აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“

 

ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათი დიდი ნაწილი რესტავრირების პერსპექტივის გარეშე განადგურდეს, რაც არა მარტო ქართული მხარის, არამედ აფხაზების გარკვეული ნაწილისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ცნობილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქცია.

სამინისტროს ქვეპროგრამა - ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“, რომელსაც სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური ახორციელებს, ამ სტრატეგიის ნაწილია და გულისხმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დაფიქსირებას, რათა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ და შევახსენოთ აფხაზეთში არსებული ჩვენი ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა.

ფოტოკონკურსის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე "ფოტოკონკურსი" http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=162სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე „აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ (www.abculture.ge), სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე. ის ასევე გამოქვეყნდება სამინისტროს ყოველკვარტალურ პერიოდულ გამოცემაში ,,ჩემი აფხაზეთი“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებში.

კონკურსანტთა რეგისტრაციისა და საკონკურსო ფოტომასალის წარმოდგენის ბოლო თარიღია 2017 წლის 18 ნოემბერი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ოპერატიულად შეკეთებულ იქნა ხანძრის შედეგად დაზიანებული დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ჭერი და სახურავი

2017  წლის  15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტურ ჩასახლების ობიექტში ,,საჭკადუოს სკოლა – აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა ერთი ოთახი. ხანძარი ლოკალიზებულ იქნა სახანძრო ბრიგადის  გამოძახების  შედეგად.

  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ოპერატიულად შეკეთებულ იქნა კორსანტიების საცხოვრებელი ფართის ჭერი და სახურავი.

  აღნიშნულ შენობაში, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში,   რასაც ადასტურებს  საქართველოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა (2016 წ.), ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ოჯახი. ოთხივე ოჯახი ითხოვს ბინით დაკმაყოფილებას.

ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიღების მიზნით წარმომადგენლობებში ბენეფიციართა განცხადებების მიღება დაიწყო

2017 წლის 30 იანვრიდან „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 20 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნით ბენეფიციართა განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი,  დ. აღმაშენებლის გამზირი  №89/24 (მე-13 სართ).
  • ქუთაისი,   ირ. აბაშიძის №27,   მესამე სართული;
  • წყალტუბო,   შ. რუსთაველის ქ. №25, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, წარმომადგენლობის  წყალტუბოს რაიონული განყოფილება;
  • ბათუმი,   გორგასლის ქ. №141,  სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა;
  • ზუგდიდი,   შ. რუსთაველის  ქ. №35.
მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე წარმომადგენლობებში განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის” საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი,  დ. აღმაშენებლის გამზირი    №89/24 (მე-13 სართ);
  • ქუთაისი,   ირ. აბაშიძის   ქ.  №27, მესამე სართული;  (ბათუმის, ქობულეთის და წყალტუბოს ოფისების დახმარებითაც ხდება განცხადების მიწოდება)
  • ზუგდიდი,   შ. რუსთაველის  ქ. №35.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბაგა-ბაღ „სინათლისა“ და „იმედის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში ბაგა-ბაღ „სინათლესა" და თბილისის ზღვის დასახლებაში, სასტუმრო ტურბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღ „იმედს" ესტუმრა. დემურ კეკელიამ დევნილ პატარებს ტკბილეული და სათამაშოები გადასცა. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, მსგავსი ღონისძიება ცოტა ხნით ადრე ბაგების დასახლებაში მდებარე 195-ე ბაგა-ბაღშიც ჩატარდა.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცათ

სამეგრელო ზემო ვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, შარტავას ქუჩაზე და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში ეტლით მოსარგებლე 3 ბენეფიციარს ახალი ეტლი გადასცეს. ახალი ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ LDS ,,CHARITY’’-სა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით მოხდა. ეტლების გადაცემა გაგრძელდება ეტაპობრივად.

წარმომადგენლობა ვანი-ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

2017 წლის 10 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით,  გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, შეხვდა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს.

