აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სხვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, პროგრამა „GRASSROOT"-ის ფარგლებში გაკეთდა. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი მოცვის სანერეგე მეურნეობა. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული.

სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.

   „საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და სხვა არსებულ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
     შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ცაგერის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ცაგერის რაიონში, სასტუმრო „ლეჩხუმში" კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვახტანგ ყოლბაის მათი პრობლემები გააცნეს და სასტუმროში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებზე ესაუბრნენ.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დევნილებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აჭარასა და იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

აქციის ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, ალერგოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, უროლოგისა და  ოტოლარინგოლოგის მომსახურება. 

ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა უფასო მედიკამენტები. დევნილ პენსიონერებს თვალის კლინიკა „მედიქალ სითი“-სგან ერთჯერადი უფასო გამოკვლევების ვაუჩერები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი ავთანდილ ხაზალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

 

ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ომის ვეტრანებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აჭარაში მცხოვრებმა ვეტრანებმა ვახტანგ ყოლბაიას საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. ასევე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მთავრობის თავმჯდომარეს გააცნეს მათ წინაშე არსებულ პრობლემები და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გამართა

ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, პროექტ „Check in Georgia“-სა და ფესტივალ „ფოლკლორის დღეები“-ის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „აფხაზეთი“ განახლებული პროგრამით წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ფესტივალი 29 ივლისს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში 45 ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფესტივალის მიზანი ტურიზმის ხელშესაწყობად ქალაქ ბათუმში ჩასული სტუმრებისათვის ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობაა.

აფხაზეთის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

 

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელების მიზნით საგრანტო რესურსების მოზიდვის შესაძლებლობებზე, ასევე განიხილეს საგრანტო პროექტების თანადაფინანსების  იურიდიული და ფინანსური ასპექტები.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და ფონდი „აფხაზეთის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ - ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აფხაზეთის ხელისუფლებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

 

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის" ყვავილებით შეამკო.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

ვახტანგ ყოლბაიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით სენაკსა და ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ომის დროს  დაღუპული სამხედროების თემურ ბოკუჩავასა და ბადრი ბერანძის საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„2008 წლის აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ ბიჭებმა სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. აგვისტოს საზარელმა დღეებმა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიები დროებით დაგვაკარგვინა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ ვკარგავთ. ყოველი ჩვენთაგანის ვალია ამ გმირების სახელები სამუდამოდ უკვდავვყოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

კაპრალ თემურ ბოკუჩავას მეუღლის მაია ცეცხლაძის ინიციატივით, თემურ ბოკუჩავას სახელობის სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, წარმატებული მე-12 კლასელისთვის ოჯახის დაფინანსებით მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.

კაპრალი თემურ ბოკუჩავა 1983 წელს სოხუმში დაიბადა. ის ათი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის იძულებით დატოვება მოუწია. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.  2001 წელს ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სენაკში, იყო კოდორის ხეობაში, ცხინვალის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის (სიკვდილის შემდეგ).

კაპრალი ბადრი ბერანძე 1987 წელს გალში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ ის ქობულეთში იზრდებოდა. იგი ყოველთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ის 21 წლის გახდა და იმავე დღეს ცხინვალთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

დეპარტამენტის ორგანიზებით გრძელდება სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის უფასო გამოკვლევები ,,მედისონის თვალის კლინიკა”-ში

2018 წლის  6-7  აგვისტოს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ჩუღურეთის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 30

პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს  ჯარების გაყვანის თაობაზე  ნაკისრ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ოკუპაცია მოახდინა კოდორის ხეობის, სადაც არანაირ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა  მუდმივი საცხოვრებელი ადგილები, ხოლო დარჩენილებს კი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ თავიანთ სახლებში ცხოვრება. მათი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ცალმხრივად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.     

2008 წლის ომი, იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს იყო მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანის ჩაკვლისა ძალადობრივი გზით, რაც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიუღებელია XXI საუკუნის ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსათვის.

ჩვენ მუდამ გვემახსოვრებიან ის გმირები, რომელთაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს. მათ შორის ბევრი აფხაზეთის მკვიდრიც იყო, რომელთაც ერთხელ უკვე გამოსცადეს თავს მოხვეული  ომის სიმწარე, მაგრამ თავიანთი მამულიშვილური ვალი ვაჟკაცურად მოიხადეს ერისა და ქვეყნის წინაშე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული, დემოკრატიული სამყაროს თანადგომითა და ძალისხმევით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებით მიღწეული იქნება შედეგი - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სამშობლო დაიკავებს ღირსეულ ადგილს დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიგებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

დიდუბის რაიონში განსახლებულ სოციალურად დაუცველ პენსიონერ დევნილთა საყურადღებოდ:

მიმდინარე წლის 9-10 აგვისტოს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით კლინიკაში  ტარდება  ქ. თბილისში დიდუბის რაიონში  კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისთვის  უფასო კონსულტაციები და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა.

პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • მხედველობის სიმახვილის დადგენა
  • სათვალის შერჩევა
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა
  • თვალის ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) გამოკვლევა
  • თვალის წნევის გაზომვა
  • მხედველობის ველის გამოკვლევა
  • ხელოვნური ბროლის ნომრის დადგენა
  • თვალის რეფრაქციის დადგენა

 საკონტაქტო პირი:    ნინო ლემონჯავა        ტელ.  599 85 52 76

საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებისათვის საინტერესოდ დასრულდა

2018 წლის 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქვეპროგრამის „საზაფხულო ბანაკი“ ფარგლებში ქ. ქობულეთში გამართა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებისათვის (სულ 32 ბენეფიციარი) „საზაფხულო ბანაკი“.

„საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ სამოქალაქო ცნობიერების, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.


გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს ჩაუტარეს ეკო-გაკვეთილები და ტრენინგები. 


გარდა ამისა, „საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღას“ და გაეცნენ პროფესიული სწავლების სპეციფიკას, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამებს.