აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს სახლში ესტუმრა,  80 წლის იუბილე მიულოცა და  ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის სიგელით დააჯილდოვა.

რამინ აფაქიძეს იუბილე მიულოცა და საქართველოს მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ.

იუბილის მისალოცად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები იმყოფებოდნენ.

ლენინგრადის პედაგოგიური უნივერსიტეტის, გრაფიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბატონი რამინი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია თბილისში აგრძელებს  აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბატონი რამინი არის  სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი, „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ (1997) პრემიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმისა და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეებში, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი იმერეთის რეგიონში

2018 წლის 26 ივლისს დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  იმერეთის რეგიონში.  დეპარტამენტის თავმჯდომარემ  იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ    რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის   მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  ზაზა ჩაჩავასთან ერთად   დაათვალიერა  ქალაქ  წყალტუბოში  დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ,,სანატორიუმი თბილისი”  მიმდინარე წყალმომარაგების სარემონტო სამუშაოები, ასევე  ქალაქ წყალტუბოსა და ქუთაისში   რეგისტრირებული  დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები.  შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო  მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს  დაიგეგმა კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის  გზები.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე დადებითად შეაფასა ის ყურადღება და მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო იჩენს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

„მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წარმოდგენილნი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც, რაც მათი ინტერესების მეტად დაცვას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კომისიებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართვას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაზე. 

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი საბერძნეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხერხდება ხანძრის კერების ლიკვიდაცია და საფრთხე არ შეექმნება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ბერძენ ხალხს და საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას.

დეპარტამენტის ორგანიზებით გრძელდება სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის უფასო გამოკვლევები ,,მედისონის თვალის კლინიკა”-ში

2018 წლის 23 – 24  ივლისს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ისნის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 20 პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.

აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში ბორჯომის ხეობაში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესი) აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში ჩაატარა. ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ვეტერანთა დეპარტამენტის, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სხვა სამინისტროებისა და უწყებების, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის გუნდი „ტაო“, სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) ადმინისტრაციის და სხვა გუნდები.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი გახდა გუნდი „ტაო“ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის გუნდი, მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა მანანა ქვაჩახიამ, მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ყუფარაძემ.


ტურნირის მიზანია სპორტის ამ ექსტრემალური და საინტერესო სახეობის პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ გალის რაიონში ქართველებისთვის არ არსებობს არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ბავშვები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ. ხაზი გაესვა გალის რაიონში  არსებულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურობის იძულებით შეცვლის ფაქტები და პასპორტიზაცია, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იძულებულ გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების საკითხს. შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები.

„მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ქართველი მოსახლეობისათვის რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან საკუთარი უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, რომ ყველა უწყების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა გარდატეხას შეიტანს არსებული პრობლემების დაძლევაში.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა. აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო“ გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.

ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.

ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის გუნდი „აფხაზეთის მთავრობა", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „დიოსკურია", სარაგბო გუნდი „ტაო", აფხაზეთის რაგბის ფედერაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გუნდი, ძალისმიერი სამჭიდის ფედერაცია, ძალისმიერი კლუბი „სტრონგერ", ზემო აფხაზეთის სპორტული სკოლა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „გაბი", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გუნდი „ცხუმი", თბილისის ზღვა „ტოჩინოშინი", ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია, მედია გუნდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტი, ცხინვალის ადმინისტრაცია და მორაგბეებისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი „ინტერნაციონალი". აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო" გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.

ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.

ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, რომელმაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდში მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრა. 

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა 44-ე რაუნდის პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების მუშაობაზე და ჟენევის მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლო  ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში  2018 წლის 19 ივლისს, დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა შედგა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დევნილობაში მიღებული ნორმატიული აქტების ბეჭდური გამოცემასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი.

დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები და ერთხმად სამუშაო ჯგუფის ხელმძრვანელად  არჩეულ იქნა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, პროფესორი   ავთანდილ ხაზალია.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული აქტიური მუშაობისათვის და ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებისათვის, რაც საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში აისახა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ავტონომიურ რესპუბლიკაში გარემოს დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობაზე.

„ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად გააქტიურება და ამ საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევა.

აფხაზეთის გარემოზე ზრუნვა, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების საერთო ამოცანა. ვფიქრობ ეს ის საკითხებია სადაც შევძლებთ თანამშრომლობას და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებული პოზიტიური როლი შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადის დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანით გარემოზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის შედგებზე. ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე.

„გარემოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია, რადგან ეს ჩვენი საერთო საგანძურია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა, რათა წინდაუხედავმა ნაბიჯებმა გამოუსწორებელი შედეგები არ გამოიღოს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის კუთხით ყველა იმ სტანდარტის ამოქმედების აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედებს. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ქართველი სპეციალისტების მხრიდან აფხაზებისათვის გამოცდილების გაზიარების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი, სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორი მინდია სილოგავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემები და სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა ენგურის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობას.

ვახტანგ ყოლბაიამ კმაყოფილება გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპორტის დადებით როლს შერიგების და ნდობის აღდგენის საკითხში.

„ეს არის უდიდესი პოტენციალის მქონე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საკითხში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროექტის განხილვაში და ამ საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც იქ დარჩენილი მოსახლეობა დგას. აღინიშნა ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ტრადიციულად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, ამიტომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის დაავადებებისა და მავნებელი მწერების გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზიანდა თხილისა და ციტრუსის ნარგავები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა.

ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწეული პროდუქციის საერთშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აგრარულ პროექტებში უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.