შეხვედრებზე მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაციები და გადაეცათ სათანადო ნაბეჭდი მასალა საქართველოს ცენტრალური, დევნილთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების  2017 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის პროგრამებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. შესწავლილ იქნა  საყოფაცხოვრებო, სოციალური და სხვა ინდივიდუალური სახის პრობლემები.  კომპეტენციის ფარგლებში დევნილებს მიეცათ სათანადო განმარტებები და რეკომენდაციები მათი მოგვარებისათვის, გაეცათ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

ვიზიტისას მოეწყო  წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა (ზაზა ჩაჩავა) და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელის (არჩილ გოგსაძე) შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა, კომპეტენციის ფარგლებში, დასახეს მომავალი თანამშრომლობის გზები დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის საქმეში.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფორმატით, წინასწარ შემუშავებული  სამუშაო გეგმისა და განრიგის შესაბამისად წარმომადგენლობა კვლავ გააგრძელებს შეხვედრებს სამოქმედო რეგიონებში განთავსებულ დევნილ მოსახლეობასთან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის კონსტანტინე კუჭუხიძის განცხადება

2017 წლის 10 თებერვალს მედია-კავშირ ობიექტივში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროს მურად აბლოთიასთან ინტერვიუში გაჟღერდა რომ, თითქოს მუშა ჯგუფში (ე.წ "დროებით ექსპერტთა ჯგუფში"), რომელიც მუშაობდა დევნილთა შემწეობის რეფორმებზე ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, რომ დროებით საექსპერტო ჯგუფებში აფხაზეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ არის და არც იყო ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი თხოვნის შემდეგ, 2017 წლის იანვრის თვეში ბატონ სოზარ სუბართან შეთანხმებით აფხაზეთის მთავრობამ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა თავისი წარმომადგენლები სამივე დროებით ექსპერტთა ჯგუფში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები ამ პროცესში.

როგორც ცნობილია, პირველად აღნიშნული რეფორმის შესახებ გაცხადდა 2016 წლის 23 დეკემბერს და ჩვენს მიერ 2017 წლის 14-15 იანვარს სხვადასხვა გზებით მოპოვებულ იქნა რეფორმის პროექტი, რასაც მოყვა საზოგადოებისათვის ცნობილი შესაბამისი რეაგირება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სთხოვს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან.

www.idpdep.gov.ge/

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის კონსტანტინე კუჭუხიძის განცხადება

2017 წლის 10 თებერვალს მედია-კავშირ ობიექტივში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროს მურად აბლოთიასთან ინტერვიუში გაჟღერდა, რომ თითქოს მუშა ჯგუფში (ე.წ “დროებით ექსპერტთა ჯგუფში”), რომელიც მუშაობდა დევნილთა შემწეობის რეფორმებზე, ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, რომ დროებით საექსპერტო ჯგუფებში აფხაზეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ არის და არც იყო ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი თხოვნის შემდეგ, 2017 წლის იანვრის თვეში ბატონ სოზარ სუბართან შეთანხმებით აფხაზეთის მთავრობამ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა თავისი წარმომადგენლები სამივე დროებით ექსპერტთა ჯგუფში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები ამ პროცესში.

როგორც ცნობილია, პირველად აღნიშნული რეფორმის შესახებ გაცხადდა 2016 წლის 23 დეკემბერს და ჩვენს მიერ 2017 წლის 14-15 იანვარს სხვადასხვა გზებით მოპოვებულ იქნა რეფორმის პროექტი, რასაც მოყვა საზოგადოებისათვის ცნობილი შესაბამისი რეაგირება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სთხოვს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის განცხადება

2 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, რომლებიც სხვა ორგანიზაციებთან ერთად არიან სამუშაო ჯგუფში და განიხილავს დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელს.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საფუძვლიანად იქნა შესწავლილი განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები და ამასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მთლიანად ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ ზოგად შეფასებას აღნიშნული რეფორმის შესახებ, ასევე არსებული რისკების აღმოსაფხვრელად ამ ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებულ მიდგომებს და მათი მხრიდან გამოთქმულ იმ პათოსს, რომ „შესაბამისი მოდელის შემუშავებისას, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივაციით არ უნდა იხელმძღვანელოს. მისი მიზანი უნდა იყოს, დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად ზუსტად გამოვლენა და შესაბამისი დახმარების სისტემის შექმნა“.
აქვე გვინდა გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ამ ორგანიზაციების მხრიდან, დევნილთა წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად გამოჩენილი ძალისხმევისა და პროფესიონალური მიდგომისათვის, რაც მათ არაერთხელ გამოავლინეს არამარტო ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის პერიოდში, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზეც.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ხელი შევუწყოთ დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარების სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნას.

ვახტანგ ყოლბაიამ ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მოკლედ გააცნო საქართველოს უახლეს ისტორიაში, აფხაზეთში, კონფლიქტამდე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. აგრეთვე, ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. ბულგარეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე და გააცნო ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, ისაუბრა, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის საელჩო 2017-2019 წლებში  ნატოს საკონტაქტო საელჩო იქნება, ხოლო 2018 წელს ექვსი თვით ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების წარმომადგენლები თბილისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ქალაქ თბილისში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მოინახულეს.

