აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა

აფხაზეთის მთვარობის ინიციატივით, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ უნარშეზღუდულ და ობოლ ბავშვებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.

100-მდე დევნილი ბავშვისთვის ჯამბაზებმა სპეციალური გასართობი პროგრამა დადგეს. თოვლის ბაბუამ პატარებს დამდეგი შობა -ახალ წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

პატარებს ასევე პარტნიორი კომპანიების ,,დიპლომატ ჯორჯია'',  ,,ჰუმანა''; ,,ბარამბო'', ,,ტკბილი ქვეყანა'', ,,მეგაკო'', ,,პოპული''-სა და,,სუპერის'' მიერ მიწოდებული ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-18 რაუნდთან დაკავშირებით

2011 წლის 14 დეკემბერს გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-18 რაუნდი, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები. ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელთა მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია. სამუშაო ჯგუფებში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

მე-18 რაუნდის დროს, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს გედრიუს ჩეკუოლისს გაწეული ძალისხმევისთვის და მიესალმა ეუთოს 2012 წლის ირლანდიის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის მოლაპარაკებების ახალ თანათავმჯდომარეს, ელჩს პოდრიგ მერფის.

მოლაპარაკებების პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შეთანხმების თაობაზე, განხილულ იქნა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯები. ხაზი გაესვა, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აიღებს ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობას, მათ შორის გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, ისევე როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციისა და რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ხშირი აგრესიული განცხადებების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მსგავსი ვალდებულების აღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნულ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნ. პატრუშევისა და ს. ლავროვის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებზე. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია უპასუხებს 2010 წლის ნოემბერში საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და აიღებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას. მხარეები გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდების დროს.

საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების საკითხის სიღრმისეული განხილვა. პროცესის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები არის მშვიდობისა და ცეცხლის განუახლებლობის საუკეთესო გარანტია. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისკენ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიის შექმნის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონტექსტში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს კონკრეტული გეგმა, რომლის განხილვაც გაგრძელდება შემდგომ რაუნდებზე.

მე-18 რაუნდის დროს ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა თანათავმჯდომარეების ყურადღება საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ზონებში გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე და გამოხატა შეშფოთება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ. მესაზღვრეებისა და მარიონეტული რეჟიმის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავების გამო. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვეს მონაწილეებისგან მსგავსი პრაქტიკის შეწყვეტა და დაკავებული პირების გათავისუფლება.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ნაყოფიერი მუშაობა და მზადყოფნა გამოხატეს, განაგრძონ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. რამოდენიმე მონაწილემ ხაზი გაუსვა მექანიზმების შესაძლებლობის სრული გამოყენების აუცილებლობას.

სამწუხაროდ, მეორე სამუშაო ჯგუფში მოსკოვი და მისი მარიონეტული რეჟიმები კვლავაც უარს აცხადებენ განიხილონ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო, ღირსეულ და ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები. აუცილებელია იძულებით გადაადილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებული უფლების პატივისცემა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე შესაძლებელი გახდება პროგრესის მიღწევა აღნიშნულთან მიმართებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება 2012 წლის 29 მარტს.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური  გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქცია ქ. რუსთავის II საავადმყოფოს ბაზაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად საოჯახო მედიცინის ცენტრ "დიოსკურიას" ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკვლევები პაციენტებმა პედიატრთან, ოფთალმოლოგთან, ნევროპათოლოგთან, დერმატოლოგთან, ოტოლარინგოლოგთან და ლაბორანტთან გაიარეს. ორ წლამდე ასაკის დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრო.

„აფხაზეთობა 2011“ დღეს დასრულდება

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით „თბილისი არტ ჰოლში"  სახალხო დღესასწაული „აფხაზეთობა 2011"  9 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ  ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვარებისა და მოქანდაკეების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

საზეიმო საღამო გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. საღამო გალა-კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის მომღერლებმა თემურ წიკლაურმა,  დუეტმა ''ჯორჯიამ'', მარიკო ებრალიძემ, აჩიკო ნიჟარაძემ, ბოკა კვეკვესკირმა, გიგუშა მანაგაძემ და სხვებმა მიიღეს. ქართველი მომღერლის ნინო ჩხეიძის შესრულებით შედგა აფხაზური სიმღერის ,,ნანი კარას" პრემიერა. ,,აფხაზეთობის'' დღესასწაულს მიუძღვნეს სიმღერა ელენე ფოჩხუამ და ლაშა გასვიანმაც.

ღონისძიება აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და აფხაზეთის სახელმწიფო ''კაპელის" მონაწილეობით გაგრძელდა. საღამო ალბომის  „სიმღერები აფხაზეთზე" პრეზენტაციით დასრულდა.

