აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის სააპლიკაციო ფორმების შევსება დაიწყო

ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16-ში, მე-3 სართულზე მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის სააპლიკაციო ფორმების შევსება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტთან ერთად.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის დინამოს თასის გათამაშება გაიმართა

თბილისის ზღვის კომპაქტურ დასახლებაში „ოქროს საწმისი" მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის დინამოს თასის გათამაშება გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი მოზარდი დაესწრო.

დევნილ ბავშვებს დინამო თბილისის პირველი გუნდისა და დუბლების ფეხბურთელები გიორგი ლორია, გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი, პატრიკ ვუო, ჩისკო, ვანო წილოსანი და არჩილ მესხი ესტუმრნენ.

თამაშის შემდეგ მოზარდებს დინამო-სტიაუაზე დასასწრები ბილეთები და ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი ბურთები საჩუქრად გადაეცათ.

თასის გათამაშება დინამო თბილისის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

პოლონური ორგანიზაცია „ევროპული განათლების პოლონური ფორუმის", ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც ქართველებთან ერთად რამდენიმე ქვეყნის 14-დან 19-წლამდე მოზარდები ჩაერთვებიან.

პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები მოზარდებისთვის ტრენინგ-კურს ჩაატარებენ. დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები და ასევე ვორქ-შოფები. პოლონელი, უელსელი, ქართველი, ესპანელი და იტალიელი ხელოვანები მონაწილეებთან ერთად შექმნიან ინსტალაციებსა და ვიდეო მასალებს, გამოიყენებენ თანამედროვე მეთოდებს ნამუშევრების შესაქმნელად. პროექტის დასასრულს კი ნამუშევრების გამოფენა გალერეა „ქრინიკაში" მოეწყობა. ეს გამოცდილება მოზარდებს მისცემს საფუძველს, შემდგომში თავად შექმნან საკუთარი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის მთავარი მიზანია შეცვალოს ახალგაზრდების აზროვნება გარემომცველ რეალობასთან მიმართებაში, ხელი შეუწყოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მათი ინიციატივების რეალიზებას და სამომავლო, მეგობრული ურთიერობის ჩამოყალიბებას.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამჟამად თბილისის ზღვისა და შაუმიანის კომპაქტურ ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოზარდები შეირჩნენ.

პროექტის დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ „Youth In Action" პროგრამის ფარგლებში და მისი ორგანიზატორები ასევე არიან ევროპული განათლების პოლონური ფორუმის და უელსის ორგანიზაცია „Valley Kids" -ი.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის „წყნარი ოკეანის ტიტანები" კინოჩვენებას დაესწრნენ.

საქველმოქმედო აქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განთლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით მოეწყო.

სოციალურად დაუცველი, 25-მდე დევნილი მოზარდი თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან შეირჩა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მსგავს აქციებს მომავალშიც განახორციელებს.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და კინოთეატრ „რუსთაველის" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანთა შვილები სათავგადასავლო ანიმაციურ ფილმის - „მონსტრების უნივერსიტეტი"-ის კინოჩვენებას დაესწრნენ. ბავშვს საჩუქრებიც დაურიგდათ.

აფხაზეთის მთავრობა მგავსი საქველმოქმედო აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტი, 2013 წლის 17 ივლისს მასმედიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად  აცხადებს:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად საკითხები მთავრობის სხდომაზე, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, რომელთა შემუშავება ხდება ყოველკვარტალურად. გამონაკლის შემთხვევებში საკითხი შეიძლება მთავრობის სხდომაზე გატანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ან აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით. ვინაიდან, აღნიშნული განცხადება არ განხილულა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას. ასევე აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. აღნიშნული განცხადება შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების პოზიციას. აქედან გამომდინარე მათ მიერ მთავრობის სახელით განცხადების გაკეთება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

ფესტივალი „არტ-გენი 2013“ -ის ფარგლებში აფხაზეთის დღე მოეწყო

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალი „არტ-გენი 2013"- ის ფარგლებში აფხაზეთის დღე მოეწყო.

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-მასალა, გამოფენილი იქნა ქართული კალიგრაფიული ნიმუშები შესრულებული ქვაზე, ტყავზე, ქაღალდსა და ფაიფურზე.

აფხაზეთიდან დევნილმა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მიწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩინეს აფხაზეთის მდიდარი კულტურული ტრადიციები. ფესტივალზე აჟღერდა ქართული და აფხაზური სიმღერები,  გაიშალა ტრადიციული აფხაზური სუფრა და სტუმრებს კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

არტ-გენის ფესტივალს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა დაესწრო.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და რესტორანი „ძველი სახლის" მხარდაჭერით ჩატარდა.

ფესტივალ „არტ-გენი - 2013"-ის ფარგლებში აფხაზეთის დღე კინოცენტრ „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით გაიმართა.

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები, რომელიც ინსპირირებული იყო მესამე ძალის მიერ, ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში ყოველთვის შავ ლაქად დარჩება. ამ დღეს, სხვისი მეოხებით, ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და სისხლი დაიღვარა.

