გიორგი ძაძამია „ხარაგაულობა 2026“-ის სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,ხარაგაულობა 2026“ მიულოცა. სახალხო დღესასწაული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.
ღონისძიების დაწყებამდე, მინისტრმა ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ხარაგაულელი გმირების მემორიალს პატივი მიაგო და თაიგულით შეამკო.
,,ხარაგაულობა 2026-ის“ საზეიმო აღნიშვნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი საკუთარი ნობათით, ტრადიციებითა და კულტურული თავისებურებებით იყო წარმოდგენილი, ბავშვებისათვის მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, დღის ბოლოს კი ქართული ხმების კონცერტი და საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა. დაჯილდოების პროცესში მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, მიიღო მონაწილეობა.
სახალხო დღესასწაულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68 რაუნდი დასრულდა

2026 წლის 10-11 ნოემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების დასაწყისში ქართულმა მხარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მოლაპარაკებათა ფორმატის ფუძემდებლური დოკუმენტების შესაბამისად გაგრძელების მნიშვნელობას.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანა, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის სექტემბერში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელ პოზიციებზე რუსეთის მოქალაქეების დანიშვნის გამო, რაც საქართველოს განუყოფელი ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობას და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 69-ე რაუნდი 2027 წლის 16-17 მარტს გაიმართება.

ფარიკაობის ტურნირი „აფხაზეთის თასი“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში ფარიკაობის ტურნირი ,,აფხაზეთის თასი“ გაიმართა. შეჯიბრი აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდა.
გამარჯვებულები გოგონებსა და ვაჟებს შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში - U9, U11, U13, და გუნდურ ასპარეზობაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამ დისციპლინაში - ხმალი, დაშნა და რაპირა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთის სახელით 12 სპორტსმენი ასპარეზობდა.
შეჯიბრი 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ჯანსაღი ცხორების წესისა და ფარიკაობის პოპულარიზაციას ისახავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, თენგიზ ნასარიძეს მოუსმინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, თენგიზ ნასარიძეს მოუსმინეს.
 
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრთა წერილობით შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების განხორციელების შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების 2025–2028 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობასა და არსებულ ტენდენციებს.
 
სხდომის დასასრულს მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მიმართა და მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.
ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,ხიდი" გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქუთაისში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,ხიდი" გაიმართა. ექსპოზიციას დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა.

გახსნის ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე გური ბაქრაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებას გამოფენის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის აღდგენის პროცესში ხელოვნების, კულტურისა და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯგუფური გამოფენა ,,ხიდი" ფერწერის, გრაფიკის, აბსტრაქციის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. მასში ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს შორის ადგილობრივი მოსახლეობა, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ტურისტები და სხვა მოწვეული სტუმრები იყვნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის კულტურული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა.

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლის „შერისხულნი“ პრემიერა გამართა
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს ახალი სპექტაკლი ,,შერისხულნი" წარუდგინა. პრემიერას, რომელიც სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე შედგა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი დაესწრო.
 
,,შერისხულნი" გვიყვება ამბავს არასწორი მოლოდინით გამოწვეულ ტანჯვაზე; კაცზე, რომელმაც ღმერთის დაგვიანებული სამართლის მოლოდინში, თავი გაინადგურა.
 
სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით, გოგა ქაჩიბაიამ დადგა. მასვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა, ქორეოგრაფია კი - ნიკო ნანიტაშვილს. დასის შემადგენლობაში არიან ანა სოხაძე, კახაბერ ჭოლაძე, მარიამ კობახიძე, მერაბ შარიქაძე, ნიკალა ზაქარიაშვილი, ანა ხურციძე, ირაკლი მანაგაძე და კახა ჯოხაძე.
 
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გიორგი ჯინჭარაძე ბერლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბერლინში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.

გიორგი ჯინჭარაძემ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამების, მნიშვნელოვანი პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების ჩართულობით ხორციელდება და აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

,,განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ქართველ ემიგრანტებთან კომუნიკაცია, მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს და კიდევ უფრო გავაძლიეროთ კავშირი საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა იგრძნოს ყურადღება და იცოდეს, რომ სიშორის მიუხედავად მათი სამშობლოსთან კავშირი არ წყდება." - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღო მონაწილეობა

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღო მონაწილეობა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით, იოჰან სებასტიან ბახის არია და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემი შესრულდა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრებთან ერთად დაესწრო. დამსწრეებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის, კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოსა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.

