აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დღეს, ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილთათვის სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებიდან: თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, აგრეთვე ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილმა სპეციალისტმა, ექიმ-ლაბორანტმა, დერმატოლოგმა. დევნილებს ასევე ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე პროგრამების შესახებ. მათ ასევე  გადაეცათ ჰუმანიტარული ტვირთი და მედიკამენტები.

სოფ. ვაზიანში 500-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის  85 ბავშვია რეგისტრირებული.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუს მიიღო. ვახტანგ ყოლბაიამ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თურქეთის ახალ პრეზიდენტად რეჯეფ ტაიპ ერდორანის არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ თურქმა დიპლომატმა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს არაღიარების პოლიტიკასთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის მოსახლეობის მონაწილეობის არმიღებაზე. ასევე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესში თურქეთის მხარის პოზიტიურ როლსა და ჩართულობის მზადყოფნაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განიხილეს თურქეთში მიმდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურული პროექტებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხები და სახალხო დიპლომატიის პროცესში ქართული და აფხაზური დიასპორის ჩართვის აუცილებლობა. თურქეთის ელჩმა აფხაზეთის მთავრობას პირობა აღუთქვა, რომ აქტიურად იქნება ჩართული დიალოგის აღდგენის პროცესში და ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობით ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას თურქეთის რესპუბლიკაში.

აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 22 წლის თარიღთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც აფხაზეთის ჯანდაცვის მინისრტრის ქეთევან ბაკარაძისა და კლინიკა ,,ენმედიცის" ვაკის ფილიალის ხელმძღვანელის ხათუნა გარდაფხაძისა ორგანიზებით მოეწყო.

გამოკლვლევები „ენმედიცის" ვაკის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც დევნილებს დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ, ასევე მათ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ნევროპათალოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი მოემსახურნენ.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინსიტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარი იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 22 წელი შესრულდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 22 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი ,,საქართველოსთვის'' ყავავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც სამინისტრო დგას.

მხარეები, დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ანჯეი კლიმჩიკს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავხტანგ ყოლბაიამ საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანჯეი კლიმჩიკი მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებასა და დაფინანსების საკითხებზე. ვახტანგ ყოლბაიამ ანჯეი კლიმჩიკს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ძლევაი საკვირველი“

12 აგვისტო განსაკუთრებული დღეა საქართველოს ისტორიაში. დიდგორის ველზე მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ ქართველთა უმაგალითო ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა. სწორუპოვარი მეფის, დავით IV აღმაშენებლის მთავარსარდლობით მოპოვებულ გამარჯვებას იმ დროის მემატიანებმა „ძლევაი საკვირველი" უწოდეს.

1121 წელი იყო მაშინ. 893 წლის გასვლის მიუხედავად, 12 აგვისტო ქართული სახელმწიფოს გამარჯვების, სამშობლოს მიწა-წყლის დაცვის, მეომართა თავგანწირვის მუდმივი ცოცხალი მაგალითია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „დიდგორობის" ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოს გაერთიანების, გაძლიერებისა და გაბრწყინების იმედად!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

მილოცვა ახალგაზრდებს

12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა. გაეროს მიერ დაწესებული დღესასწაული 1999 წლიდან აღინიშნება და მსოფლიოს ახალ თაობებს აერთიანებს სიკეთისა და სიყვარულისთვის, სიახლეებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველას, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და უპირველესად დევნილებს, რომელთაც შეუძლიათ განუზომელი წვლილი შეიტანონ ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირების რთულ, მაგრამ საპატიო საქმეში.

მინდა ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ყველა თაობასთან ერთად გამარჯვება ომზე, სისასტიკეზე და ბოროტებაზე! ღვთის მადლით ჩვენ ქართველები და აფხაზები, ყველა ერისა და ეროვნების ადამიანები აუცილებლად დავიბრუნებთ სიმშვიდეს და ვიცხოვრებთ ურთიერთსიყვარულით და სიკეთით.

ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

მოგონებები ლორიკ მარშანიაზე

“მე აფხაზი ვარ და  ამაყად  ვამბობ, ჩემი  საქართველო აფხაზეთიდან იწყება”. „ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად  ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს  ღვიძლიშვილი  ვარ“ ლორიკ  მარშანია. აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშია მაწლის 11 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, ღირსეული აფხაზი მამულიშვილის ლორიკ მარშანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ბატონებმა იგორ კოპალიანმა, ვასილ ზაქარაიამ, მურმან ჩხოტუამ, ირაკლი გუგუშვილმა.მოწვეული სტუმრებმა: ბატონმა კონსტანტინე მარშავამ, ქალბატონებმა ქეთევან ჩემიამ, მარინა ზუხბაიამ, მანანახურციძე-ჩაქსელიანმა. საღამოს  უძღვებოდა  ქალბატონი მარინა ნაჭყებია. დამსწრე საზოგადოებამ ვრცლად ისაუბრა ბატონ ლორიკ მარშანიას ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე, მის ღვაწლზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხში. ლორიკ მარშანია გახლდათ ის პიროვნება, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცდილობდა აღედგინა ქართულ-აფხაზური ნათესაური ურთიერთობა. ის საზოგადოებას ევლინობოდა, როგორც ხიდი გამთლიანებისა. დიდია ღვაწლი ბატონ ლორიკ მარშანიასი ქართველი ერის წინაშე.

რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისთვის ფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვევები ჩატარდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ და ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ. საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. დევნილთა სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ქ. რუსთავის მერი დავით ჯიქია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო ცენტრ ,,ლანცეტის", "დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის" წამყვანმა ექიმებმა: თერაპევტმა, პულმონოლოგმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, უროლოგმა, რევმატოლოგმა, აგრეთვე ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილმა სპეციალისტმა, ექიმ-ლაბორანტმა, დერმატოლომა და სტომატოლოგებმა.

,,ჩვენ დევნილთა სამედიცინო შემოწმების პროგრამას პერმანენტულად მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ. დღეს, რუსთავში ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო შემოწმება მრავალპროფილიანი კლინიკა ,,ლანცეტისა" და "დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის" 20-მდე კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაუტარა. ღონისძიება მოიცავდა არა მარტო სამედიცინო შემოწმებას, არამედ მედიკამენტებითა და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარებასაც", - აღნიშნა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები სისტემატურად უტარდება, ძალზედ მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ რუსთავში მცხოვრები დევნილები სამედიცინო შემოწმებასთან ერთად საჭირო მედიკამენტებსაც უფასოდ ღებულობენ.

ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლადაშენებული შვიდი კორპუსი გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ბინების გადაცემის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე უოლკენი. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალ საცხოვრებელ კორპუსი ააშენა. შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის თანხა ევროკავშირის მიერ იყო გამოყოფილი. 

ახალაშენებულ კორპუსებში შესახლებული 280 ოჯახი კომისიამ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. 

სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდა. თითოეულ კორპუსში 40 ბინაა. შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბინებში გაყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია, გამართულია საკანალიზაციო სისტემა. დაგეგმილია და ყველა ოჯახში დამონტაჟდება: გამათბობელი სისტემა, ე.წ „ კარმა", გაზქურა და წყლის გამათბობელი ავზი.

პროექტით ასევე მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამონტაჟდა გარე განათება, ბავშვებისთვის გაკეთდა 2 სკვერი. თითოეულ კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები, გაიმართა სანიაღვრე სისტემები. შესაბამისად ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „ზიმო" აწარმოებდა. დევნილებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებემლა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელია. ტრაგიკული დღეა ყოველი ჩვენგანისათვის. დავკარგეთ ამდენი ვაჟკაცი, რომელმაც სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოს დასაცავად. იმის ნაცვლად, რომ ეს ბიჭები ჩვენს გენოფონდს ამშვენებდნენ, ყველაზე ძვირფასი მიიტანეს სამსხვეპლოზე, საკუთარი სიცოცხლე. ბედუკუღმართობამ, აგვისტოს საზარელმა დღეებმა ამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ტერიტორიები დაგვაკარგვინა. ამდენი უსახლკარო და დევნილი შეგვმატა. ვინ განსჯის ამ დღეებს, ასეთი აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლის გამო. ალბათ ისტორია და ხალხი ყველაზე პირუთვნელ განაჩენს გამოიტანს. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების და ჯარისკაცების უსაფრთხოება. ომი კი უკიდურესი საშუალებაა, რომელსაც როგორც აგვისტოს ომმა გვიჩვენა, დიდი უბედურება მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე საკუთარი ხალხისთვის. დროა ჩვენს შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ გამეორდეს", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებემლა ვახტანგ ყოლბაიამ.

სასტუმრო „ბახტრიონ“-ში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში არაკომერციული კორპორაცია „HONOR VITAE"- მხარდაჭერით თბილისში, სასტუმრო „ბახტრიონ"-ის კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები დაურიგდათ.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.

აფხაზეთის მთავრობას ჰუმანიტარული ტვირთი დევნილთათვის ორაგნიზაცია „HONOR VITAE'' გადასცა.

ვახტანგ ყოლბაია სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილი მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის (მდინარე ენგურის) მიმდებარე სოფლებში (გალის, ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონების) მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკის განხილვას. „დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 000-ზე მეტი დევნილია. დევნილი მოსახლეობის 50% სოფლად ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არის ჩართული", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე.

„მზად ვართ უზრუნველვყოთ დევნილების მაქსიმალური ჩართულობა ყველა იმ პროექტში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიას თქმით, დევნილი მოსახლეობა წარმოადგენს იმ სეგმენტს, რომელთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინსტიტუტებმა განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინონ.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კოორდინირებულად იმუშავებენ დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ეფექტიანად განხორციელებისათვის.