სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა ანგარიშში იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრა, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს განახორციელა. ასევე სამომავლოდ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებაზე და აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. დაანონსდა სამინისტროს ფარგლებში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნა.

მოხსენების შემდეგ, მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი აფხაზეთის მთავრობის პროგრამებსა და სერვისებს "ერთი ფანჯრის" პრინციპით აერთიანებს და მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივებასა და სამთავრობო ინიციატივებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-12-25
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებული მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დააჯილდოვა.

სპორტსმენების ისტორიულ შედეგებზე ისაუბრეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

2025 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ქალდანი გახდა.

ჯილდოები ასევე გადაეცათ: წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო გუნდი სათამაშო სპორტულ სახეობებში - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - თემურ სამხარაძე, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ანა ჯაფარიძე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ვახტანგ ლოლუა.

სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-12-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2025 წლის საქმიანობა შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა ძირითადი ყურადღება ბიუჯეტის ზრდაზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე და რესურსების ოპტიმიზაციაზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობისა და დევნილ მეწარმეთა მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას. მოხსენების ფარგლებში, მინისტრმა ასევე სამინისტროს 2026 წლის სტრატეგიაზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდასა და 2026 წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი სამი მეწარმე ქალი დააჯილდოვეს, რომლებმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღეს. ასევე სპეციალური ჯილდო გადაეცათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ანგარიშს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-12-23
მთავრობის აპარატი
სამეცნიერო კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.

სამეცნიერო სესიებში ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის მეცნიერებმა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა. მოხსენებები ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის პრობლემებს, კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობას ოკუპაციის პირობებში, ენობრივ-იდენტობის საკითხებსა და დიასპორების როლს შეეხებოდა.

კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს ეძღვნებოდა და მიზნად ისახავდა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კულტურული, ენობრივი და საინფორმაციო გამოწვევების სამეცნიერო გააზრებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

2025-12-23
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე „ელჩების კონფერენცია 2025“-ის გახსნას დაესწრო

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2025“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქვეყნის პრაგმატულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელმაც დიპლომატებს პატრიარქის მიმართვა გააცნო.

ელჩების ყოველწლიური კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 25 დეკემბერს დასრულდება.

2025-12-22
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად გიორგი ძაძამია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ბექა ღვაჩლიანი შეცვალა.

ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი მინისტრის პირობებში განათლების მიმართულების გაძლიერებასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. ასევე გაწეული საქმიანობისთვის ბექა ღვაჩლიანს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

გიორგი ძაძამია 1989 წლის 25 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, ასევე პოლიტიკის თეორიების სამაგისტრო პროგრამა.

მას საჯარო სექტორში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. მინისტრად დანიშვნამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი.

2025-12-22