10 დეკემბერს, ,,თბილისი არტ-ჰოლში",,აფხაზეთობა 2011'' აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტით დასრულდება.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ,,აფხაზეთობა" ტრადიციულად მესამე წელია ტარდება და მისი მიზანი აფხაზეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის -ტრადიციული მუსიკის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, ხალხური რეწვის პოპულარიზაცია და აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გიწვევთ კულტურულ პროგრამაზე „აფხაზეთობა 2011“

 „აფხაზეთობა 2011" წარმოგიდგენთ

9-10 დეკემბერი,  2011.

16:00 სთ. -აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების შემოქმედება.

18:30სთ. -გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოება.

19:00სთ. - გალა-კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.

21:00სთ. -ალბომის პრეზენტაცია  „სიმღერები აფხაზეთზე"

ღონისძიების ორგანიზატორია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის #26 „თბილისი არტ ჰოლი".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გიწვევთ კულტურულ პროგრამაზე „აფხაზეთობა 2011“

 „აფხაზეთობა 2011" წარმოგიდგენთ

9-10 დეკემბერი,  2011.

16:00 სთ. -აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების შემოქმედება.

18:30სთ. -გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოება.

19:00სთ. - გალა-კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.

21:00სთ. -ალბომის პრეზენტაცია  „სიმღერები აფხაზეთზე"

ღონისძიების ორგანიზატორია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის #26 „თბილისი არტ ჰოლი".

აფხაზეთში შექმნილ საგანგებო გეოეკოლოგიურ მდგომარეობას კონფერენცია მიეძღვნა

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, სასტუმრო ,,პრიმავერაში'' ჩატარდა კონფერენცია თემაზე -,,საქართველოს შავი ზღვისპირეთის აფხაზეთის სეგმენტის საგანგებო გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები შავი ზღვის აუზის სისტემის საერთო კონტექსტში''.

კონფერენციის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია აფხაზეთის შავი ზღვის ზონის დარღვეული მორფოდინამიკური წონასწორობის, იქ შექმნილი საგანგებო გეოეკოლოგიური მდგომარეობისა და მისი გაჯანსაღების გზების შესახებ.

კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის მეცნიერები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთში შექმნილ გეოეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემუშავდა მიმართვის ტექსტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასა და მსოფლიოს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს დაეგზავნებათ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გამწვანების აქცია მოეწყო

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, რუსთავის მე-11 მ/რ-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში 150-მდე  ნერგი დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და დევნილმა მოსახლეობამ მიიღო.

აღნიშნულ ობიექტზე 124- მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახია ჩასახლებული.

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებაგავლილ ახალგაზრდებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებაგავლილ ახალგაზრდებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნოდარ ჩხარტიშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ სამომავლო საქმიანობაში გამოადგებათ.

დევნილმა ახალგაზრდებმა რამდენიმეთვიანი სტაჟირება საფინანსო, ქონების მართვის, სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, შიდა აუდიტის, იურიდიულ და საკადრო საკითხებშიც გაიარეს. მათ ჰქონდათ საშუალება სამინისტროს სტურქტურასა და სამუშაო პროცესს გაცნობოდნენ და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღოთ. 16 სტაჟიორთაგან 5 დასაქმდა.

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში  სტაჟირებაზე მიმღებთა   კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,რუსთაველმა” უმასპინძლა

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,რუსთაველმა" უმასპინძლა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და კინოთეატრ ‘'რუსთაველის" მხარდაჭერით, 25-მდე დევნილი ბავშვი ფილმის ,,ჩექმებიანი კატას" უფასო კინოჩვენებას დაესწრო.

ფილმის ჩვენებაზე, სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვები თბილისში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებიდან მიიწვიეს.

აფხაზეთიდან დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

აფხაზეთის მთავრობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღეს.  საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სამართლებრივ თემებზე მომზადებული პუბლიკაციები გადასცეს.

თბილისში მდებარე ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში (ართვინის ქ. №53) კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ. იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა მათ აღნიშნული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარების შესაძლებლობები გააცნეს.

აფხაზეთიდან დევნილებმა იურიდიული კონსულტაცია მიიღეს

აფხაზეთის მთავრობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღეს.  საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სამართლებრივ თემებზე მომზადებული პუბლიკაციები გადასცეს.

თბილისში მდებარე ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში (ართვინის ქ. №53) კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ. იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა მათ აღნიშნული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარების შესაძლებლობები გააცნეს.

გიორგი ბარამია საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

"ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ეს ეხებოდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, ასევე იმ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

გიორგი ბარამია საქართველოში ლიტვის ელჩს იონას პასლაუსკას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლიტვის საელჩოს შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარულ პროექტებზე თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრატეგიას ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით''.

"ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ლიტვის ელჩმა ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

იონას პასლაუსკასის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები - ,,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ საზღვარს იქეთ დარჩენილი ადამიანებისათვის შეიძლება განახორციელოს. პროექტები მიმართულია სამედიცინო, სავაჭრო და კულტურული თანამშრომლობისაკენ. პერსპექტივა რეალურია და ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ''.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერს შეხვდა.

შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა.