აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

14-15 სექტემბერს ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მეფუტკრეებისათვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმრო ,,სიმპატია"-ს საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე წლის14-15 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგები მეფუტკრეებისათვის თემაზე -,, დედა-ფუტკრის გამოყვანა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება, დაავადებათა კონტროლი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეფუტკრეებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები ჩეხეთის რესპუბლიკიდან: Jiri Zigal და Zdenek Klima. 


ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპეციალისტებმა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან.

ქ. წყალტუბოში ქალაქის დღესასწაული - „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა.

2016 წლის 12 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში  ქალაქის დღესასწაული - „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები, ყვავილებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების, გამოფენა. ბაღებმა და სკოლებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი გასართობი  პროგრამა, ცეკვის სტუდიამ და სამუსიკო სკოლამ საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ღონისშიებაში აქტიურად ჩართული იყო ქალაქში მცხოვრები დევნილი საზოგადოება, ბავშვები, რომლებიც ღონისძებებში იღებდნენ მონაწილეობას.  სპეციალურად მოწყობილ აფხაზეთის ფაცხაში გამოფენილი იყო დევნილ ბავშვთა ნამუშევრები, მსურველებს შეეძლოთ მეგრული კერძების დაგემოვნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა.

დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა დაბა ბორჯომში განსახლებულ დევნილებთან

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და  თანამშრომლები გიზო თორდია, დალი კენჯია და ნანა ნაჭყებია, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები დავით ძალამიძე და ვალერი ბედენაშვილი  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დაბა ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლის მიზნით.

       ბორჯომში რეაბილიტირებულია ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, რის შემდეგ  მოხდება აღნიშნულ კორპუსში 64 დევნილი ოჯახის ჩასახლება.

    სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდნენ დაბა ბორჯომში ორგანიზებულად ჩასახლებულ აფხაზეთიდან ი.გ.პ-ებს, ადგილზე გაეცნენ მათ საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურთან ერთად დასახეს საჭირბოროტო საკითხების, კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტის გზები.

საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები“ გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები" გაიმართა. სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებლებმა - ბეჟან ხორავამ, დაზმირ ჯოჯუამ, ქეთევან პავლიაშვილმა, ზაზა წურწუმიამ და არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის, აფხაზური ისტორიოგრაფიის, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, 1992/1993 წლების ომის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე, დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პირობებში გახანგრძლივებული დევნილობისა და იძულებითი გადაადგილების სოციალურ, დემოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ პრობლემებზე.

კონფერენციის მონაწილენი დალოცა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. კონფერენციას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ კალოუბნის ქუჩაზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები ინახულა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ კალაუბნის ქ. #16-ში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო ცენტრში პაციენტები ინახულეს. ამჟამად იქ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ოთხი პაციენტი მკურნალობს, ერთ-ერთ მათგანს, ეთნიკურად აფხაზ მამაკაცს რამდენიმე დღეში ოპერაცია გაუკეთდება.

ოთხი სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარ მიზნობრივ სარეაბილიტაციო პროგრამას აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამით აფხაზეთიდან გადმოსული ძალიან ბევრი პაციენტი სარგებლობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისათვის.

„დღეს მოვინახულეთ აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტები; ერთი მათგანი ეთნიკურად აფხაზია, ოთხი კი ქართველი. აფხაზეთიდან ჩამოსულ მცირეწლოვან ბავშვებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ მამაკაცს რამდენიმე დღეში უკეთდება ოპერაცია, მის ძმას კი ორი დღით ადრე თავის არეში სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტი უკვე გაემგზავრა სოხუმში. მახარებს იმის აღნიშვნა, რომ აქ ყველა პირობაა შექმნილი პაციენტებისთვის, რომ მათ ნორმალურ გარემოში შეძლონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მახარებს ისიც, რომ ცენტრის სერვისი საუკეთესო სტანდარტით გამოირჩევა, რაც  სარეაბილიტაციო ცენტრის მუშაობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის საელჩოსა და თურქეთის მთავრობის სტრუქტურა „ტიკას". დღეს ამ ცენტრს ჩვენი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები უწევენ მეთვალყურეობას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით, საჭირო გახდება უფრო მეტი თანხების მობილიზაცია, რომ ყველა ბენეფიციარი დავაკმაყოფილოთ. აქედანვე ვხედავთ, რომ  ძალიან ბევრი მსურველი გვეყოლება, უკვე ძალიან ბევრი განაცხადი გვაქვს. მინდა ჩვენს ბენეფიციარებს ვუსურვო სიკეთე და ჯანმრთელობა. ჩვენ გახსნილი ვართ ყველასთვის. ჩვენ ძმებ აფხაზებს მუდამ შეუძლიათ იმედი იქონიონ, რომ  მათი ჯანმრთელობის პრობლემებზე ზრუნვას ცდას არ დავაკლებთ თბილისში და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, პროგრამა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მასში ჩართვა ოკუპირებლ აფხაზეთში მცხოვრებ ძალიან ბევრ პაციენტს სურს.