აფხაზეთის კაპელასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, გორის ქალთა გუნდი და სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი; სოლისტები - იანო ალიბეგაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თორნიკე პაპიძე და გიორგი ჭელიძე.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს, ასევე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჰამბურგში ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო

მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბის ფილარმონიაში, ანსამბლ „შავნაბადას“ მეორე კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანსამბლ „შავნაბადას“ აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან ის ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენს ანსამბლს შესაძლებლობა აქვს, ასეთ მნიშვნელოვან დარბაზებში გამართოს კონცერტები. დღეს ამაყები ვართ, რომ მოვახერხეთ ქართული კულტურის კიდევ ერთხელ ღირსეულად გატანა ევროპაში. აფხაზეთის მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის, რომ ჩვენი ანსამბლები ასე მასშტაბურად წარდგნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენი მომავალი მხოლოდ ერთობაზე, მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე იქნება დამყარებული“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით მომზადებულმა ახალმა საკონცერტო პროგრამამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ ქართული და აფხაზური ფოლკლორის შედევრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მრავალხმიანი კომპოზიციები. ანსამბლთან ერთად მაყურებლის წინაშე მომღერალი ლიზა ბაგრატიონი წარდგა.

საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის განსაკუთრებული მრავალფეროვნება და ის საერთო კულტურული ფასეულობები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ  ისტორიასა და ტრადიციებს აერთიანებს. შესრულებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

კონცერტს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

თენგიზ ნასარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
 
მსმენელის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო კაპელა, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი წარსდგნენ.
 
საღამოს მიზანი პატრიარქისადმი მადლიერების, სიყვარულისა და მისი სულიერი მემკვიდრეობის პატივისცემის გამოხატვა იყო.
 
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.
განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გური ბაქრაძემ, აფხაზეთის საჯარო სკოლები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გური ბაქრაძემ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლები მოინახულა.

მინისტრის პირველი მოადგილე ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლებს, ასევე სენაკში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლასა და ჩხოროწყუში არსებულ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესს, დაათვალიერა სკოლების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო. სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისგან, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან ინფორმაცია მოისმინეს მათი საჭიროებების შესახებ და, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მოსაზრებები გაიზიარეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 13 საჯარო სკოლა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განაწილებული. აფხაზეთის საჯარო სკოლებში 2 351 მოსწავლე ირიცხება და 312 მასწავლებელია დასაქმებული.

გიორგი ჯინჭარაძე ბერლინში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბერლინის კონცერტჰაუსში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ, ქართულ-აფხაზურ ისტორიულ კავშირებსა და უნიკალურ ტრადიციებზე, ასევე შერიგების პროცესში კულტურული დიპლომატიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული ბრწყინვალე საღამო იყო, რომელმაც ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია. დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ქართული კულტურა ევროპის შუაგულში და ასევე ის, რომ აფხაზეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. წარმატებები მინდა ვუსურვო ანსამბლ „შავნაბადას“. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას და ჩვენი ანსამბლების მხარდაჭერას. ღონისძიების მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

„შავნაბადა“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს და ბერლინში, ჰამბურგსა და მიუნხენში კონცერტებს მართავს.

პირველი კონცერტი ანსამბლმა ბერლინში გამართა. მაყურებლის წინაშე „შავნაბადა“ დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით, ახალი მუსიკალური პროგრამით წარდგა. კონცერტზე ქართულ-აფხაზური, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების ტრადიციული, ხალხური მრავალხმიანი ფოლკლორული ნომრები შესრულდა.

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„შავნაბადას“ კონცერტს ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია, ბერლინის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებისთვის საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ახალგაზრდული ინიციატივების საპროექტო განაცხადებს არაუმეტეს 20 000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს. 

აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობასა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებებით:

ა) ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებისა და პრაქტიკული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ, სამოქალაქო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა;

დ) ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;

ე) ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების ხელშეწყობა;

ვ) ახალგაზრდების თანამშრომლობისა და მონაწილეობისათვის ერთობლივი და მონაწილეობითი პლატფორმებისა და სერვისების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა.

დაფინანსების მიმღებები არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ა(ა)იპ) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ), რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ახალგაზრდულ საკითხებთან.

საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე. ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე. 

ქალაქ ფოთში შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი ესწრებოდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, მასწავლებლები და სამინისტროს თანამშრომლები.
 
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის თემაზე საკუთარი გზავნილები მოამზადეს და აფხაზეთის, შავი ზღვისა და მშვიდობიანი მომავლის შესახებ სურვილები და სათქმელი გამოხატეს. მონაწილეებმა ასევე ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის მანიფესტს. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
 
ღონისძიების მიზანი შავი ზღვისა და აფხაზეთის უნიკალური ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობის წარმოჩენა, ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში გარემოს დაცვისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.
ლიტერატურული კონკურსი აფხაზეთიდან დევნილი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის „აფხაზეთი“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

კონკურსი II ეტაპად ჩატარდება და აფხაზეთის თემაზე პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობის, ნოველის ან მინიატურის) შექმნას ითვალისწინებს.

ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

კონკურსის გამარჯვებული პირველადგილოსანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელ კონკურსანტებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.

განაცხადები 15 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

მონაწილეობის პირობები, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კონკურსის დეტალური აღწერა იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე 

განაცხადები მიიღება ელექტრონულად:

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე

 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: meca@gov.ge