აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო.
გიორგი ჯინჭარაძემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.
დადგმა, რომელიც დოკუმენტურ-ისტორიულ მოვლენებს ემყარება, 1924 წლის აჯანყების ტრაგიკულ პერიოდს ასახავს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს აცოცხლებს.
საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან ერთად დაესწრო.
პრემიერას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროს გიორგი სუთიძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ქალბატონებს სახლში ეწვივნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო გამოხატეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, 100 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან ცოცხალი მემატიანეები და სიმბოლოები იმ გამძლეობისა, რაც აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას ახასიათებს. მსგავსი ღონისძიებები კი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მიმართ მუდმივი ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვას.
„მქონდა პატივი 8 მარტი მიმელოცა ორი გამორჩეული ქალბატონისთვის, რომლებიც 100 წელს არიან გადაცილებული. ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა მუდმივად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სადღესასწაულო და საქველმოქმედო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ-სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე პაციენტმა ისარგებლა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს პატივი მივაგეთ ჟიული შარტავას ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოს, მიუძღვნა აფხაზეთს. მისი თავგანწირვა, მისი თავდადება არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ადამიანმა.
დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2004 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.