„ეს გახლავთ აფხაზეთის სამინისტროს მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ოთხი სხვადასხვა კომპონენტით არის წარმოდგენილი. ჩვენ ვემსახურებით კონკრეტულ სეგმენტს, წინასწარ მოკვლეული პრობლემატიკის საფუძველზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვთ ასეთი ტიპის სერვისის მიღება. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება. ვთანამშრომლობთ გალის რაიონში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრთან, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის მსგავსი ტიპის პაციენტებზე, რომლებზე ზრუნვაც ჩვენ სამინისტროს დაეკისრება. ვფიქრობ, ამ პროგრამაში უნდა მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზაცია, რომ მომავალ წელს უფრო მეტ ბენეფიციარს მივცეთ მკურნალობის საშუალება. ამჯერად პროგრამა  მიმდინარეობს ტატიშვილის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც რეგიონში უპრეცედენტოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. დღის განმავლობაში, ამ ცენტრში, 20-მდე ბენეფიციარი ღებულობს მომსახურებას", - განაცხადა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში კონკურსის „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, „მედია-პალიტრა"-ს , „რადიო -1"-ს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით საქალაქო დათვალიერება-კონკურსის „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი , აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ფინალში გადასულ მონაწილეებს სიგელები და სხვადასხვა სახის პრიზები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ ზიზი ანთელავას 80 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის დამსახურებულ ექიმს, სოხუმის სამშობიარო სახლისა და თბილისში ქალთა კონსულტაციის ექიმს ზიზი ანთელავას 80 წელი შეუსრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზიზი ანთელავას იუბილე მიულოცეს, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე  უსურვეს.

აფხაზეთის დამსახურებულ ექიმს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადასცეს და  საზოგადოებისათვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ვახტანგ ყოლბაიამ მაია ახალკაციშვილს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გადასცა

ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი ესწრებოდნენ.

მაია ახალკაციშვილის ნაშრომის თემა „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები" იყო.

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დააწესა.

დეპარტამენტის თავმჯდომარე ,,გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციას დაესწრო

2016 წლის 8 ნოემბერს სასტუმრო ,, რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  ,,გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაცია. ევროკავშირის მიერ შემუშავებული და დაფინანსებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილების და ადგილობრივი თემების სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, დანერგოს გენდერული მეინსტრიმინგი სამინისტროს და მის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე სხვადასხვა სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, რომლებიც მიმართულია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და  გაეროს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სახალხო დამცველის მოადგილე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნულ პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღეს   აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და მოწვეულმა დევნილებმა.

სამუშაო შეხვედრები იმერეთის რეგიონში განსახლებულ დევნილებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა, გიორგი ბულისკერია და სამმართველოს უფროსი რომან კოკაია მიმდინარე წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდნენ ქ. ქუთაისში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, მიმდინარე და აქტუალური საკითხების ადგილზე განხილვის მიზნით.

   წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ მშენებლობის ადგილი მოინახულეს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ახორციელებს.  წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს  მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია. კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას დავალებით, ქ. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაში შეხვდნენ ბატონ ვახტანგ ასლანიკაშვილს, მისი ოჯახის წინაშე მდგარი საჭიროებების შეფასებისა და მისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის მიზნით.

ვახტანგ ყოლბაიამ მაია ახალკაციშვილს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა

ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიპლომი გადასცა.

ამ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი  დიმიტრი  ჯაიანი  და  თელავის  ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი.

მაია ახალკაციშვილის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი აფხაზეთის თემატიკაზეა და მას ასე ჰქვია: „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის  წლეულს დააწესა. სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ მაყურებელი პრემიერაზე მიიწვია

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ მაყურებელს  ძმები გრიმების პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლის „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა შესთავაზა. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მოზარდები დაესწრნენ.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია, მხატვარი - მაია სხირტლაძე.

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა

 

ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი წარმოადგინა. კონცერტი ახალგაზრდა გამოჩენილი მუსიკოსის, ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.
კონცერტს დირიჟორი და კომპოზიტორი, აფხაზეთის კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე დირიჟორობდა.

სოლისტები იყვნენ: გიორგი ცაგარელი (ალტი), ქეთევან ქართველიშვილი (სოპრანო), ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), მაგდა ჭიჭიაშვილი (მეცო სოპრანო), გიორგი შარვაშიძე (ტენორი), გიორგი ბეროშვილი (ტენორი), გიორგი გოდერძიშვილი (ბანი). შესრულდა ფრანც შუბერტის მესა N6 და ზვიად ბოლქვაძის In Memoriam სოლო ალტის, ორკესტრისა და მამაკაცთა გუნდისათვის.

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით გამოჩენილი მუსიკოსის, ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

კონცერტში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი და სხვა ქართველი შემსრურებლები მონაწილეობდნენ.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა" პრემიერა გამართა

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა" ძმები გრიმების პიესის მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი „ბრემენელი მუსიკოსები" დადგა, რომლის პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია, ხოლო მხატვარი მაია სხირტლაძე.