აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის დრამატული თეატრის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

    ამას წინათ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დელეგაცია, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და ლესია უკრაინკას სახელობის რუსული დრამის თეატრის ოფიციალური მიწვევით,   ქ. კიევში იმყოფებოდა. 

 დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, თეატრის დირექტორი კახაბერ შარაბიძე   და თეატრის პროდიუსერი ბესო ხელაშვილი. დელეგაციის წევრები უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილეს იური რიბაჩუკს და ლესია უკრაინკას სახელობის რუსული დრამის თეატრის გენერალურ პროდიუსერს, არტ-დირექტორს მიხეილ რეზნიკოვიჩს შეხვდნენ. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს  დიდი ტრადიციების მქონე ლესია უკრაინკას სახელობის თეატრის შენობა დაათვალიერებინეს და ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე მიიპატიჟეს

   .ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის,  ლესია უკრაინკას სახელობის რუსული დრამის თეატრი საგასტროლოდ თბილისს ეწვევა და ქართველი მაყურებლის წინაშე ორ სპექტაკლს წარმოადგენს. მეორე ეტაპზე კი უკრაინაში გაიმართება აფხაზეთის კულტურის დღეები, რომლის ფარგლებშიც სოხუმის თეატრი უკრაინაში ასევე ორი სპექტაკლით გაემგზავრება. კულტურის დღეებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას  გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და აფხაზეთის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

  სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე,  უკრაინელი და ქართველი მსახიობების მონაწილეობით დაიდგმება ერთობლივი სპექტაკლი, რომელსაც როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში წარმოადგენენ. გარდა ამისა, დაგეგმილია შემოქმედებით თანამშრომლობაში გერმანიის რომელიმე თეატრის ჩაბმა და ერთგვარი სამკუთხედის შექმნა,  რომელიც  ევროპარლამენტის თუ საერთაშორისო ფონდების დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას მოგვცემს.

დავით საყვარელიძისავე აზრით, საქართველოსა და უკრაინის კულტურული ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია,  რადგან  უკრაინას და საქართველოს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პრობლემა აერთიანებთ.  საერთო სათქმელის გამოხატვა კი პოლიტიკის გარდა, კულტურის ენითაც მნიშვნელოვანია.