამოხატა, ხოლო ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერას აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

რუსლან აბაშიძე სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

რუსლან აბაშიძემ ღონისძიების ორგანიზებისთვის „გერმანულ-ქართულ სახლს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის მხრიდან მსგავსი სახის ინციატივები, რაც მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პროცესებში.

საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლის ორგანიზებით ჩატარდა და მას ქალაქ ჰანოვერის მერი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოთში და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფოთსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 400-მდე პირმა მიიღო.