მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ვ. არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ, აფხაზეთის წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა-დიალოგი გამართა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ „სკოლის შემდგომი განათლების მხარდაჭერის“ პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები.
 
გარდა ამისა, დავით მორგოშიამ ჟიული შარტავას, ილია ვეკუას, თამაზ ნადარეიშვილის, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძის და ლორიკ მარშანიას სახელობის, 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატებს შესაბამისი დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მიღწეული წარმატებებისთვის. აღნიშნა, რომ სამინისტრო სამომავლოდ, დევნილ ახალგაზრდებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროგრამების შემუშავებას გეგმავს.
 
სტუდენტებმა მსგავსი პროგრამების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ამ მხრივ საინტერესო იდეები წამოაყენეს.
 
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, მინისტრის მრჩევლები მანანა ქვაჩახია და ბექა ღვაჩლიანი, „სკოლის შემდგომი განათლების მხარდაჭერის“ პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინგა სანიკიძე, ამავე პროგრამის კოორდინატორი შოთა კეჟერაშვილი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.