სამარადჟამო დიდება გმირებს, რომლებიც ამ პროვოკაციას, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი შეეწირნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქ. როსტოვის ქართული ანსამბლის „კოლხიდას“ წევრებს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქ. როსტოვის ქართული ანსამბლის „კოლხიდას" წევრებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა. ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია, ანსამბლის ხელმძღვანელი ზაზა სულავა და ანსამბლის დამფუძნებელი გელა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ანსამბლის წევრები აფხაზეთიდან დევნილი რუსეთში დაბადებული ბავშვები არიან, რომელთა უმეტესობა საქართველოში პირველად იმყოფებოდა. შეხვედრა ემოციურ და თბილ გარემოში წარიმართა. საუბარი სამომავლო გეგმებს შეეხო, რომელიც კულტურულ სფეროში გაცვლით პროექტების განხორციელებას  ითვალისწინებს.

ანსამბლის წევრებს ქართულ-აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნი „გამზრდელი" და აფხაზეთზე შექმნილი სიმღერების კრებული საჩუქრად გადაეცათ. ასევე მიიღეს გამომცემლობა „არტანუჯის" მიერ საჩუქრად მოწოდებული აფხაზეთის შესახებ ღია ბარათების კრებული.

ქართული ანსამბლი ქ. როსტოვში 2010 წელს დაარსდა. მისი მიზანია საქართველოში გამართულ სხვადასხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, რათა როსტოვში მცხოვრებმა მოზარდებმა უფრო უკეთ შეისწავლონ ქართულ ხელოვნება და გაეცნონ ქართულ კულტურას.

აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს „ბომბორას პარკმა“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს მთაწმინდაზე „ბომბორას პარკმა" უმასპინძლა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

შ.პ.ს. „თბილისი პარკი" -ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით დევნილი მოზარდები სხვადასხვა ატრაქციონებზე უფასოდ გაერთნენ.

საქველმოქმედო აქციაში თბილისის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 25 ბავშვი მონაწილეობდა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში გენო კალანდიასთან და ვაჟა აზარაშვილთან შეხვედრა მოეწყო

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატებთან, პოეტ გენო კალანდიასა და კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ესწრებოდნენ.

საღამოზე გენო კალანდიას შემოქმედებაზე ისაუბრეს. ასევე, აჟღერდა ვაჟა აზარაშვილის პოპულარული სიმღერები ავტორის შესრულებით. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II ლოცვა-კურთხევით ცენტრის მიერ გამოშვებული წიგნი „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა" გადაეცათ.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრის ჭოლა კუკულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მხატვრის ჭოლა კუკულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ასევე, მოეწყო მისი ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია და პერსონალური გამოფენა. ჭოლა კუკულაძე გახლდათ ფერმწერი, გრაფიკოსი, ოფორტისტი, მოქანდაკე, ილუსტრატორი, საზოგადო მოღვაწე. ის წლების განმავლობაში ჯერ სოხუმის მთავარი მხატვარი, შემდეგ აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე იყო. მისი ფერწერული ტილოები არაერთხელ გამოიფინა თბილისში, მოსკოვში, კიევში, მინსკში, სანკტ-პეტერბურგსა და პრაღაში. ამჟამად ორი ფერწერული ტილო ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გალერიის ფერწერის ფონდში.

სამწუხაროდ, ჭოლა კუკულაძის საკმაოდ მრავალფეროვანი შემოქმედების დიდი ნაწილი აფხაზეთის ომს ემსხვერპლა, გადარჩენილი ნამუშევრების უმეტესობა კი სოხუმშია. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია და მხატვრის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბათუმში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქ. ბათუმში თამარისის დასახლებში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაია იმერეთისა და აჭარის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს და მათი პრობლემები მოისმინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებებში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც ეხება შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„ეს საკითხი მოგვარებადია და საჭიროა ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება," - აღნიშნა ბათუმში ყოფნისას ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიმ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში გამართა. ვახტანგ ყოლბაიამ წარმომადგენლობების ხელმძღვანელობისაგან დევნილ მოსახლეობაში არსებული პრობლემები მოისმინა. ქუთაისში შეხვედრისას გამოიკვეთა ის რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ქუთაისის მერიასთან და ადგილოლბრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით.

ზუგდიდში ყოფნისას, ვახტანგ ყოლბაიამ ჭითაწყარის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა, რომლებსაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულმა სახურავმა პრობლემები შეუქმნა.

დევნილთა პრობლემის გაცნობის შემდგომ გადაწყდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლობის დახმარებით უმოკლეს ვადაში სტიქიით მიყენებული პრობლემები გადაიჭრება და უახლოეს დღეებში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გალის რაიონიდან გადმოსული და აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთის სამეფოში გაატარებენ.

სოციალურად დაუცველი მოზარდები მოხალისე, ესპანურ ოჯახებში 2 თვის განმავლობაში იცხოვრებენ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთვებიან.

დევნილი მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და „FINSOL"-ი უზრუნველყოფს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობს. ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად დევნილი ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ატარებენ.

ბავშვები თბილისის აეროპორტიდან აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.