ჯგუფის წევრები დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №37-ში მდებარე კომპაქტური ჩასახლების სამ კორპუსში იმყოფებოდნენ. ადგილზე დააფიქსირეს კონკრეტული დევნილი ოჯახების საბინაო-საყოფაცხოვრებო, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემური საკითხები, მიაწოდეს მათ ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ამ პრობლემათა ნაწილობრივი გადაჭრაა შესაძლებელი.

აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის პროექტთან - „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.  

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე   შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ.

2017-02-09    |   
ვახტანგ ყოლბაია: “რაც არ უნდა შევთავაზოთ დევნილებს, ისინი თავს ბედნიერად მხოლოდ საკუთარ ფუძეზე იგრძნობენ”

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ხმაური, რომელიც დევნილთათვის შემწეობის გაცემის წესის შესაძლო ცვლილებამ გამოიწვია უსაფუძვლოა, რადგან დევნილთა და განსახლების სამინისტრო ჯერჯერობით საბოლოო ფორმატზე არ შეჯერებულა. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რეფორმის გატარება არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების ფონზე ხდება.
„განიხილებოდა 45ლარიანი შემწეობების საკითხი, თუმცა ამ შემწეობების სრულიად მოხსნაზე საუბარი არ ყოფილა. იყო ვერსია, რომ ეს შემწეობა მოეხსნებოდათ იმ დევნილებს, ვისი შემოსავალიც 1000 ლარს აღემატება და ვინც ბინით უზრუნველყოფილია, თუმცა ამ პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების მიღებაც მოხდება შესაბამისად, ყველას აზრის გათვალისწინების შემდეგ”, – განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს დევნილი საზოგადოების დამოკიდებულება მოცემული საკითხების მიმართ, ეხება ეს ბინით დაკმაყოფილებას, სოციალური დახმარებას თუ სხვა მრავალი საკითხს.
„რაც უნდა შევთავაზოთ საკუთარი ფუძიდან დევნილ ადამიანს, იქნება ეს 5 ბინა თუ ოქრო ვერცხლი და სხვა სიკეთე, არავინ დაიჯეროს, რომ დევნილი ადამიანი ამით თავს ბედნიერად იგრძნობს. უნდა გავიგოთ ყველამ, რომ მას საკუთარ სახლში, მშობლიურ გარემოში სურს დაბრუნება. შველა არის დაბრუნებაში, ამიტომ პარალელურ რეჟიმში ლაპარაკი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების პრობლემებზე, სოხუმთან ურთიერთობის დალაგებაზე, დასავლეთის მხარდაჭერის გააქტიურებაზე და ა.შ. პროცესი რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ გადაულახავი არ არის”- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2017-02-09    |   
საქართველოს სახალხო დამცველმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი და რეკომენდაციები წარადგინა

2017 წლის 9 თებერვალს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წარადგინა ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ეხება, იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს სხვდასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმაც.
ანგარიში მიმოიხილავს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არსებულ ხარვეზებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და შეეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, ეკონომიკური საქმიანობა, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის მხრივ უფრო მოქნილი უნდა გახდეს. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა შედარებით მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება. ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალული მიმართულებებიდან უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.
ამავე სულისკვეთებას იზიარებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებებიც – „თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დახურული დარჩა ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისათვის და არ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების ლიბერალიზაცია, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების შერბილება და ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება. ამ ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება“ აცხადებს სახალხო დამცველი თავის ანგარშიშში და აქვე საუბრობს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც, რომ – ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებში, განსხვავებული წესი უნდა შემუშავდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწევიან ჰუმანიტარულ საქმიანობას, ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვის, ნდობის აღდგენისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების პროექტებს; ეს წესი უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრძელვადიან და შეუფერხებელ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
გარდა ამისა, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების/დაწესებულებების მუშაობას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სთავაზობენ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებასა და საგანმანათლებლო პროგრამებს, მათთვის პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაცემის საკითხი; – მთავრობამ უნდა შეიმუშავოს მოქნილი და წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვის გაცემის პროცედურის შესახებ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“– განაცხადა სახალხო დამცველმა.
შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, საქართველომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი. პრაქტიკის ანალიზით, ჩანს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის სასჯელი მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომელიც შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოდის და რაც მთავარია, მათი საქმიანობა ან კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ დამატებით განხილვებში და იმედოვნებს, რომ მისი რეკომენდაციების საფუძველზე, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და მათი აღსრულება ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაზე.