დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას.
პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:
2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მონაწილეობდა.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება.
ლევან თევზაიამ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარადგინა.
6 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში, ლევან თევზაიამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბოლო ერთ წელში გატარებული რეფორმების, ღონისძიებების, პროგრამებისა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის შესაბამისად პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ მიმართულებებს მოიცავდა.
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება მოისმინეს.
ლევან თევზაიამ ისაუბრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების, ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ 2023 წლის მე 4 კვარტალსა და 2024 წლის 9 თვეში განხორციელებული საქმიანობა.
“საანგარიშო წელი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, გამორჩეული გახლდათ, თუმცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული დეოკუპაცია და იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება. პარალელურად კი, სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საფინანსო სისტემის მართვასა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირებასთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა, დევნილი მეწარმეების მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და აგრარული, გარემოსდაცვითი და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა წარმოადგენს”, - განაცხადა მინისტრმა მოხსენებაში.
სხდომას მინისტრთან ერთად მისი მოადგილეები - ლაშა დოლბაძე, თამარ გელაშვილი, ელისო გვასალია და მთავარი მრჩეველი ავთანდილ ხაზალია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და კულტურისა და განათლების მინისტრმა შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს.
ლევან მგალობლიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში განათლების როლზე და პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიან და ნაყოფიერ საქმიანობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიური წრის წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ცენტრის სასწავლო პროექტებში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობის საკითხი განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სკოლებში STEM განათლების - მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.
ბერიკა შუკაკიძემ სტუმრებს საბუნებისმეტყველო კლუბ "ჩხირკედელას“ ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერებინა და კლუბის მუშაობის პრინციპები და STEM პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის სკოლებში მოქმედი დისტანციური სწავლების გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა.
სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გადასცეს.
მინისტრმა სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი გამარჯვებები უსურვა.
"სპორტი ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად სპორტის განვითარების მიზნით არაერთ ახალ ინიციატივას განვიხილავთ. ამასთანავე, შევეცდებით, თითოეულ თქვენგანს კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაში შეგიწყოთ ხელი“, - აღნიშნა დავით მორგოშიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. პროფესორ-მასწავლებლებს მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა.
ლევან მგალობლიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში განათლების როლზე და პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიან და ნაყოფიერ საქმიანობაზე.
„მნიშვნელოვანია საქმიანობა, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში ახორციელებთ და უდიდესი წვლილი შეგაქვთ ახალგაზრდებისა და ზოგადად მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია ქართველ და აფხაზ ხალხს შორის და გარკვეულ როლს თამაშობს გაუცხოების აღმოფხვრის, ჩვენი თანაცხოვრების საერთო ისტორიის აღდგენის და ერთობლივი ტრადიციების შენარჩუნების პროცესში.
სწორედ თქვენს მიერ არჩეული სწავლების მეთოდი, მისია და კურსი განაპირობებს იმას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ აკადემიური წრის წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2024 წლის IV ეტაპის განხორციელებას იწყებს.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:
ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის ეროვნული დღესასწაული პირადად მიულოცა.
ღონისძიების სტუმრებმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპეციალური ვიდეო-მიმართვა მოისმინეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.
საზეიმო მიღებას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საპროდიუსერო კომპანია „20 Steps“-ს ეწვია და კინოპროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას და რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში დავით მორგოშიამ და ვლადიმერ კაჭარავამ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „სოხუმის“ შექმნასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
ანიმაციაში ასახული იქნება სოხუმში ომამდე და ომის შემდგომ განვითარებული ამბები.
ანიმაციას 2025 წლის 26 მაისს თბილისის დახურული ჩვენების შემდეგ, ანესის (Annecy) ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლევან მგალობლიშვილმა, იაპონიის ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.
„ჩვენთან იმყოფებოდა იაპონიის ელჩი. ჩვენ განვიხილეთ დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა და საჭიროებები. მოვილაპარაკეთ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მათი მხრიდან ხელშეწყობა“ - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ელჩმა, იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე - აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა.
კონფერენციაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლებთან ერთად, მოეწყო ექსპერტთა პანელები და სამუშაო სესიები. კონფერენციის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ წარმატებული ბიზნეს ოპერატორები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს.
გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, ამავე სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ანა უგულავამ.
„მადლობას ვუხდი თითოეულ უწყებას, საერთაშორისო პარტნიორებს ინიციატივებისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მოქალაქეები და გაერთიანებულ საქართველოში ერთად შევქმნათ ძლიერი, განვითარებული და ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო.
ჩვენი სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ აფხაზეთის მოსახლეობას - როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა გაძლიერდნენ, განავითარონ საქმიანობა და იმედი მაქვს ეს კონფერენციაც იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა კომუნიკაციისთვის, ურთიერთობებისთვის, სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივებზე ინფორმაციების გაზიარებისთვის და მეორე მხრივ, მსგავსი კონფერენციები გვაძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ვიამაყოთ ჩვენი წარმატებული მოქალაქეებით.
ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას და ყოველთვის მზად ვართ ყველა ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, მათ გაძლიერებას ისახავს მიზნად.“ - დავით ფაცაცია
აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზური ენის დასაცავად კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განხორციელდება.
„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განვახორციელოთ მის დასაცავად.
აფხაზური ენა ჩემთვისაც ძვირფასი და მშობლიურია და ვულოცავ ამ დღეს ყველას. დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ერთმანეთთან ისევ დაახლოებას, ტკივილების მოშუშებას და მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში ყველა ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.
საქართველოში აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო.
შენობა საზეიმოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ გახსნეს.
გახსნის ღონისძიებაზე ლევან მგალობლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კულტურის სახლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა. განხორციელდა შენობის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით; მოეწყო ახალი გადახურვა, სცენა, შენარჩუნდა და აღდგა შენობის ისტორიული იერსახე, თითოეული არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.
რეაბილიტაციის სრული ღირებულებაა 4 466 815 ლარი.
ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს.
შენობას 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.