აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მემორიალი „საქართველოსთვის“ ყვავილებით შეამკეს და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარდაცვლილი ქართველის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიება გოგონათა ანსამბლ „გუმბათის“ შესრულებულ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გაიხსნა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინსიტრთან ერთად მოწვეულ სტუმრებს და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქართველი გმირების ღვაწლსა და მათ ისტორიულ გმირობაზე ისაუბრა.
საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, ჟიული შარტავას ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ვეტერანები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები, შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. თბილისში ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე მემორიალი „საქართველოსთვის“ სწორედ აფხაზეთში დაღუპული გმირების სულების საპატივცემულოდ დგას.