ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით, 2024–2025 წლებში ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებული, 10 წარმატებული სპორტსმენი დაჯილდოვდა.
სტიპენდია მიზნად ისახავს 17-დან 23 წლამდე აფხაზეთიდან დროებით დევნილი, ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერასა და წახალისებას.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვიქტორ სანეევი ერთადერთი სამხტომელი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე (1968, 1972, 1976) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 1980 წელს – ვერცხლის მედალი. ის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი გახლავთ.