აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ღირსეული თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მშვიდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებით საზოგადოებების გაერთიანება. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა უახლოეს მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან ერთად ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გზით უზრუნველვყოფთ ევროპული, ეკონომიკურად ძლიერი და საერთო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.

ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირები და ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას და მამია ალასანიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გახსნეს. ღონისძიება აფხაზეთში ომის დასრულების 30-ე წლისთავთან და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების 80 წელთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას და ეროვნული გმირის მოღვაწეობასა და საქართველოს ისტორიაში მის როლზე ისაუბრეს.

დარბაზის გახსნის ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაციამ რუსთაველის თეატრში გამართულ, წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მოღვაწე 18 ემიგრანტი დაჯილდოვდა.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

წელს პატივი მერგო, პირადად დამეჯილდოებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი თამარ მიქაძე. იყო აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი, ეს არის განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც მშობლიურ კუთხეში მისვლის შეუძლებლობას, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებას კიდევ უფრო ძნელს ხდის და მიუხედავად ამისა, მაინც რომ შეძლებ იყო წარმატებული, გამოადგე ქვეყანას, შენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას უცხო ქვეყანაში შეუწყობ ხელს ქართული ფესვებისა და სულის განმტკიცებაში, გაძლიერებაში, ეს უდიდესი საქმე და სამშობლოს უძლიერესი სიყვარულია.

მეამაყება საქართველოს ასეთი წარმატებული შვილები, მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულისთვის, ვუსურვებ წარმატებებს თავის საქმიანობაში და მჯერა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, ჩვენი უმთავრესი ოცნების - საქართველოს გამარჯვებისა და გაერთიანების საწინდარი იქნება." - დავით ფაცაცია

პროექტის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვებული აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გახდა

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. მინისტრმა მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ, მათ შორის მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ სამ ნომინაციაში: „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“ გამარჯვებული ახალგაზრდები მილენა აჟიბა, ნინო პაპავა, დაურ ბუავა და ნინო რიგვავა დააჯილდოვა.

ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვებული აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გახდა.  პროექტი აფხაზი და ქართველი გოგონების მეგობრობას და საქართველოში მოგზაურობას ეხება. მილენა აჟიბა ეთნიკური აფხაზია, ნინო პაპავას ოჯახიც აფხაზეთიდან არის დევნილი, თუმცა ორივე გოგონა ომის შემდეგ რუსეთში დაიბადა. გოგოები საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 3000 ლარის ოდენობის პრემია გადაეცა. ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის მხარდაჭერის ინიციატივა გამოხატა, ხოლო ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერას აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

რუსლან აბაშიძე სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

რუსლან აბაშიძემ ღონისძიების ორგანიზებისთვის „გერმანულ-ქართულ სახლს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის მხრიდან მსგავსი სახის ინციატივები, რაც მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პროცესებში.

საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლის ორგანიზებით ჩატარდა და მას ქალაქ ჰანოვერის მერი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოთში და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფოთსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 400-მდე პირმა მიიღო.
დღეს, 15 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

"ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. ვულოცავ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას.განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ეს დღე გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიურად, ოკუპაციის პირობებში, გმირულად უმკლავდებიან მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. 

თითოეული ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო, მშვიდ და გამართულ სასკოლო გარემოს.

მჯერა, რომ მომავალი თაობის განათლება, განვითარება და წარმატება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების მყარი საფუძველია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობიან, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ"  

 ნანა გაბელია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და კულტურის მინისტრი

 

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გამოვიდნენ.

ღონისზიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა, აფხაზეთში 30 წლიანი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ლევან თევზაიამ საქართველო-ლიბანის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველო-ლიბანის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ორგანიზატორებმა ლევან თევზაიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ფორუმს ქართული და ლიბანური ბიზნეს კომპანიები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.

წლევანდელ ფორუმზე ისაუბრეს საერთაშორისო და გლობალური ბაზრების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ფორუმის შემდეგ B2B შეხვედრები გაიმართა.

