აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა ახალ პროგრამებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას აგრძელებს. განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდას ეთმობა.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დევნილი ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, წელს მნიშვნელოვნად გაგვეზარდა დაფინანსება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ.
დღეს, ასევე წარმოდგენილია 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი. აღსანიშნავია, რომ რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსების მოცულობა.
ასევე, ვიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმას საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით. სამინისტროებში ვნერგავთ ოთხწლიანი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პრაქტიკას.
აღნიშნული მიდგომა გაზრდის სამინისტროების საქმიანობის გამჭვირვალობას და გააუმჯობესებს ანგარიშგების ხარისხს, რაც პირდაპირ აისახება დევნილთა კეთილდღეობისკენ მიმართული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.
მინდა დავაინიცირო კიდევ ერთი სიახლე... მიმდინარე წელს დაფინანსდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ინიციატივები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 290 000 ლარი. უკვე დაწყებულია საპროექტო განაცხადების მიღება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიმართულებებით.
ასევე, დაგეგმილია ორი ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზება, სადაც 100-მდე დევნილი ბენეფიციარი ჩაერთვება არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სეზონი სპექტაკლის „სამი ფათერაკიანი დღე“ პრემიერით გახსნა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
„სამი ფათერაკიანი დღე“ ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის ცნობილი მოთხრობის „თამაში ჭვავის ყანაში“ მიხედვით, რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ დადგა. სპექტაკლი ახალგაზრდა გმირის მეტამორფოზსა და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
სპექტაკლს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პრემიერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
გიორგი ჯინჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ხორციელდება.
ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობისგან ერთჯერადი დახმარება ყოველწლიურად გადაეცემათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ისაუბრეს დევნილი სტუდენტებისთვის არსებულ სტიპენდიებსა და ახალგაზრდების წახალისების სხვა შესაძლებლობებზე. ასევე განიხილეს სტუდენტების მხარდასაჭერად სამომავლოდ დაგეგმილი ახალი პროექტები.
„სტუდენტებთან შეხვედრაზე გაჟღერებულ ინიციატივებსა და იდეებს სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა დავნერგოთ და განვახორციელოთ მათ ინტერესებსა და პროფესიულ განვითარებაზე მორგებული პროგრამები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმრებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და მის მიზანს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა წარმოადგენს.