აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით დადგენილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება.
2017 წლის 9 თვის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების გამცემმა კომისიებმა 2 125 აფხაზეთიდან იგპ-ზე გასცეს 299 000 ლარის ოდენობის მატერიალური დახმარება.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 1 027 ბენეფიციარზე გაიცა 148 500 ლარი;
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 438 ბენეფიციარზე გაიცა 60 000 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 660 ბენეფიციარზე გაიცა 90 500 ლარი.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში არსებულმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიებმა პროგრამის ფარგლებში განიხილეს და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 32 ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დააფინანეს 21 331,57 ლარის ოდენობით.
იმერეთის, გურიის, წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 9 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 6 061.44 ლარი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის მიერ 12 ობიექტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგიანა 7 253 ლარი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 11 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 017,13 ლარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით
დასრულდა ქ. ქუთაისში, ს.ს „ქვიტირი“ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი კემპინგის შენობის ნაწილობრივ გადახურვა.
საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და მისი ნამუშევრების უმეტესობა აფხაზეთის თემატიკას ეხება. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოილოცეს და ღვთისმშობლის სადიდებელ პარაკლისს დაესწრნენ.
ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.
„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტები დალი კენჯია და ნანა ნაჭყებია.
ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი მისი მხარდამჭერები გახდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ოლიმპიადა წლეულსაც ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მის დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, სტუმრები უკრაინისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან.
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პროგრამისტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ამასთან, ოლიმპიადა ამავე ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის დასკვნით ნაწილზე ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები და შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ მონაწილეს კი საჩუქრად ილია ვეკუას თასი გადაეცა.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სახურავი ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში საცხოვრებელი ფართები იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა შენობის სახურავის დაახლოებით 20 მ/კვ ახლით შეცვლა, რომლის ღირებულება შეადგენს 794,40 ლარი (შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილი, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ.
2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მისი მამა, ბადრი გზირიშვილი კი აფხაზეთის ომში დაიღუპა.
წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტი საპილოტეა და მისი მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლა შეარჩია №55, №147, №31, №112, №157).
პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ახალგაზრდა. სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და დამზირ ჯოჯუა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს კითხულობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა და უფროსის მოადგილე ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური.
პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება მცირე კვლევა, რომელიც ორგანიზატორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ პროექტის განვითარების პერსპექტივები. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში კი გაისად აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება.
არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა მოეწყო. ხელოვანმა საზოგადოებას პორტრეტების სერია წარუდგინა, სადაც გადმოცემულია მრავალფეროვანი ადამიანური ემოციები. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება.
გამოფენა ფონდ „ევროარტის" და მისი პარტნიორი, ჰოლანდიური ფონდის „არტექოს" პროექტის „პროფილის ძიებაში" ფარგლებში გაიმართა. ფონდის ამავე პროექტის ფარგლებში იანვარში დაგეგმილია ამავე ექსპოზიციის გერმანიაში, ქალაქ მაკოვსკის გალერეაში გამოფენა.
გამოფენას არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. გამოფენაზე იმყოფებოდა ჰოლანდიურ ფონდ „არტექოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი დე გრააფი, რომელიც ჰოლანდიიდან სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ჰოლანდიური ფონდი „არტექო" მრავალი წელია ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა ევროპის მასშტაბით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და „არტექოს" ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის პრესტიჟულ გალერეებში.
„არტექოს" ორგანიზებით მოწყობილი თითოული გამოფენა 20 წლის წინ ომის იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის - აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა ინსპირირებული და ემსახურება აფხაზური კულტურის ნიმუშების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს. ტერორიზმი 21-ე საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. გარკვეული ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ, რაც არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება, და უფრო მეტიც, შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საფინანსო-საბუღალტრო და შესყიდვების მიმართულების თანამშრომელთათვის ტრენინგ-სემინარი თემაზე "სახელმწიფო შესყიდვები" და "საფინანსო საქმე და ბუღალტერია" ჩატარდა.
ტრენინგ-სემინარზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში განხორციელებული აუდიტის შედეგების შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციისა და შემდგომში დარღვევების პრევენციის საკითხები და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები განიხილეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
ტრენინგ-სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები უძღვებოდნენ.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა კი რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ თემაზე კომპოზიცია შეასრულა.
შემდეგ საღამო ილია ჭაავჭავაძისა და „საგურამოს“, რუსთაველისა და სხვა არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას ლექსთა კრებულის „საგალობლები უფლისთვის“ წარდგენით გაგრძელდა. ეს არის კრებული, რომლის გამოსვლას პოეტი საბედნიეროდ, მოესწრო, მკითხველისთვის მის წარდგენას კი ვერა. ამდენად, საღამოზე კრებულის გამოცემის სიხარულს მისი ავტორის არყოფნის სევდა გასდევდა. კრებულზე „საგალობლები უფლისთვის“ ღრმად და საინტერესოდ ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ, ხოლო საგალობლები წაიკითხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. როგორც საგალობლებზე, ისე ზოგადად გენო კალანდიას პოეზიის განუმეორებელ ხიბლზე, მის გამორჩეულ პოეტურ კრებულებზე "რექვიემი" და "ფესვები" ისაუბრა მწერალმა და კრიტიკოსმა მაკა ჯოხაძემ. მათ არაჩვეულებრივად თქვეს იმაზე, რომ „საგალობლები უფლისთვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც პოეტმა არაერთი წინასწარმეტყველური შესანიშნავი სტრიქონით გამოხატა, მათ შორის ამითაც: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.
გენო კალანდია მოიგონეს ასევე არნოლდ გეგეჭკორმა, თემურ შაშიაშვილმა და სხვ. საღამოს უძღვებოდა მამა ადამი (ახალაძე).საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, გენო კალანდიას ოჯახის წევრები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქვე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა რევაზ თავაძემ წარადგინა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი, რომელმაც ლისტის „სამგლოვიარო სვლა“ ციკლიდან „პოეტური და რელიგიური ჰარმონიები“ შეასრულა, რაც დამსწრეთა იმდღევანდელ განწყობასაც ეხმიანებოდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.
ამ პროგრამის ამოქმედების მიზნით, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები, ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ხელს შეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობასა და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.
მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.
პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.
მემორანდუმის ხელმოწერა განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.