ფორუმი საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

ნანა გაბელია თბილისში განთავსებული აფხაზეთის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია თბილისში განთავსებული აფხაზეთის სკოლების მზაობას გაეცნო.

მინისტრმა დაათვალიერა სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები, მოისმინა ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

ნანა გაბელიას განცხადებით, სკოლა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ვესაუბროთ მომავალ თაობებს აფხაზეთზე. მუდმივად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ქართველ და აფხაზ ხალხს საერთო წარსული და მომავალი აქვთ.

სკოლების პედაგოგებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე ესწრებოდნენ.

ნანა გაბელიამ იმერეთის რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლები დაათვალიერა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილეებთან ერთად ქუთაისში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლების მდგომარეობასა და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო.

მინისტრმა, ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთა ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებიც სკოლების წინაშე არსებობს.

ნანა გაბელიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმ შედეგებისთვის, რომლებიც კონკრეტული სკოლების კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს. მისივე განცხადებით, თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და შედეგზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია.

იმერეთის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებში, მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

ნანა გაბელია წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორის, დავით საყვარელიძის მიწვევით წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის გახსნას დაესწრო.

ფესტივალის ფარგლებში ნანა გაბელია და დავით საყვარელიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კატრინ ბუდდეს შეხვდნენ. შეხვედრას,ასევე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრეს. ასევე, ამ სფეროს წარმომადგენელთა მუდმივი მხარდაჭერის აუცილებლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

წინანდალში,

31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები და შემსრულებლები მონაწილეობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია საქართველოს პარლამენტის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიას შეხვდა

 

შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი პუბლიცისტი და მეცნიერი იაკობ ოფირი - ეფრემაშვილი, რომლის წიგნის პრეზენტაციაც აღნიშნულ კონფერენციაზე იგეგმება.

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციით გაგრძელდა.

"ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლისთვის, დიდი პატივი და უაღრესად საინტერესო იყო კონფერენციაში მონაწილეობა. ჩვენი ისტორიისა და მომავლის დაცვას ყოველთვის სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება და ინფორმაციების მიწოდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ამ ყველაფრის საფუძველი კი განათლებასა და მეცნიერებაშია.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ისრაელის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ იაკობ ოფირს. გარდა იმისა, რომ მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, დასაფასებელია, ის დახმარება, რომელიც ბატონმა იაკობმა 90-იან წლებში ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს გაუწია. საქართველოსა და ისრაელს ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც არ არის უბრალოდ ძმობა და მეგობრობა, არამედ ეს არის უდიდესი თავგანწირვისა და თანაცხოვრების მაგალითი, რომლითაც შეიქმნა ბევრი ცივილიზებული ისტორიული პროცესი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, საზღვარგარეთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“, რომლებმაც უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს აფხაზურ ცენტრს და აქტიურად ცდილობენ ქართულ-აფხაზურ საკითხებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას. დასაფასებელია მათი მონდომება, ინიციატივები, რომლებიც ქმნიან მთელ პროცესს, მიმდინარეობასა და ციკლს ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

ძალიან მახარებს, ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება და ჩართულობა ქართულ-აფხაზური საკითხების მიმართ. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, საერთო კეთილდღეობა არის თითოეული ჩვენგანის მომავლის გადარჩენის პირველი ამოსავალი წერტილი, ამ საქმეში კი ახალგაზრდებსა და მათ სულისკვეთებას განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც ჩვენი სამშობლოს იდენტობისა და თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროცესი სწორედ მათი აქტიური ჩართულობით გადაწყდა. ჩვენ კი, ვეცდებით, მათ მხარდაჭერას ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობებით.

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის ყველა ორგანიზატორსა და განმახორციელებელს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენციის მოწყობისათვის. ახალგაზრდებს კი, მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი არის აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებით და თქვენ უნდა იყოთ ის ძლიერი ძალა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს." - დავით ფაცაცია