აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პატივი მიაგო ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია  იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 25 წელი გავიდა.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ვეკუების ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   დევნილთა  საქმეების დეპარტამენტის  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების და  დევნილთა განსახლებისა  და სოციალური დაცვის  განყოფილების  საჯარო მოხელეებმა  ჰუმანიტარული  დახმარება გაუწიეს  მცხეთის რაიონში  მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ვეკუების ოჯახს. განყოფილებების  ერთიანი ძალისხმევით შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში" პრეზენტაცია გაიმართა.

პროფესორ მალხაზ ბარამიძის ნაშრომი მრავალწლიან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა და საფუძვლად 1976-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გათხრილი სრულიად ახალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები უდევს. ნაშრომში სრულადაა მოცემული და გააზრებული ყველა კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები, განძები, საკულტო ობიექტები და სხვა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერის ოჯახის წევრები  და მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების საჯარო მოხელეებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწი

მიმდინარე წლის 27 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობაში შედგა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  ხელმძღვანელობის სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ყოლბაიასთან.  შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც. მთავრობის თავმჯდომარეს  მიეწოდა ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საკითხებზე, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის  მთავრობაში  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ეხება  აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების საკითხს.

როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ განცხადა - „ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს  კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას  სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად  და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს.  ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, საჭიროა მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნა აღმოსავლეთ კავკასიონზე, როგორც მწვერვალის შესარჩევად, ისე, გარკვეული კატეგორიის სირთულის ასვლის გზის დასადგენად. მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მწვერვალის დამლაშქვრელთა მასობრივი მოზიდვისა და დაინტერესებისათვის. ვფიქრობ შესაბამის ვადებში ყველაფერი მოესწრება და ეს არაჩვეულებრივი პროექტი წარმატებით განხორციელდება.  მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.

მოქალაქის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შედგა ზეპირი მოსმენა

მიმდინარე წლის 27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის წარმომადგენლობებში  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი)  პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების  ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 8 მაისის  (ოქმი №35)  დადგენილების გაუქმებისა და  მოქალაქე ხ.ჯიკირბასთვის  1993 წლამდე ქ.ოჩამჩირის რაიონ სოფ. აძიუბჟაში  მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. სხდომაზე   შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  მოსმენილ იქნა  მათი პოზიცია,  მოწმის სახით დაბარებულ პირთა    ახსნა-განმარტებები.

დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელახალი განხილვის მიზნით ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო მოქალაქის ადმინისტრაციული საჩივარი დაუბრუნდა  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა  ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას”.

ქ. ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შენობის სახურავზე თოვლის შემაკავებელი პანელები დამონტაჟდა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I შესახვევი №13-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის  შენობის სახურავზე თოვლის შემაკავებელი პანელების მონტაჟი.

სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საანგარიშო კონცერტი გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე შესრულდა ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები, ასევე აფხაზური და ქართული სიმღერები.

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამა ,,თანაბარი შესაძლებლობები-თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 25-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ექსკურსია მოუწყო. დღის განმავლობაში მოზარდებმა დაათვალიერეს ანანურისა და შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსები და ბაზალეთის ტბა.


პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყო კვებით. ექსკურსიის ბოლოს ყველა მოზარდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. 
პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, ჯანმრთელობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ხიდი თბილისსა და სოხუმს შორის

განკურნების იმედით გადმოკვეთილი დე ფაქტო საზღვარი და ოკუპირებული აფხაზეთიდან უფასო მკურნალობისთვის ჩამოსული პაციენტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე  მივლინებით იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილა  წარმომადგენლობისათვის  საოფისე ფართის  შერჩევის საკითხი. სამუშაო შეხვედრების პროცესში  დაათვალიერეს რეგიონში რეგისტრირებული  დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები, შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო  მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს  დაიგეგმა კონპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის  გზები.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის დასკვნითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია" დასკვნითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, დათა გულუას მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი,  პოეტი ლაშა  გვასალია, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მარინა თექთუმანიძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე ირმა ირემაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი დარიკო ფიფია, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა, პოეტი მაია მიქაია და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი ეტი მესხია.

საღამოზე კონკურსის ლაურეატებმა და პრიზიორებმა: ქეთი  ნაჭყებიამ, გიორგი ბალახაშვილმა, ზაზა სუყაშვილმა,  ბექა ახვლედიანმა, ივდით  კვიტიამ, ვენერა ქალდანმა   წაიკითხეს თავიანთი საკონკურსო ლექსები, ხოლო ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დათა გულუას ლექსები. შესრულდა მეგრული და ლაზური სიმღერები. ბაკურ გულუამ დათა გულუაზე დაწერილი ლექსისათვის ვენერა ქალდანს ოჯახის პრიზი გადასცა. კონკურსში გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

შვეიცარიაში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები ყვავილებით შეამკეს

2018 წლის 21 ივნისს შვეიცარიაში მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ჟენევასა და ლოზანაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები მოინახულეს  და  ყვავილებით შეამკეს.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, არზაყან ემუხვარის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი  თავმჯდომარე) შთამომავალი ნატო მარშანია.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ სადაც დიდი ხნის განმავლობაში  ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მათ შვეიცარიაში გაატარეს. დაკრძალულნი არიან: ნიკოლოზ ჩხოტუა - ქ. ჟენევა, Communa Bardonnex - Commanderie de Compeieres; ზურაბ ჩხოტუა - ქ. ლოზანა, Prilly, Vaud, Cimetiere communal Chretien.

ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუა წლების განმავლობაში ჩამდგარი იყო მალტის ორდენის დიპლომატიურ სამსახურში. ის, ოჯახთან ერთად, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა და, როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. ნიკოლოზ ჩხოტუას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან - გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის ოჯახთან და იმ დროის სხვა ცნობილ ადამიანებთან.

ზურაბ ჩხოტუა გასული საუკუნის 50-იან წლებში ასრულებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი საქართველოს საფრანგეთში მყოფი დევნილი მთავრობის არაოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების" ქართული რედაქციის დაარსებაში. ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი ჰქონოდა ამერიკული მთავრობის ეგიდით შექმნილ „თავისუფალი ევროპის კომიტეტში". ზურაბ ჩხოტუა, ცივი ომის პირველივე წლებიდან იდგა საქართველოს პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობის საწყისებთან. პირადად იცნობდა აშშ-ის იმ დროის სახელმწიფო მდივანს დინ აჩისონს და ამერიკული პოლიტიკური ელიტის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებს.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი გაიმართა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 44-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო.

საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის, მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაგმეს ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადმოცემა. მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან.

მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს მოსკოვის მიერ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების მუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების ეტაპობრივად გაყვანა და იქ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. 

მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო.

განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება. საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა  აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებების მორიგი 45-ე რაუნდი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინიციატივით , ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ( ლაღიძის # 4 ) საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

  2018 წლის 21-22 ივნისს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინიციატივით , ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა ახალ ჩასახლებაში ( ლაღიძის # 4 ) საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ორდღიანი იყო და წრიული სისტემით ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 60 მდე მოზარდმა. პრიზები დააწესეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა. საჩუქრები შესაბამისად გადაეცათ ტურნირის ბომბარდირს გიორგი სირგინავას და გამარჯებული გუნდის - „დიოსქურიას „ კაპიტანს. ტურნირის მონაწილეები და მათი მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში. შეჯიბრებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მინიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომშიც გეგმავენ დევნილი ახლგაზრდების მხარდაჭერას და ლეგიტი მურ ხელისუფლებასთან ერთად აქტივობების განხორციელებას.